თემურ ალასანია: საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში (II ნაწილი)

Mar 28, 2014 22:45

თემურ ალასანია: საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში
(II ნაწილი)

- ურთიერთობის რა ახალ მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი თავად კიევსა და ყირიმს შორის, რადამ ყირიმის პარლამენტის დაშლის საკითხიც მიიღო, უკრაინის ახალი ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან. რუსი ექსპერტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ვარაუდები უკრაინის ფედერალურ თუ კონფედერაციულ მოწყობაზე.

უკრაინელმა ხალხმა უკვე დაანახა მსოფლიოს თავისი სიბრძნე, გამბედაობა, აუჩქარებელი გააზრებული საქციელი. ამიტომაც სთავაზობენ რუსეთს დიპლომატიურ, მოლაპარაკებით გზას. და ეს კიდევ ერთხელ წარმოადგენს მკვეთრ კონტრასტს იმ აღვირახსნილ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ ორგიასთან, რომელსაც ეწევიან რუსეთის ინფორმაციის წყაროები და რომელიც მიმართულია რუსი ხალხის ზნეობრივ გარყვნაზე და სისხლის სუნის მიჩვევაზე. ამიტომ მე მაინცდამაინც არ მივაქცევდი ყურადღებას რუს პოლიტოლოგებს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს, მათი პოზიცია მიუთითებს გახსნილობაზე და მზადყოფნაზე, განიხილონ ყველა რეალური და გამართლებული ალტერნატივა. მაგრამ მომავალი სახელმწიფოებრიობის მოწყობის რა ფორმაც არ უნდა იყოს შეთანხმებული, იგი უნდა გამომდინარეობდეს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებიდან, და შეესაბამებოდეს მათ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული თავისუფალი არჩევანის გზით მუქარისა და დატერორების გარეშე.

- კიევში რევოლუცია ახალი დასრულებული იყო, როდესაც ესტუმრეთ კიევს და ძალიან მალე რუსული აგრესია დაიწყო. ახალი მთავრობა, რომელიც სრულიად გამოუცდელია როგორ მართოს კრიზისი, რამდენად არის მზად, მინიმალური დანაკარგებით გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას?

ისტორიულად, რევოლუციურ მოვლენებს უცილებლად მოჰყვება გარკვეული სახელმწიფოებრივი სტრუქტურული ჩამოშლა, გაურკვევლობა, დაბნეულობა, რომანტიზმი და ეიფორია. გამონაკლისს არც კიევის რევოლუცია წარმოადგენს. მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების შენარჩუნება, მათი ახალი ფორმებით ჩანაცვლება და ახალი კადრებით დაკომპლექტება მოხდა საოცარი სისწრაფით. და რომ არა რუსეთის აგრესია, ახლა ჩვენ საქმე გვექნებოდა ფუნქციონალურ, ეფექტურ მთავრობასთან. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

მაგრამ, როგორც ხედავთ, პირველმა შოკმა გადაიარა. ამას ამტკიცებს იაცენიუკის, მთავრობის სხვა წევრების გამიზნული საქმიანობა.

რაც შეეხება დანაკარგს. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს არ უნდა ებრძოლო იდიოტს. იგი აუცილებლად ჩაგითრევთ ქვემოთ თავის დონეზე, და იქ მოგიგებს თავისი გამოცდილებით. ის რაც ხდება დღეს. რუსეთი ქვემოთ, ჭუჭყისაკენ ითრევს მთელ ცივილიზებულ სამყაროს და, სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში არავინ არ იქნება მოგებული.

- და ამ ყველაფრის ფონზე, დასავლეთის მხრიდან რა კონკრეტული ნაბიჯები დააკლდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს და ის ფაქტი, რომ მაშინ რუსეთის აგრესიის მიზანი სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილება იყო, დღეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის სკეპტიკოს პარტნიორებში? ქართულ მაგალითებზე დღეს ყველა წამყვან მედიასაშუალებებშია საუბარი, მაინც რა გაკვეთილი გამოიტანა დასავლეთმა აგვისტოს ომის შემდეგ და ჩანს თუ არა ეს უკრაინის კრიზისზე?

დასავლეთის პასუხი რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიის ანექსიაზე და დღემდე მიმდინარე ოკუპაციაზე იმდენად უსუსური, არაეფექტური, სიმბოლური და, სამწუხაროდ, არაგულწრფელი იყო, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო მათი დახასიათება თუ კრიტიკა.

მაგრამ კარგი უკვე ის არის, რომ ომის შემდეგ თავისი აფორიაქებული სინდისის დასამშვიდებლად მოგონილ ბევრ მითზე დასავლეთმა უკვე უარი თქვა. თეზისი კონფლიქტის მონაწილეთა თანაბარი პასუხისმგებლობის შესახებ, საჯაროდ იქნა უარყოფილი. ომის ინიციატორის სახელი, რომელიც აქამდე კეკლუცად იმალებოდა ან ჩურჩულით წარმოითქმებოდა დასავლეთ ევროპის დედაქალაქების მთავრობის მისაღებებში, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საჯარობას და მხილებას (სერიოზულმა ხალხმა ეს ადრეც იცოდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობიაო). აგრესიის მიზეზს, ანუ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის შეცვლის მიზანს დაერქვა თავისი სახელი და, ბოლოს და ბოლოს, მიეცა იურიდიული და მორალური შეფასება.

გარდა ამისა, უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის დაჟინებული და პირდაპირი მითითება უკრაინაზე, როგორც რუსეთის მომავალი აგრესიის მსხვერპლზე, არა მარტო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს პოლიტიკური წინასწარმეტყველების წარჩინებულ მაგალითებს შორის, არამედ გახდება სერიოზული ანალიზის საგანი იმ კუთხით, თუ რატომ არ იღეს ყურად ეს გაფრთხილება იმათ, ვისაც ავალია ასეთი საგანგაშო ინფორმაციის სათანადო ანალიზი და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი მოსალოდნელი აგრესიის წინაშე მოუმზადებლობისათვის.

- ბუდაპეშტის მემორანდუმი - რომელიც ბირთვულ იარაღზე უარს ათქმევინებს უკრაინას, როგორ შეიძლება აამოქმედოს ეს მემორანდუმი ამერიკამ, ბრიტანეთმა და მაშინ როცა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზეა მთელი მსოფლიო მოწადინებული, როგორ ვუმტკიცებთ ირანს იმ ფაქტს, რომ თუ მის სახელმწიფოებრივ მთლიანობას რაიმე საფრთხე დაემუქრა, გარანტი იქნება გაერო ან სხვა ქვეყნები? უკრაინის კრიზისის არასწორი გზით განვითარება და თუნდაც ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რამდენად გაზრდის ნიჰილიზმს დასავლური პოლიტიკის მიმართ?

ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი, ლისაბონის 1992 წლის ოქმი, ბირთვული იარაღის არგავრცობის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ე. წ. ნეგატიური გარანტიები, ანუ 1968 წელს სამი ბირთვული სახელმწიფოს მიერ გაკეთებული პარალელური განცხადებები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ), გაეროს წესდების VI და VII თავები, სხვა ასეთივე მიმართულების იურიდიულ ინსტრუმენტებთან ერთად, ქმნიდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებების მუდმივობის, შეუბღალაობის და ხელშეუხებლობის მყარ წარმოდგენას. რომელიც დღეს შეიძლება ილუზიად იქცეს.

ისტორიაზე დაყრდნობით, ვერ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ამან გამოიწვიოს მოულოდნელი, ძნელად მართვადი პროცესები გლობალური მასშტაბით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთა ლიგა თანაბარი ბრალით დაშალა რამდენიმე სახელმწიფოს აგრესიულმა საქციელმა და ამ აგრესიისადმი გულგრილობამ უმრავლესობის მხრიდან.

დაშლა გაეროს არ მოელის. რასაკვირველია, მე შორს ვარ იმისაგან, რომ ასეთი კატასტროფული მომავალი ვიწინასწარმეტყველო.

მაგრამ იმ პირობებში, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მუდმივად არის დაკავებული არამუდმივი ქვეყნების ტერიტორიების ძალადობრივი შეძენით, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზაციის ქმედითუნარიანობა გახდეს ნულის ტოლი და ორგანიზაცია შენარჩუნდეს მარტო როგორც მოგონება ან გაფრთხილება მომდევნო თაობისათვის, თუ როგორ გავუშვით ჩვენ ხელიდან ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შანსი. წყობისა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამართლიან, თანასწორუფლებიან საერთაშორისო ურთიერთობებზე, გაეროს ეგიდისა და ყოვლისმომცველი გარანტიების ქვეშ.

რაც შეეხება კორეას, ირანსა და სხვებს, ერთს ვიტყვი მკაფიოდ. საქართველოს 2008 წლის ომმა მისცა პირველი სუსტი იმპულსი და უკრაინის მოვლენებმა ათმაგად გააძლიერეს სახელმწიფოების მიერ სამხედრო კომპონენტების ახლებურად შეფასების ტენდენცია. საკუთარი უსაფრთხოების ნაციონალური დოქტრინები გადახედვას ექვემდებარება სწორედ ამ კუთხით. ამ მოვლენებმა ფუნდამენტური გადატრიალება მოახდინეს ან მოახდენენ იმაში, თუ როგორ აფასებენ საკუთარ უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლებრივ ქოლგას თავშეფარებული ქვეყნები; რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაეროს, ეუთოს გარანტიების შესახებ; რა ადგილი უკავია და რა როლს თამაშობს ბირთვული იარაღი, ან შეიარაღებული ძალები ზოგადად, სახელმწიფოს რეალური, და არა ფიქტიური, უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში.

პარალელურად, გაიზრდება დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიზანსწრაფვა ახალი რეგიონული სამხედრო ალიანსების შექმნაზე, და არსებული ალიანსების წევრობაზე.

და, აქედან გამომდინარე, NATO-ს წევრობა გახდება მთელი რიგი ქვეყნების რეალური პოლიტიკის პირველადი მიზანი.

- უკრაინის კრიზისის გავლენა საქართველოზე, რა შეიძლება შეიცვალოს და რაში ხედავთ ამ კრიზისის გავლენას, თუნდაც ევროატლანტიკური მიმართულებით ველოდებით გარღვევას? უკრაინის პროცესებმა დააჩქარა საუბარი NATO-ში ინტეგრაციაზე, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ეს ვარაუდები?

ჯერ ადრეა იმაზე ამომწურავად ლაპარაკი თუ რა ფორმას მიიღებს საერთო ნაციონალური ქართული დისკუსია. ასევე გაუგებარია, რა ძვრები ხდება და მოხდება უახლოეს მომავალში დასავლეთის კონცეპტუალურ მიდგომებში.

მაგრამ ერთი უკვე ნათელია. უკრაინის მოვლენებმა კონსოლიდაცია გაუკეთა ყველა თავისუფლებისმოყვარე ძალებს. წყალგამყოფი პატიოსან და არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს შორის, მართლა თავისუფალ და დამონებულ, დაჩმორებულ ერებს შორის გადის სწორედ უკრაინის მოვლენების მხარდაჭერაზე, აგრესიის მიუღებლობაზე და უკრაინელი ხალხის სამართლიანი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაზე.

ნათელია ისიც, რომ ქართველი ხალხი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ისტორიულ მისიას, გააკეთოს სწორი არჩევანი სიკეთისა და სიბოროტის ძალების შეჯახებაში და დადგეს სიმართლის მხარეზე. პასუხისმგებლობა არის თავისუფალი ადამიანის დამახასიათებელი თვისება. მონამ იცის მარტო შურისძიების გრძნობა.

რაც შეეხება საქართველოს დაჩქარებული ტემპით NATO-ში მიღებას, არ მგონია ეს განხორციელდეს. მიუხედავად სანქციებისა, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ჯერ კიდევ დიდია რუსეთის ჩრდილი, რომელიც ჰამლეტის მამის აჩრდილივით წყვდიადში ეახლება ამ ქვეყნების ლიდერებს და ახსენებს თუ ვისი გაზით თბებიან, ვისი საწვავით ავსებენ მანქანებს და ვისი მოპარული ფინანსებით ასულდგმულებენ საბანკო-საკრედიტო სისტემებს. სანამ რუსეთი რჩება გაზ და ბენზინგასამართ სადგურად, რომელიც ინიღბება სახელმწიფოს სახით, NATO-ში ახალი წევრების მიღების საკითხი დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული.

- საქართველოში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ და რა ახალი ეტაპი დადგა საქართველოში, როცა ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა?

თავისუფალი არჩევნები გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების საზოგადოებაში დამკვიდრების თვალსაზრისით. მაგრამ ეს არის დემოკრატიის პროცესის განვითარების მხოლოდ ერთი მხარე. ანუ მხოლოდ ერთი მაჩვენებელი. მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, მარტო არჩევნები არ არის საკმარისი სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. სანამ საზოგადოებები ვერ შეძლებენ შექმნან ინსტიტუციები, რომლებსაც ძალა შესწევთ გააკონტროლონ ქვეყნის პოლიტიკური მმართველი კლასი, ეფექტურად შეზღუდონ არაკანონიერი გადაწყვეტილებების დამანგრეველი პოტენციალი, ისინი მუდამ დარჩებიან სამოქალაქო არეულობის რისკის წინაშე.

დემოკრატული შეზღუდვებისა და გაწონასწორების სისტემის განუვითარებლობის გამო კარგავენ მოქალაქეები რწმენას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუტის ეფექტურობაში და ხელს უწყობენ საზოგადოების რადიკალიზაციას.

დემოკრატიის ნაირსახეობა ძირითადად წარმოიშვა 90-იანი წლების პირველ ნახევარში. „არჩევითი დემოკრატია“, „ჰიბრიდული დემოკრატია“, „ავტორიტარული დემოკრატია“, „კვაზიინსტიტუციური დემოკრატია“ და ა.შ. ყველა ეს ფორმა ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ მმართველ ელიტას შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ხალხის სურვილს, პრეფერენციებს და, თავის მხრივ, მასები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ მთავრობის გადაწყვეტილებებზე.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ორი საერთო კატეგორია - „ეფექტური“ და „არაეფექტური“ დემოკრატიები.

აქ შეთავსებულია ორი კრიტერიუმი. პირველი - თავისუფალი არჩევნები, როგორც მათ აფასებს Freedom House-ის ყოველწლიური კლასიფიკაცია . მეორე - მსოფლიო ბანკის მმართველი საბჭოს შკალა აფასებს ქვეყნის დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების რეალურ ეფექტურობას.

როგორც ამ ორი შეფასებითი კრიტერიუმის ანალიზი გვაჩვენებს, არჩევითი დემოკრატია შეიძლება დამყარდეს თითქმის ყველგან. მაგრამ მისი სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გადაეცემა ძალაუფლების საქმიანობის შედეგი ხალხის ხელში. ანუ რა სარგებელს ხედავს ხალხი.

ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ დემოკრატიული მთავრობა უნდა ემყარებოდეს საზოგადოების ჯანმრთელ ეჭვს და არა მის ნდობას. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იქ, სადაც მმართველობა ითხოვს და იღებს მოსახლეობისაგან განუსაზღვრავ, არაკონტროლირებად ნდობას, თუნდაც მცირე ხნით, უფრო დიდი ალბათობით ხდება ხელისუფლების უზურპაცია და ტირანული საწყისების გამოვლინება, ვიდრე სახელმწიფოებში, რომლებმაც შეიძინეს დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის ტრადიცია, იურიდიულ-კონსტიტუციური ფორმით მოახდინეს მისი კოდიფიკაცია.

ამ კუთხით შეფასებული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, განვითარების ემბრიონალურ სტადიაში მყოფი ერთეულია. მსაჯულები ჯერ დარბაზში არ დაბრუნებულან განაჩენის გამოსატანად.

მაგრამ მინისტრების თავბრუდამხვევი უვიცობა, მათი არაკომპეტენტურობა, მართვის საფუძვლების სრული იგნორირება, ეკონომიკური განვითარების საერთო შეჯამებული და კარგად გააზრებული ხედვის არარსებობა უკვე ცუდად შენახულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

აქ იძულებული ვარ მივუთითო დემოკრატიული არჩევნების ერთ ნაკლებად გაშუქებულ მხარეზე. კერძოდ, დემოკრატიამ შექმნა საზოგადოების კოლექტიური დასჯის ყველაზე ეფექტური ფორმა. როდესაც ამომრჩეველი ხმის მიცემის უფლებას (იურიდიული მონაპოვარი) არ აწონასწორებს ხმის მიცემის პასუხისმგებლობის (ეთიკური ნორმა) დოქტრინით, იგი სამაგიეროდ იღებს უვიც, აგრესიულ, შურისძიებაზე ორიენტირებულ, უხამს მთავრობას, რომელთანაც დემოკრატიის წესების სრული დაცვით უნდა ითანაარსებოს 4, 5 ან მეტი წლით, კონსტიტუციით დადგენილი დროით.

ახლა რამდენიმე სიტყვა მთავრობის კონკრეტულ საქმიანობაზე, ან უმოქმედობაზე.

ალბათ არავინ არ შემეკამათება იმაში, რომ საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში. ეს ისევე ელემენტარულია, როგორც ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგეთა წინა რიგებში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პირველი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომლითაც დღეს პუტინი ყოფილი რესპუბლიკების შებოჭვას ცდილობს. სასირცხვილოა, რომ საქართველოს ხმა სუსტად კი არა, საერთოდ არ ისმის სხვა სახელმწიფოების გვერდში. ჩვენი მთავრობის პასიური ხელშეწყობით, პუტინმა მიაღწია იმას, რომ სრული ნეიტრალიზაცია გაუკეთა თავის ყველაზე შეურიგებელ, აქტიურ და დამაჯერებელ კრიტიკოს სახელმწიფოს - საქართველოს.

ჩვენ, საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვეძლო უდანაშაულო მსხვერპლის მორალური ავტორიტეტით გაგვემყარებინა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ერთხმიანი დაგმობა.

ჩვენ შეგვეძლო, და ჯერ კიდევ არ არის გვიან, გამოვიყენოთ სიტუაცია კიევში იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ მსოფლიოს ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. გრძელდება ოკუპაცია. ქვეყანა ეხვევა მავთულხლართების ქსელში. და ა.შ.

რატომ არ იყენებს საქართველოს მთავრობა ამ უნიკალურ სიტუაციას, როდესაც რუსეთის აგრესიამ მოთმინების ფიალა აუვსო რუსეთის ყველაზე თავდადებულ მოკავშირეებსაც კი? რატომ არ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ აგვისტოს ომის მერე საქართველომ ნათლად მიუთითა შემდგომ მსხვერპლზე - უკრაინაზე; რატომ არ ვახსენებთ, რომ ჩვენ უკვე მაშინ ვაფრთხილებდით საერთაშორისო სამყაროს, რომ ეს იყო პირველი, ნაბიჯი რომელსაც მოჰყვებოდა სხვა ასეთი ნაბიჯები.

ის, რაც ხდება უკრაინაში, არის საქართველოს სცენარის ახალ პირობებში გამეორება. იგივე მოვლენების რიგი. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც წინ უძღვის ჯარის შეყვანას დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. იგივე რაოდენობის ჯარები. ტერიტორიების მითვისება. სიტუაციის არევა და აგრესიის გაღრმავება. გაიხსენეთ, როგორ ვითარდებოდა ომის წინა და შემდგომი მოვლენები ჩვენთან. როგორი მცდელობა იყო თბილისში სიტუაციის არევის ბურჯანაძის და სხვების მეშვეობით.

რაშია საქმე? როგორ აღმოვჩნდით ასეთ დაბეჩავებულ, ხმაჩაგდებულ სიტუაციაში? ნუთუ საქართველოს მთავრობას არ ესმის, რომ სამხედრო ძალის შეუზღუდავი ფორმით გამოყენებას ვერ შეეგუება ვერც მსოფლიო და ვერც, განსაკუთრებით, დასავლეთის საზოგადო აზრი? ნუთუ არ ესმით, რომ ასეთ კურსს, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ვერც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფოები ვერ გაამართლებენ? მაშ, რატომ ვეძებთ რუსეთის გასამართლებელ არგუმენტებს ჩვენ, მათი აგრესიის პირველი ობიექტები? რატომ არ ვუცხადებთ სრულ, ცალსახ და მყარ მხარდაჭერას გმირულ უკრაინელ ხალხს? რატომ არ ვიყენებთ შექმნილ სიტუაციას ჩვენი პრობლემების კიდევ ერთხელ გამოსამზეურებლად?

ყველა ამ შეკითხვას მარტო ერთი ლოგიკური პასუხი შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს დღევანდელი მთავრობა ან არის პუტინის ყველაზე სასურველი მოკავშირე, ან ბრმად ასრულებს საერთაშორისო შტრეიკბრეხერის როლს. ყველა შემთხვევაში, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, თუ ვინ არის რუსეთის აგენტი? და აგენტი თუ არა, მათი ინტერესების გამტარებელი მაინც?

პუტინი ვერც კი ინატრებდა უკეთეს სიტუაციას, როდესაც საქართველოს პოტენციურად ძლიერი ხმა სრულიად ნეიტრალიზებული აღმოჩნდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად ყალიბდება მოვლენების წნეხით და ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ამ გარემოებების ფორმირებაზე, როგორც ეს იყო ადრე.

გარდა ამისა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის უნიათო და გეზს აცდენილი შინაგანი პოლიტიკის ანარეკლი. აიღეთ ნებისმიერი საკითხი. რას ვაკეთებთ, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის მიერ სასაზღვრო ზოლების მცოცავ ანექსიას? რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები?

ის, რომ გაეროს მისია აპირებს ანქვაბის მითითებებით და მასთან შეთანხმებით საქმიანობას, არის სკანდალური მოვლენა. და არა აქვს მნიშვნელობა, ხდება ეს საქართველოს მთავრობის ჩუმი თანხმობით თუ მათი წახალისებით. ორივე შემთხვევაში, ეს საქართველოსათვის საზიანოა და ექნება გრძელვადიანი დამანგრეველი ეფექტი. მე მეშინია, რომ მომდევნო თაობები ამას არ გვაპატიებენ.
ერთიც უნდა მივუმატო უკვე ნათქვამს. წინა მთავრობა ამას არაფრით არ დაუშვებდა.

მაგრამ ამ პრობლემებისათვის პრემიერმინისტრს დრო არა აქვს. იგი დაკავებულია ჩემი მხილებით. საკითხავია, სანამ ის ასე დაკავებულია, ვინ უნდა ამხილოს რუსეთის ნამდვილი სახე და მისი ფარული ზრახვები? ან არის კი პოლიტიკური ნება ამის გაკეთების? ეჭვი მეპარება.

ჩემი აზრით, ძალიან მალე მოვა დრო, როცა საზოგადოება უკან დაიბრუნებს უფლებებს მათგან, ვისაც არა აქვს წარსულის არავითარი გამოცდილება, აწმყოს არანაირი ექსპერტული ცოდნა და არავითარი პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ. მიუხედავად ამისა, მათ აბარიათ ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნა. სწორედ აქედან ხდება მათი დაბალი ხარისხის, გაუნათლებელი ანალიზების და კვაზიდოქტრინების ყოველდღიური ტირაჟირება და დამანგრეველი საქმიანობის ხოტბა-დიდება.

- სააკაშვილი იყო ჰიპერაქტიული პრეზიდენტი და მის შემდეგ საქართვლოს ჰყავს კონსტიტუციითაც რადიკალურად განსხვავებული საპრეზიდენტო მმართველობა და პრეზიდენტი.

ასეთები ყოფილა? კალიგულამ სენატში ცხენი შეიყვანა. ახლა ვითომ რითი არ სჯობია ცხენს მარგველაშვილი? ან ღარიბაშვილი? ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ორი ინდაური ერთ ცხენად ვერ გადაიქცევა. მით უმეტეს, ერთ ლომად.

- დაბოლოს, უშვებთ, რომ საქართველოს საზოგადოებაში, რომლის ძალიან დიდი უმრავლესობა NATO-ს და ევროკავშირის მომხრეა, შესაძლოა გაჩნდეს და გაძლიერდეს პრორუსული განწყობები?

იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი აქტიურად და, უნდა ვაღიაროთ, თავხედურად ღიად აწარმოებდა ჩვენთან ომისთვის მზადებას, საქართველოში თავი წამოყო ეგრეთ წოდებულმა მეხუთე კოლონამ. ანუ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული მომავალი მოეაზრება რუსეთთან ტანდემში, უმცროსი სატელიტის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ დროს ეს „მეხუთე კოლონა“ საქართველოში იყო მცირერიცხოვანი, ფინანსურად უძლური და საზოგადოებაზე რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ გავლენას მოკლებული. იგი ძირითადად შედგებოდა 50 წელს გადაცილებული, ასაკოვანი ქალაქის მოსახლეობისგან.

რადგანაც შევეხეთ „მეხუთე კოლონის“ ფენომენს, საჭიროთ ვთვლი, მოკლედ დავახასიათო ამ მოვლენის საერთო გენეზისი, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასაზრდოებელი ნიადაგი.

როგორც დაგვანახა I და II მსოფლიო ომების ისტორიამ, ისევე როგორც ზოგადად კოლონიალური პოლიტიკის პრაქტიკამ, გარე აგრესორები დასაპყრობი ქვეყნების შიგნით დასაყრდენს პოულობდნენ მოსახლეობის ყველა ფენაში, მაგრამ ძირითადად ჭარბობდნენ მეტროპოლიებში განათლებამიღებული კომპრადორული ზედა ფენიდან. ამ ფენის წარმომადგენლები, ერთი მხრივ, თავს თვლიან მეტროპოლიის კულტურის ნაწილად და, შესაბამისად, დამპყრობელი ქვეყნის ინტერესებთან მათი მსოფლმხედველობის გაიგივება ბუნებრივია. მეორე მხრივ, თავისი ყოფილი კეთილდღეობისა ან პრივილეგირებული მდგომარეობისათვის ისინი მთლიანად უმადლიან ისტორიას ჩაბარებულ გარემოებებს. გარდა ამისა, ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ანალოგიურ ადგილს ან მდგომარეობას ვეღარ იმკვიდრებს ახალ სიტუაციაში, რაშიც ბრალს სდებენ ახალ, ნაციონალურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით მოსულ მთავრობებს.
ამ კატეგორიის გარესამყაროსათვის მიღებული იმიჯი ჩვეულებრივად იქმნება პაციფისტური ტერმინოლოგიის გამოყენებით. გაძლიერებულია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით ჟონგლირება. სხვების არატოლერანტულობაში დადანაშაულება ხდება უნივერსალური ფარი ყველანაირი კრიტიკის დასაჩლუნგებლად. და ბოლოს, „მეხუთე კოლონა“ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პროფილის პროეცირებას, როგორც საზოგადოების ავანგარდის, რომელსაც, რასაკვირველია, თავისი პროგრესული განწყობის გამო, ვერ უგებს ჩამორჩენილი მოსახლეობა.

ქვეყნის შიგნით რაიმე სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, როგორც წესი, ამოფარებულია უკიდურესად პატრიოტულ-რელიგიურ რიტორიკას, თავის პოზიციას ამართლებს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის დაუოკებელი სურვილით. მაგრამ ყველა ასეთი დაჯგუფება ან პოლიტიკური პარტია ავტომატურად არ იქცევა უცხო ძალის აგენტად.

იმისათვის, რომ ეს საბოლოო ტრანსფორმაცია მოხდეს, საჭიროა „ეთიკური ვაკუუმის“ შექმნა და ამ სივრცეში მორალურ პასუხისმგებლობას მოკლებული ძალების ჩასახლება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხალხი, რომლებიც თავის თავზე იღებენ ამ სოციალურ დაკვეთას, არ თვლიან თავის ნაბიჯს ამორალურად და სერიოზულად მიაჩნიათ, რომ მათი გაკიცხვა შეუძლია მარტო გაუნათლებელ პროვინციალს, რომელსაც არა აქვს ისტორიული ხედვა, არ შესწევს ძალა „დადგეს მოვლენებზე მაღლა და სათანადოდ შეაფასოს მათი თავგანწირვა“.

აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოების უმრავლესობის, ჯანსაღი ნაწილის მიუხედავად, შესაძლებელია სერიოზული პრორუსული ძალების ჩამოყალიბება და მათი ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე აქტიური გამოსვლა.

ასეთი დასკვნის უფლებას მაძლევს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის, ხელოვანი და ინტელექტუალური ფენის ნაწილი რუსეთის შეფასებაში იყენებს ფორმულას „რუსეთი აგრესორია, მაგრამ იგი ჩვენი აგრესორია, მას ესმის ჩვენი, იცის ჩვენი ისტორია და უყვარს ზოგადად ქართველები“. შეცვალეთ ქართველები უკრაინელებით ან შემდეგი მსხვერპლის სახელით და მიიღებთ უნივერსალურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც, ამ რესპუბლიკებს აქვთ მარტო ერთი გააზრებული არჩევანი. ჯობია მოითმინო, თავი მოაწონო რუსეთს, უმღერო, უცეკვო, თავი შეაყვარო და შეარბილო მონობის უღელი.

უნდა გვესმოდეს ის, რაც გადასარევად გაიგო მაიდანმა - როცა საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რუსულ კულტურულ და პოლიტიკურ ელიტაში იყო და იქნება თითქმის სრული კონსენსუსი. რუსეთს უყვარს საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი - ქართველების, უკრაინელების და აზერბაიჯანელების გარეშე. (ამის სულ ბოლო დადასტურება იხილეთ პუტინის სახელზე მიწერილ რუს ხელოვნების მოღვაწეთა სიაში).

ზოგს მიაჩნია, რომ ძნელი დასაჯერებელია, ვითომდა რუსეთს სხვისი ტერიტორიები უნდოდეს. ეტყობა, ამ ადამიანებს ან არ ესმით ან არასდროს სერიოზულად არ შეუსწავლიათ რუსეთის პოლიტიკის და ნაციონალური მისწრაფების შემადგენელი. ავუხსნი მათ და სხვებს.

რუსეთს საქართველოს და სხვა ყოფილი რესპუბლიკების სიმპათია და სიყვარული არაფრად არ სჭირდება. რუსეთს აქვს იმპერიული პოლიტიკა და მას თანამიმდევრულად ახორციელებს საუკუნეების მანძილზე. დიპლომატიის ისტორიაში თქვენ ვერ მონახავთ რუსეთსა და მის მოკავშირეებს შორის ხანგრძლივი, თანაბარი და ღირსეული ურთიერთობების მაგალითს. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის რუსეთის მმართველი. როგორც ვნახეთ, პუტინი შეცვალა მედვედევმა და შეცვალა პუტინმა. არაფერი არ გამოიცვალა საქართველოს მიმართ. ანუ გამოიცვალა უარესობისაკენ, და არა მარტო ჩვენთვის. ეს მოხდა უკრაინისათვის, აზერბაიჯანისათვის და ა.შ.

ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. უნდა გავუფრთხილდეთ მონაპოვარს. ნუ მივცემთ ემოციებს საშუალებას, ძირი გამოუთხაროს საღ აზრს.

ესაუბრა რუსუდან ვაშაკიძე.

ოთხშაბათი, 26 მარტი, 2014 - 14:35

თვალსაზრისი, თემურ ალასანია, პოლიტიკა, საქართველო

Previous post Next post
Up