თემურ ალასანია: საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში(I ნაწილი)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. წლების განმავლობაში გაეროს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ტაბულას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, უკრაინის კრიზისზე, დასავლეთის როლზე უკრაინის პროცესებში და რუსეთთან დაპირისპირებაზე ესაუბრა.
- გადაწყვიტეთ დაგერღვიათ დუმილი და საჯარო განცხადებები გაგეკეთებინათ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ქართველი მაღალჩინოსნები ავრცელებენ თუ ქართული მედია წერს. თქვენგან განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით, „ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში“, - ამბობს პრემიერი. თქვენ აპირებთ, სარჩელი შეიტანოთ როგორც ნიუ იორკის, ისე თბილისის სასამართლოებში, და ღარიბაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამ გააღიზიანა პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც პირველი არხის ეთერში საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს კიევში და მოუწოდა უკრაინელ კოლეგებს, არ დაუჯერონ სააკაშვილის რჩევებს?
უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს მასობრივი ინფორმაციის წყაროების საშუალებით მიდის კამპანია, მიმართული ჩემი კეთილი სახელის შელახვაზე, ღირსების და პატიოსნების შეურაცხყოფაზე. ის, რასაც ამერიკულ პოლიტიკურ ჟარგონზე ჰქვია „პიროვნების პროფილის, ან სახის განადგურება“ (character assassination), რაც კერძო პირისადმი ჩადენილ მძიმე დანაშაულად ითვლება და, შესაბამისად, კანონით ისჯება.
როდესაც ამას აკეთებდნენ რიგითი ხელმოცარული, არშემდგარი და ნახევრად ჩამოყალიბებული ინფანტილური კერძო პირები, შეიძლებოდა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებების იგნორირება.
შესაბამისად, მე დიდხანს ვინარჩუნებდი მოთმინებას. მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს გონზე მოეგებოდნენ. მაგრამ მოხდა საპირისპირო. ჩემი თავშეკავება ყველაფერზე ნებადართულობის ინდულგენციად მიიღეს და სრულიად გადავიდნენ მორალურ, ეთიკურ და ზნეობრივ ზღვარს. იგონებენ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩემი ცხოვრების და შეგნებული საქმიანობის ძირითად მიმართულებას. გასაგებია, რომ მაგათი ხელობა ანუ ხელოვნება არის ტყუილი, ცილისწამება და პიროვნების შეურაცხყოფა ყველანაირი მდაბიური ელემენტების გამოყენებით. შესაბამისად, აქ არაფერი ჩემთვის ახალი არ არის. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემ მიმართ ეს ხალხი უკვე თავისი შედევრების შექმნის ზღვარზე არიან. ანუ მითოლოგიამ მიიღო სახიფათო და შემაშფოთებელი ფორმები. რა სამწუხარო და აბსოლუტურად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამ კამპანიაში ჩაება ქვეყნის პრემიერმინისტრი. მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, პრემიერმინისტრი პოულობს დროს და, რაც მთავარია, ხალისს, დაიწყოს ხარისხობრივად უფრო სასირცხვილო ცილისწამების, დაუსაბუთებელი ბრალდებების და შეურაცხყოფის კამპანია კერძო პირის მიმართ.
ჩემი მხრიდან სრულიად ლოგიკურია, ან მოვთხოვო მას თავისი ბრალდების დასაბუთება, ან ისიც მშვიდად მივაკუთვნო ზემოთ დახასიათებული ჯგუფის კატეგორიას, ნახევრად ჩამოყალიბებულ ინფანტილურ მატყუარებს. აქვე უნდა შევნიშნო, რომ არც ეს გამკვირვებია. რამეთუ მისგან უკეთეს არ ველოდი. ამის საფუძველს მაძლევს ჩემი დაკვირვებები მის „მდიდარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე“, ანუ ერთწლიან საქმიანობაზე.
მართალი გითხრათ, მე არ მინდოდა ასეთი დიდი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა საზოგადო მორალის ფუძე, ზნეობრივი იმპერატივი, სიმართლის და სამართლიანობის პრინციპების ერთგულება და, ბოლოს და ბოლოს, კანონის უზენაესობა. არ მინდოდა თუნდაც იმიტომ, რომ მათ არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა და მათი ზნეობრივი შემადგენელი. კეთილი, მაშინ გადავწყვიტე, გადავიდე იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით.
მოდით ობიექტურად შევხედოთ, რასთან გვაქვს აქ საქმე. მე არ ვარ პოლიტიკოსი. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ ჩავრეულვარ არც პოლიტიკური საკითხების საჯარო განხილვაში და არც მთავრობის გადაწყვეტილებებში მიმიღია მონაწილეობა. არასდროს არ მიმიცია რჩევა არც პრეზიდენტისათვის და არცერთი მინისტრისათვის ან სახელმწიფო მოხელისათვის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობასთან მიმართებაში ჩემი საქართველოში საქმიანობა შემოიფარგლება პრეზიდენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობით. და ასეთი პროგრამების ბოლო მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელსაც მე და ჩემი ამერიკელი მეგობრები აქტიურად ვუჭერთ მხარს.
მე მესმის, რომ პოლიტიკური ბრძოლის დროს საჯარო პოლიტიკურ დისკუსიაში ალბათ ასე თუ ისე ნებადართულია მძაფრი ტონი და ზოგიერთი გადაჭარბება. ისიც ხდება, რომ ხშირად ვერ ზომავენ და გადადიან საზოგადოებაში მიღებული საქციელის ნორმებს. ეს პირადი მანერების, პოლიტიკური ტემპერამენტის და, უბრალოდ, გემოვნების საქმეა. მაგრამ როდესაც ასეთი ფორმები გამოიყენება არა საჯარო, არამედ კერძო პირის მიმართ, აქ უკვე ერთვება შესაბამისი კანონი, რომელსაც აბარია ინდივიდუალური თავისუფლების, ღირსების და ხელშეუხებლობის დაცვა ზოგადად და, განსაკუთრებით, სახელმწიფო აპარატისა და ამ აპარატის წარმომადგენლებისაგან.
აქედან გამომდინარე, მე ვთხოვე ჩემს იურისტებს ნიუ იორკში, სერიოზულად შეისწავლონ ამ ბოლო წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია. ჩვენ აქ გვაინტერესებს თუ რამდენად კანონიერია ზოგიერთი გაზეთების, ტელეარხების და ცალკეული პიროვნებების საქციელი. ასევე გვაინტერესებს, რამდენად გამართლებულია იურიდიული თვალსაზრისით მაღალი თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი განცხადებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კერძო პირის მიმართ. ყველაფერ ამას განსაზღვრავს სასამართლო. ამიტომ მე გადავწყვიტე, შევიტანო პარალელური სარჩელები თბილისში და ნიუ იორკში ღირსებისა და პატიოსნების დაცვაზე. მე ვითხოვ საჯარო ბოდიშს პრემიერმინისტრისაგან.
მე ვითხოვ ბოდიშს იმ პირებისა და გაზეთებისაგან, რომლებიც დასახელებული იქნებიან ჩემს სარჩელში. ასევე ვინარჩუნებ უფლებას, მოვითხოვო სასამართლოსაგან მათი დასჯის სხვა ფორმებიც, ფინანსურიდან ადმინისტრაციულამდე.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოიწვია პრემიერის გაღიზიანება ჩვენმა უკრაინაში ყოფნამ, შემიძლია გამოვთქვა ჰიპოთეზა, რომ მას, როგორც ყველა ფანტაზიას მოკლებულ, მეწვრილმანე ადამიანს, აღიზიანებს სხვისი საქმიანობა, მიზანდასახულობა და ფართო პოლიტიკური და ჰუმანისტური ხედვა. ამიტომ საჭიროა ეს გააქილიკო, გალანძღო, მიზნების სიწმინდე ეჭვის ქვეშ დააყენო და საბოლოოდ ლაფში ამოავლო. საქმე დახურულია. დღის წესრიგი ამოწურული. შეიძლება კმაყოფილების გრძნობით განცხრომას მიეცე.
- უკრაინის პროცესები, ყირიმის რეფერენდუმი. ამერიკელი ჟურნალისტის ძალიან კონკრეტულ შეკითხვაზე, დაკარგულია თუ არა ყირიმი, ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეითსი და სენატორი ჯონ მაკკეინი პასუხობენ, რომ კი, ყირიმი დაკარგულია. ამ ეტაპზე ისინი სკეპტიკურად უყურებენ ყირიმის კრიზისის მოგვარებას. გაეროში რუსეთმა ისევ ვეტო გამოიყენა და რეზოლუცია ჩააგდო. საერთაშორისო თანამეგობრობამ სანქციები დაიწყო, კიდევ რა მექანიზმები დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უკრაინის კრიზისი არ გაღრმავდეს?
არა მგონია, რომ მაკკეინი ასეთი კაპიტულანტური პოზიციის მომხრე იყოს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი გეითსზე. ლაპარაკი მიდის შექმნილი ვითარების რეალურ აღქმაზე. ანუ ყირიმის ძალისმიერ ოკუპაციაზე და იმ იდიოტურ ეიფორიაზე, რომელიც ამ უკანონო მიტაცებამ გამოიწვია რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვათა შორის, მინდოდა მეთქვა უპრეცედენტო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პრეცედენტი უკვე შექმნილია... რუსეთის მიერ.
ყირიმის ბედს აქვს რამდენიმე შრე. სიტუაცია აქ ყალიბდება ხანდახან პარალელური და ზოგჯერ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სიბრტყეში ურთიერთგადამკვეთი კურსებიდან, რომლებიც გამორიცხავენ პრობლემის მარტივ, სწორხაზოვან და ერთჯერად გადაწყვეტას. პრობლემის საბოლოო მოგვარება იქნება შედარებით გრძელვადიანი, გააზრებული, შეთანხმებული, მრავალფეროვანი მიდგომის შედეგი. პროცესი აუცილებლად იქნება გაწელილი რამდენიმე ეტაპად. კონფლიქტის მოგვარების ყველა საფეხურზე დასავლეთს, უკრაინის ყველა მხარდამჭერ ქვეყანას, დასჭირდება სხვადასხვა ინსტრუმენტების ამოქმედება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო, საერთაშორისო იურიდიული, სავაჭრო და ა.შ. ანუ აგრესიისადმი პასუხი უნდა იყოს ყოვლისმომცველი, არა რეფლექსური, გააზრებული და დროში ზუსტად გაწერილი.
დასავლეთს და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ბევრად უფრო მეტი პოტენციური გავლენა რუსეთზე, ვიდრე თვითონ ჰგონიათ. მათ განკარგულებაშია ქმედითი ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ძვირად დაუსვან რუსეთს თავისი საქციელი და მიღებული საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა. საჭიროა ამ ინსტრუმენტების ინტეგრირებული და გეგმაზომიერი გამოყენება.
ერთს კიდევ დავამატებდი. ეს უნდა იყოს გაბედული, ინოვატორული, მტკიცე და თანამიმდევრული პასუხი. ანუ ყველაფერი ის, რაც არ იყო 2008 წლის ომის მერე.
ეს რაც შეეხება დასავლეთის შესაძლებელ პასუხს. ახლა თვითონ უკრაინის პოზიციაზე. უკრაინამ, ისევე როგორც საქართველომ, საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ რუსეთის დამპყრობლური ინსტინქტი ყოველთვის საშიშია. მაგრამ მისი პრაქტიკული ქმედება კიდევ უფრო საშიში იქნებოდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აგრესიული პოლიტიკა რომ ყოფილიყო მიზანდასახული და მტკიცე ამ მიზნების განხორციელებაში, პასუხისმგებლური, ინტეგრირებული თავის საქმიანობაში და არაკორუმპირებული განხორციელების სტადიაზე.
სინამდვილეში, რუსეთის არც საგარეო და არც სამხედრო პოლიტიკა არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. პირიქით, იგი ტოვებს მორალური დეგრადაციის ბოლო სტადიაში მყოფი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას და, როგორც ასეთი, შეუძლებელია იყოს მუდმივი საშიშროების წყარო.
ტერიტორიის დატაცებისათვის საჭიროა სულის სიწვრილმანე (რაც რუსეთს ყოველთვის უხვად გააჩნდა). მაგრამ მათ შესანარჩუნებლად - გონების სიდიადე (აქ იწყება რუსეთის დიდი პრობლემები).
იმისათვის, რომ უცხო ოკუპაცია იყოს ხანმოკლე, საჭიროა სხვადასხვა გარემოებები და მათი მთლიანობა. ამ გარემოებებზე საუბარი სხვა, უკეთესი დროისათვის გადავდოთ. აქ კი მივუთითებ ერთ, საინტერესო და ნაკლებად გაშუქებულ ელემენტზე - ნაციონალურ ერთობაზე.
თუ ქვეყანა, როგორც ამას თვლიდა ჯორჯ კენანი, დაახლოებით შემდეგი ფორმით წინასწარ განაცხადებს თავის უკომპრომისო პოზიციის შესახებ: „შენ (აგრესორო ქვეყანავ) შეგიძლია ჩვენ გაგვთელო, რასაკვირველია, თუ შენ იმდენად უგუნური ხარ, რომ ასეთი მცდელობა განახორციელო, მაგრამ შენ ვერაფერს ამით ვერ მოიგებ; ჩვენ შეგვიძლია გარანტია მოგცეთ იმისა, რომ არცერთი პრორუსულად განწყობილი მოქალაქე, ან ის ელემენტები, ვისი იმედიც შენ გაქვს, არ იქნება შენ განკარგულებაში; აქ შენ ვერცერთ ადეკვატურ უჯრედს ვერ იპოვი მარიონეტული რეჟიმის დასამყარებლად; პირიქით, შენ დაგიპირისპირდება მთელი ერის გაერთიანებული და კარგად ორგანიზებული სახალხო სიძულვილი; შენი ცხოვრება ჩვენ შორის არ იქნება შენთვის ბედნიერების მომტანი ან სასიხარულო; ჩვენ მწარედ გაწვნევინებთ ჩვენთან გატარებულ ყოველ დღეს; და ბოლოს, შენი აქ ყოფნა მოკლებული იქნება რაიმე დადებით გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივას“.
ყველა ის ქვეყანა, რომელიც მზადაა, ასეთი სიტყვებით მიმართოს მოსკოვს, უკვე იღებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას კრემლის პოტენციური შეტევის შემთხვევაში. შესაბამისად, ასეთი, ან მსგავსი შეურიგებელი პოზიცია სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იქნეს აღიარებული აგრესიის მსხვერპლი ყველა ქვეყნის მოსახლეობისათვის.
მე მგონია, რომ უკრაინა, 10-მილიონიანი ეთნიკურად რუსი მოსახლეობის მიუხედავად, დღეს უკვე მივიდა იმ დონემდე, როდესაც ზემოთ ციტირებული მანიფესტის უმეტესი ნაწილი ცალსახად გამოხატავს მის ნაციონალურ პოზიციას და შეუქცევად მისწრაფებას.
- ყირიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთმა მის მიერთებაზე გადაწყვეტილება მიიღო. რა პროცესებს უნდა ველოდოთ, რამდენად რეალურია აღმოსავლეთ უკრაინის გამოყოფა, გადაიხედება თუ არა ურთიერთობა პუტინთან, რა და როგორ შეიცვლება დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობაში, რა ახალი ეტაპი იწყება თანამედროვე პოლიტიკაში? დასავლეთის რეაქცია და განცხადებები საკმაოდ მკაცრია. რამდენად გააცნობიერა დასავლეთმა დღეს, რომ ევროპაში უსაფრთხოებას და მშვიდობას საფრთხეს სწორედ რუსეთი უქმნის?
ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთი დაკავებული იყო ჯერ ე.წ. სოციალისტური ბანაკის შენარჩუნებით, შემდეგ იმპერიის გადარჩენით, შემდეგ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მოვლა-პატრონობით, ამის მერე საერთაშორისო არენაზე დაკარგული მდგომარეობის აღდგენით და საბოლოოდ, ზესახელმწიფოს სახელის დაბრუნებით. სწორედ ამ სტატუსის დაკარგვასთან არის დაკავშირებული რუსული ელიტის ყველაზე დიდი ნოსტალგია. „საბჭოთა კავშირის დანგრევა - მეოცე საუკუნის უდიდესი გეოსტრატეგიული კატასტროფა“ და მსგავსი საღი აზროვნების შეურაცხმყოფელი განცხადებები.
ამ ძიებაში პოლიტოლოგებმა და სამხედროებმა სამუშაო ჰიპოთეზის სახით წამოსწიეს იდეა, რომ რუსეთს სჭირდებოდა „პატარა მომგებიანი ომი“.
გამოსცადეს რა დასავლეთის ტოლერანტობის საზღვარი საქართველოს მაგალითზე, უსუსურ და ძალდატანებით რეაქციაზე დაყრდნობით, რუსეთის მმართველი ელიტა მივიდა დასკვნამდე, რომ ომი, ზოგადად, სამხედრო ძალის გამოყენება, შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში არის ყველაზე უფრო ადვილი, ჩქარი, ეკონომიკური და შედარებით უსაფრთხო გზა დაკარგული პრესტიჟის აღსადგენად. გლობალურად თუ არა, რეგიონული მასშტაბით მაინც.
ამაში მდგომარეობს ახალი ეტაპი. ანუ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური კანონები უკვე შეტევის წინაშე კი არ დგანან, არამედ ფუნდამენტურად შეირყნენ და უგულებელყოფილნი იქნენ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-11 სტატიის და VII თავის მიხედვით, აბარია მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა. ამ შეხედულების დასასაბუთებლად საკმარისია ორი მაგალითი - სუვერენული წარმონაქმნების, საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ხელშეუხებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად აღებული ვალდებულებების აუცილებლობა.
ყველა საუკუნე იწყება ორჯერ. კალენდარულად და იმ დიდი მოვლენით, რომელიც სახეს აძლევს, უქმნის საერთო ნარატივს ყველა მომდევნო მოვლენას. მე მინდა სრულიად დავეთანხმო ყოფილი საგარეო მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის აზრს, რომ 21-ე საუკუნე დაიწყო საქართველო-რუსეთის ომით. ამიტომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა არა მარტო მოსალოდნელი, არამედ ლოგიკური გაგრძელება იყო, და მას მოჰყვება ბევრი სხვა „საქართველოები და უკრაინები“ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს ქმედით ზომებს. მე მხედველობაში არ მაქვს ის სასირცხვილო, სკანდალური „სანქციები“, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეს ამ დღეებში.
და ბოლო მოსაზრება. აქამდე არსებობდა ტერმინი „ვითომ ომი“, რომელიც აღწერდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის პირველი 6 თვის განმავლობაში. ახლა ჩვენ შეიძლება გავხდეთ მოწმე ახალი მოვლენის, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ვითომ სანქციები“.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ელჩების გაწვევა, G-8-იანის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა მაშინ იქნება ეფექტური, თუ მიიღებს გრძელვადიანი რეაქციის, ღირსეული პასუხის პირველი ეტაპის ფორმას, რომელსაც მოჰყვება მზარდი წნეხი მთელი ხელთ არსებული არსენალის გამოყენებით.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, პირველი - დასავლეთი გააცნობიერებს, რომ უსაფრთხოების და მშვიდობის საფრთხე მოდის რუსეთისაგან და მეორე, იქნება მზად, იმოქმედოს ამ საფრთხის სრულიად აღმოსაფხვრელად თუ არა, მისი დამანგრეველი პოტენციალის მაქსიმალურად შესამცირებლად.
სხვანაირად, ეს გათვითცნობიერება თავისთავად არაფერს ნიშნავს. ჩემს 45-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მე ეჭვი მაქვს, რომ ფინანსურმა და ეკონომიკურმა მოსაზრებებმა, მაძღარმა ცხოვრებამ სრულიად დააჩლუნგეს დასავლეთის ზოგადად და, განსაკუთრებით, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების იდეალიზმი, მათი თავდადება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. დარჩა ცალყბა მოწოდებები დემოკრატიის გაძლიერებისაკენ, რომლებიც უფრო შელოცვას ჰგავს, ვიდრე მგზნებარე სამოქმედო პროგრამას.
მაგრამ, დასავლეთის რეაქცია რუსეთის ბოლო სამხედრო ავანტიურაზე მაძლევს ერთგვარ იმედს, რომ ამჯერად საღი აზროვნება აჯობებს მერკანტილურ მოსაზრებებს. არა და ევროკავშირი დადგება რეალური რისკის წინაშე, მოხდეს მისი პოლიტიკური მარგინალიზაცია და, როგორც შედეგი, მისი გავლენის შემცირება.
- უშვებთ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენის შიშმა და რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციებმა, კრემლს თავის უკრაინულ გეგმებზე საბოლოოდ უარი ათქმევინოს? ადრე, ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანია შედარებით ლოიალურად გამოიყურებოდა რუსეთის მიმართ, დღეს, რამდენადაც ჩანს, საკმაოდ აქტიურია, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პუტინი სხვა რეალობაში იმყოფება, პუტინს დასავლეთში მოკავშირე აღარ დარჩა, მაგრამ გაეროში მაინც ახერხებს თავისი გაიტანოს. დილემა - რომლის წინაშე დღეს გაერო დგას, რა ალტერნატიული ნაბიჯები შეუძლია ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციას?
მოდით დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ რუსეთის აწმყო და, შეძლებისდაგვარად, ექსტრაპოლირება გავუკეთოთ ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ჩრდილოელ მეზობელთან.
დავიწყოთ ზოგიერთი ფაქტით. სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც რუსეთმა მოკლევადიანი მიზნების განსახორციელებლად მიიღო როგორც სამოქმედო გეგმა, მიუხედავად რამდენიმე ტაქტიკური გამარჯვებისა, მთლიანობაში ვერ ამართლებს იმედებს. დაპირებული კეთილდღეობა აღმოჩნდა მოკლევადიანი და ფართოდ დეკლარირებული ეკონომიკური ზრდა მუხრუჭების ხრჭიალით მივიდა ბოლო გაჩერებასთან, სადაც დიდი ხნით გაიყინა. თეზისი იმის შესახებ, რომ რაც უფრო მეტი ნავთობი გაქვს, მით უფრო ნაკლები პოლიტიკაა საჭირო - არ გამართლდა და გაზისა და ნავთობის საერთაშორისო დიპლომატიის ინსტრუმენტად გამოყენებამ, მოიტანა გამანადგურებელი პოლიტიკური შედეგები; სამხედრო „მუსკულების“ თამაშმა, NATO-ს ჩრდილო პერიმეტრის საჰაერო პატრულირების განახლებამ, გაუაზრებელმა ზეწოლამ პოლონეთზე და ჩეხეთზე, ასეთივე ზეწოლის მცდელობამ აშშ-ზე, საერთოდ, დასავლეთისადმი მუქარამ, და როგორც ამ საქმიანობის დაგვირგვინებამ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიამ, რუსეთის პოლიტიკის სერიოზული საჯარო უარყოფა გამოიწვია დასავლეთის საზოგადოებაში და მკვეთრად იქნა დაგმობილი სახელმწიფოებრივ დონეზე. რასაკვირველია, ჩავესის, ასადის და ჰამასის ღია მხარდაჭერამ ვითარება არ გააუმჯობესა, და სნოუდენისადმი გამოჩენილმა „ჰუმანიტარულმა“ აქციამ ეს სიტუაცია უიმედო გახადა.
პანიკით შეპყრობილი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ პოულობს რაციონალურ ახსნას, თუ რატომ გაიჭედა პირდაპირ სასტარტო პოზიციაში პრეზიდენტ ობამას მიერ შემოთავაზებული რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვა“.
არ არის გასაოცარი, რომ არსებული დაბრკოლებების სერიოზული, გაღრმავებული ანალიზის არარსებობის ფონზე, რუსეთმა მიმართა დროით ნაცად ხერხს და წარმოადგინა რუსეთი საერთაშორისო კონსპირაციის მსხვერპლად. მტრულ გარემოცვაში ეულად მებრძოლი „გმირი ერის“ ძველი ხატი ისტორიული მტვრისგან გაწმინდეს და მაღლა ააფრიალეს, რათა უკეთ დაენახვებინათ საკუთარი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის. მთავრობის ხელის მოსამსახურედ ქცეულმა პრესამ ეს მისთვის ჩვეული სცენარი აიტაცა და ახალი ემოციური ელფერით შეალამაზა. „უსამართლოდ დაკარგული რუსეთის მიწების შემგროვებლის“ ეპითეტი მისტიკური შარავანდედით ამკობს პუტინის სახალხო პორტრეტს. და ეს გარკვეულ შედეგს იძლევა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მიზეზი, ჩვენი აზრით, ისაა, რომ ქსენოფობია და ნაციონალიზმი არის შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც ტრადიციულად მალავდნენ რუსი ხალხის სიღარიბეს და მისი მმართველების კორუმპირებულობასა და აგრესიულობას.
რუსეთს, ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, არასდროს არ უცდია (და არც ახლა ცდილობს) თავის საზღვრებზე სტაბილური, დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოების სარტყელის შექმნა. უფრო მეტიც, რუსეთის იმპერიული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რეფლექსური რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, მაშინ უკარნახებდა ქვეყნის მმართველობას სრულ სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნები იყვნენ განვითარების მოდელის მუდმივ ძიებაში, ხასიათდებოდნენ არასტაბილური და პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი მდგომარეობით. ეს ქვეყნები, როგორც წესი, ან რუსეთის იმპერიის პერიფერიული ნაწილი იყვნენ, ან მყარად შედიოდნენ მისი ინტერესების სივრცეში, და მეტ-ნაკლებად მასზე იყვნენ დამოკიდებული. არსებული რუსული პარადიგმა გვასწავლის, რომ რუსეთი მით უფრო დაწყნარებული, წინასწარპროგნოზირებადი და თვითდარწმუნებულია თავის კეთილ მომავალში, რაც უფრო არეული და უპერსპექტივოა სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
აქედან გამომდინარე, საგარეო, სავაჭრო, სამხედრო და განსაკუთრებით სადაზვერვო პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ თუ ეს სიტუაცია ობიექტურად არ არსებობს, ის უნდა შეიქმნას ხელოვნურად. შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობა მიმართულია მეზობელი ქვეყნების ფუნდამენტის შერყევაზე, მათ დესტაბილიზაციაზე და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესის უვადო გაწელვაზე, თუ, რასაკვირველია, არ ხერხდება ამ პროცესის სრული შეჩერება.
პროპაგანდა რომ შეზღუდული ყოფილიყო მარტო დეკლარაციული პოლიტიკის ჩარჩოებით, იგი არ იქნებოდა ჩვენი ყურადღების ღირსი. მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის საგარეო პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა განიცდის ფუნდამენტურ გადასინჯვას ნაციონალური ინტერესების დოქტრინაში ძალისმიერი კომპონენტის გაზრდის კუთხით.
რასაკვირველია, „ძალა“ ამ შემთხვევაში განიხილება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და, ფაქტობრივად, მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სხვა კომპონენტებს.
ამ მხრივ დროა შევიგნოთ, რომ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენება არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ახალი ნორმატიული პარადიგმა.
ნათელია, რომ სამხედრო ძალის შეუზღუდავი ფორმით გამოყენებას ვერ შეეგუება ვერც მსოფლიო და ვერც, განსაკუთრებით, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი. ასეთ კურსს, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ვერც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფოები გაამართლებენ.
რაც შეეხება გაეროს და რუსეთის როლს ამ ორგანიზაციაში, თუ სერიოზული პრეტენზია გაქვს ლიდერობაზე, საჭიროა აჩვენო შენი პასუხისმგებლობის მაღალი კულტურა ისეთ გლობალურ პრობლემებთან მიდგომაში, როგორიცაა ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცობის პრევენცია, კლიმატური ცვლილებები და ა.შ. დროდადრო მოახდინო შენი მზადყოფნის დემონსტრირება ამ პრობლემების დაძლევისთვის თანამშრომლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა საქმით დაამტკიცო შენი საჭიროება და, ამავე დროს, აჩვენო ჰუმანური სახე.
პრაქტიკაში, ლიდერობის განხორციელების ორი გზა არსებობს: დეკლარაციებით და საქმით. ორთავე საჭიროებს კარგად ჩამოყალიბებულ კოორდინატთა ჩარჩოს, რომელიც ფესვებით ჩაზრდილია დემოკრატიულ ღირებულებებში, კანონის უზენაესობაში, ინდივიდუალური უფლებების პატივისცემაში, კულტურულ და რელიგიურ ტოლერანტობაში, საერთაშორისო სამართლის ფუძის გამაგრებაში და სხვა.
მაგრამ მარტო ერთ გზას მიჰყავხარ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ: მოიქეცი როგორც ერთ-ერთი მათგანი, რადგან ასეთი წევრობა არის არა პრივილეგია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა.
- როცა საერთაშორისო ექსპერტები უკრაინაში პროცესების განვითარების 5 სავარაუდო მოდელზე საუბრობდნენ: ყირიმი გამოეყოფა უკრაინას და გამოაცხადებს დამოუკიდებლობას; უკრაინამ ყირიმში შესაძლოა ძალა გამოიყენოს; რუსეთი ყირიმში ძალას გამოიყენებს; აშშ შეიძლება იძულებული გახდეს დაეხმაროს უკრაინას; ყირიმი რჩება უკრაინის შემადგენლობაში და რუსეთი პატივს სცემს მის ავტონომიას. ამ მოდელებიდან ყველაზე უარესი მოხდა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიტუაცია არ არის მარტივი და არ შეიძლება ჰქონდეს წრფივი, ერთგანზომილებიანი გადაწყვეტა. ანუ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ალტერნატივებიდან თითქმის ყველა არის შესაძლებელი როგორც განყენებულად, ასევე ურთიერთშეთავსებით. მაგალითად, ყირიმი უკვე გამოეყო უკრაინას უკანონო და არავის მიერ არ აღიარებული რეფერენდუმის საშუალებით. რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს - და, ჩემი აზრით, აუცილებლად გამოიყენებს - ძალა თათარი და უკრაინელი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისათვის. ამას რასაკვირველია წინ აღუდგება უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა. რა ფორმით? არ არის გამორიცხული ძალისმიერი საშუალებებიც. განსაკუთრებით, თუ აშშ და სხვა დასავლეთის ქვეყნები დახმარებას გაუწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე აღჭურვილობით, იარაღით, მრჩევლებით და სადაზვერვო ინფორმაციით. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა სცენარით გათამაშდება მოვლენები, არამედ მათი თანამიმდევრობა და მხარეთა ხელში არსებული არჩევანი კონფლიქტის გამწვავების ყოველ მომდევნო ეტაპზე. ამიტომ არცერთი ვარიანტი არ უნდა იყოს a priori მოხსნილი განხილვიდან.
(გაგრძელება შემდეგ პოსტში)