თბილისი - Тбилиси - Tbilisi

Nov 25, 2016 11:22

თბილისი, რომელსაც მთელი საქართველო ეტანება და სადაც ფაქტობრივად ყველა ცდილობს რაღაც მანქანებით დამკვიდრებას, დღეს ძნელად თუ წააგავს ტრადიციულ ისტორიულ და ტურისტულ ქალაქს. ქალაქი, რომელიც ერთ დროს "ქალაქელი" ვაჭრებით, ხელოსნებითა და წვრილი საქმოსნებით იყო დასახლებული და ეს ჩვენთვის უცნობი ხალხი, რომლებიც არც კი ვიცი რა ჯურისა იყო ან რა ენაზე ალპარაკობდა, ჩვენს ქალაქს თავის იერს სძენდა.

დღეს თბილისი სულ სხვაა, მას აღარ აქვს ის ფუნქცია, რომელმაც თბილისი/ტფილისი ქალაქად აქცია - აქ თითქმის აღარ არიან ხელოსნები, ვაჭრები (იმ დროინდელი გაგებით) და ქარხნების მუშები. სამაგიეროდ, დღევანდელ თბილისში, 21-ე საუკუნის ურბანულ სივრცეში, ბლომად არიან დაფეხვილი მეორადი მანქანების მძღოლები, რომელიც საერთოდ არ ზრუნავენ მგზავრზე ან კომფორტზე და მხოლოდ ფასზე წუწუნით დაგამახსოვრებენ თავს; ყველგან ნახავთ წვრილ გადამყიდველებს, რომლებიც თავს "მაღაზიის მფლობელებს" უწოდებენ და რომელთა მთავარი საქმე, აქვე თბილისის ბაზრობებზე ნაყიდის ძვირად გასაღებაა; თბილისი სავსეა გაუმაძღარი მევახშეებით. ისინი თავს "ბანკირებს" ან "მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს" უწოდებენ და ძირითადად სიხარბის კულტივირებითა და ამ გახარბებული ხალხის გაუბედურებით არიან დაკავებულნი' თბილისში ბევრნი არიან საშუალო და მცირე გაქანებისა რესტორატორები, რომლებიც ერთგვარად უგემურ და ძვირ საკვებს სთავაზობენ მოშიებულ სტუმარს. თან, მენიუც საკმაოდ სეზღუდულია: ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი, მწვადი, ქაბაბი...და საეჭვო წარმოშობის ღვინოები, რომლებსაც მისტიურ სიტყვას "ქარხნულს" უწოდებენ...დრევანდელ თბილისში ყველა კუთხეში შეხვდებით ძველი მანქანების რეანიმატორ-ჯადოქრებს - მანქანის ხელოსნებს, მსხვილი სპეკულიანტებს და ძალიან მსხვილი რანგის აფერისტებს, რომლებიც ლობიზმით, კავშირებით, ქრთამებითა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენელი კომბინაციებით, ცდილობენ წინსვლას საკარიერო კიბეზე. კიბეზე, რომელიც, როგორც წესი, გვამებითაა მოფენილი. ამ ყველაფერს კი ჩუმად ვუყურებთ ჩვენ, თბილისელები, რომელთა შემოსავალის კლება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მსხვილი აფერსიტების ჯიბეების გასქელებასთან...
Previous post Next post
Up