იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი მოხუცი. ყოველ დილა უთენიისას გამოდიოდა გარეთ, ჯდებოდა კიბეზე და ეძლეოდა უსიხარულო ფიქრებს:
„ ყოველი დილა ისე უცნაურად განსხვავდება წინასაგან,ფერები,განსაკუთრებით ფერები. ყველაფერი იცვლება ჩემი დღეების გარდა..ერთი დაუმთავრებელი დღე..არადა ადრე,დღე ისე ღამდებოდა,თვალის დახამხამებას ძლივს ვასწრებდი...ყველამ მიმატოვა...უფროსი შვილი, სადღაც ნევიკორკში ცხოვრობს... მომდევნო ტყუპები საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს,ერთი თოკიო,თუ ბაწარიოშია,მეორე კი სინდეიში...სულ უმცროსი..სულ უმცროსი არც კი ვიცი სად არის. სიბერე ძნელია მარტოობა კიდევ უფრო..მე კიდევ არა მიშავს,დედის საფლავს არვინ აკითხავს,გაზარდე ამის შემდეგ შვილები...ჩემს მარტოობას ერთი დადებითი მხარე აქვს მარტო,ყოველთვის ვიცი სად რა დევს...
..ერთგული მხოლოდ ჩემი სახლი აღმოჩნდა, სადაც არ უნდა ვიყო,სულ აქ დგას და მელოდება,როდის მოვალ. ოცდარვა წლის ვიყავი, ჩემი ხელით რომ ავაშენე ეს დალოცვილი. მაშინ ისეთი ვაჟკაცი ვიყავ,გოგოები ჩემს დანახვაზე გაინაზებოდენ,გაინაბებოდენ და არშიყობას იწყებდნენ,ყოველი სირცხვილი ავიწყდებოდათ...მე კი..მე კი, ავაშენე ეს სახლი და ჩემი გულის ოცნება შევიყვანე შინ. მახსოვს როგორ გაჩნდა ჩვენი უფროსი შვილი...დღეს კი ისიც ჭაღარაა და ისიც მიატოვა შვილმა...სად ცხოვრობს ?...მეხსიერება არ მივარგა...სადღაც დამბლინშიო...
....ნეტავი წერილს მომწერდეს ვინმე...თუ წერილი მიიღე,ესე იგი ვიღაცას მაინც ახსოვხარ და მარტოც აღარა ხარ. წერილი, ღმერთო ჩემო,ერთი წერილი და ჩემს ცხოვრებას აზრი გაუჩნდება...ვინმემ მაინც გამომიგზავნოს წერილი..რა იქნება ღმერთო,იქნებ წერილი მაინც მივიღო...“
ასე იჯდა და ფიქრობდა მოხუცი და არც იცოდა რომ ჯადოსნურ სახლში ცხოვრობდა...ისმინა სახლმა,ისმინა პატრონის გულისნადები და გადაწყვიტა აესრულებინა ოცნება ბებერი მეგობარისთვის. ალბათ გაოცდებით და იკითხავთ,კი მარა,მოხუცი გამოჩერჩეტდა და თავისთავს ხმამაღლა ელაპარაკებოდაო,თუ ფიქრების გამოცნობა ძალუძს სახლს?! რომ წარმოიდგინოთ რამდენია ნახევარი საუკუნე დამატებული თორმეტი წელი სამი თვე და ორი კვირა,გეტყვით რომ ეს 24909920 წუთია,სწორედ ამდენ ხანს იცნობდენ ერთმანეთს სახლი და მოხუცი.ამდენ ხანში კი,მარტო ფიქრების გამოცნობას კი არ ისწავლი,შენი გულისცემა წამი წამში დაემთხვევა მეგობრის გულისცემას...რა თქმა უნდა ბებერ სახლს ძალიან უყვარდა თავისი მოხუცი და გადაწყვიტა მისთვის წერილი მიეწერა...