მუხრან მაჭავარიანი 80 წლისაა!
გილოცავთ!
ეს მუხრან მაჭავარიანის პირველი ლექსია, რომელიც მე წავიკითხე. მაშინ 12 წლის ვიყავი. მას მერე ყოველთვის, როცა მუხრანს ახსენებენ, ეს სტროფები ამოტივტივდება მეხსიერებიდან:
,,რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.”
ეს ლექსი 19 წლის მუხრან მაჭავარიანმა მწერალთა კავშირში წაიკითხა და სწორედ მან გაუთქვა სახელი.
საბა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
-ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
- რამ დაასველა?!
- რამ გათეთრა?!
- რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..
მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).
- რამდენს აფასება მაგ პატარას? - ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! -
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! -
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!
ეს კი, ჩემის აზრით, მუხრან მაჭავარიანის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ჩემი უსაყვარლესი ლექსია:
შენ, სისხლო ჩემო
შენ -
სისხლო ჩემო -
სად არ დაღვრილო…
შენ -
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი…
ხანძთა…
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია…
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია…
შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო…
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.