რექვიემი

Jun 24, 2016 21:06

რექვიემი
ზურა ოდილავაძე
პარასკევი, 24 ივნისი, 2016 - 17:15

,,სიტყვა ,,მიქარიელი“ ორი ნაწილისგან შედგება - ,,მიქ“ - მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანა და ,,არიელი“ - რაც მოქალაქეთა უმაღლესი, ,,არიული“ რასისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს" - სიურრეალისტი გენო (,,ქართველების ექვსი ვნება")

მესაფლავეები გზას მიუყვებოდნენ. წვიმდა. ჭუჭყიანი ტილოებით გადახვეული სხეულები ფეხებს ძლივსღა მიათრევდნენ. დაწყლულებულ მხრებზე პირქვე ამობრუნებული კუბო გაედოთ. კუბოში სამშობლო ჩაეწვინათ. მიქარიელები მიქარიას მიასვენებდნენ.
პროცესიას ღიპიანი ბიძიები და სქელკისრიანი ახალგაზდები მიუძღვოდნენ. ხელში ხატები და მიქარიის ტურისტული ბუკლეტები ეჭირათ. გადაპარსული, მელოტი თავები წვიმისგან ულაპლაპებდათ. შემდეგ თმაგაშლილი დედაკაცები მოდიოდნენ. მათ აქეთ-იქიდან ახლო ნათესავები ამოსდგომოდნენ. ჭირისუფლები ცივი ხმით კიოდნენ. ოდნავ უკან გაპრანჭული, წითელ საცხიანი, ოქროებით დახუნძლული დეიდები მოგოგმანებდნენ. მკერდმოშიშვლებული ქალბატონები გზად უწმაწურ ანეკდოტებს ყვებოდნენ. კეკლუცი კისკისის დასაფარად შეშუპებულ სახეებზე ხელს იფარებდნენ. ბავშვებიც იყვნენ.

გამოკვეთილი წარბზედა რკალები. დამსკდარი ბაგეები. ადამიანების უმეტესი ნაწილი ლურჯ ლაქებს დაეფარა. თითქოს სულს ღაფავდნენ, მაგრამ პროცესია მაინც ჯიუტად წინ მიიწევდა. თავდაყირა დაკიდულ ქვეყანას უფსკრულისკენ მიათრევდნენ...

მათ შორის არაფერი იყო საერთო - სრული გაუცხოება სუფევდა, მხოლოდ ჩამყაყებული, ჩირქივით ჩაგუგებული ბოღმა აერთიანებდათ. კუჭი - საჭმლისგან დაცლილი, თავი - ფიქრებისგან, სხეული - ძალ-ღონისგან.

მიქარიელები მიქარიას ასაფლავებდნენ.

ტაძარს მიუახლოვდნენ. პირჯვრისწერა, ზეცისკენ ატრიალებული, მინაბული თვალები, ,,უფალო შეგვიწყალეს“ - ჩურჩულით. ეზოში შევიდნენ და შედგნენ. კუბო ტალახიან მიწაზე პირქვე დააგდეს. ეკლესიიდან შავ კაბაში გამოწყობილი ორფეხა მხეცი გამოვიდა. მას ნორჩი მიქაროსნები თავს ევლებოდნენ და ფუმფულა მტევნებს ულოშნიდნენ. მხეცმა მგლოვიარენი დალოცა. კუბო ეკლესიას სამჯერ შემოატარეს. ბოლოს, კედელს სამჯერ მიაჯახეს და სამარისკენ სვლა განაგრძეს. სამგლოვიარო პროცესიას წინ კაბიანი მხეცი წარუძღვა. დაგუდული ხმით სიმღერა წამოიწყეს:

მოდის ცეცხლი ზეციდან,
ღმერთი გვლოცავს ზევიდან.
ქეიფს ვიწყებთ დილიდან,
ვიქირავებთ დილიჟანს.

უქნარ- უქნარ, მიქარ- მიქარ,
მშიერ- მშიერ, ზღაპარ- ზღაპარ.
უფსკრულ- უფსკრულ გადახტი,
ნეტარ- ნეტარ გალაღდი.

მისამღერი:
არ იფიქრო, არ იდარდო - იძირება ინგლისი,
მიქარია გაბრწყინდება, დგება ჩვენი აისი!

ხალხის მასა ეკლის გალავნის დერეფანში წინ მიიწევდა. გზადაგზა განაპირა ტყიდან გამოსული მხეცები ბავშვებსა და მოხუცებს კლანჭებს ავლებდნენ და ტყეში იტაცებდნენ. მიქარიელები მსხვერპლს მხოლოდ თვალს აყოლებდნენ და მტაცებელთა უძლეველობას პატივს მიაგებდნენ.

მწერლები ამ ეპიკურ ლაშქრობას თავიანთ შემოქმედებაში ხოტბას ასხამდნენ. დასრულებულ, მორიგ საეტაპო ტომს მტვრიან თაროზე დებდნენ და ახალს იწყებდენენ. თითო წიგნში ავტორი გასამსჯელოდ ძეხვის კოლიესა და გოჭის კულონს იღებდა.

მრავალსაუკუნოვანი ქრონიკა შემდეგ სურათს გადმოგვცემდა: ერთბაშად მკვლელობა საკმაოდ შრომატევადი პროცესი უნდა ყოფილიყო; ამიტომ ქვეყანას ნაწილ-ნაწილ და თანდათან ღალატობდნენ, ყიდდნენ, ახრჩობდნენ, ხერხავდნენ, ანაწევრებდნენ და კუბოში აწყობდნენ; რაღაც მომენტში დროთასვლა აჩქარდა - მიქარიელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და ქვეყნის დასაფლავება გადაწყვიტეს; მესაფლავეებმა კუბოში ჩაწვენილი მამული კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩამოათვალიერეს, კუბო ამოატრიალეს, მხრებზე შემოიდეს და უფსკრულისკენ გზას გაუდგნენ.

...დასაფლავებამდე დაუსრულებელი სუფრა და მრავალსაუკუნოვანი პანაშვიდები ყოფილა. სუფრაო,- პირობითად თუ უწოდებდი - მაგიდაზე მხოლოდ წყალწყალა ღვინო, გამხმარი მჭადის ნატეხები, ლობიო და უხვად ნივრის მწნილი ეწყო.

საქმე? მომავალი დღისთვის შესასრულებელ საქმეებს ქაღალდზე წერდნენ, ნაირნაირ ნაგებობებსა თუ შენობებს, გზებსა და არხებს ხატავდნენ... საღამოსკენ კი, ყოველივეს, როგორც შესრულებულსა და აშენებულს, ისე შლიდნენ. დილით ისევ ოცნებობდნენ და ეს ფანტაზიები ფარატინა ფურცლებზე გადაჰქონდათ.

იყვნენ ასე მიქარიელები ბოღმისა და შურისგან მუდმივ დუღილში. ადამიანებს შიოდა, მაგრამ ხელს არავინ ანძრევდა. მხოლოდ ბელადებს ირჩევდნენ და მათ საამო დაპირებებს უსმენდნენ. ბელადთან განსაკუთრებით დაახლოებულები მას უკანალსაც ულოკავდნენ. მიქარიაში კერპების სჯეროდათ და ეთაყვანებოდნენ.

…მოულოდნელად განაპირა ტყე თითქოს გაიხსნა, ეკლის გალავანიც სადღაც გაქრა და მიქარიელების თვალწინ მომხიბვლელი მწვანე მდელო გადაიშალა. ჰორიზონტზე გორაკებს შორის კამკამა მდინარე მიედინებოდა. ზემოთ მზე, ცისფერი ცა, ადგილ-ადგილ თეთრი ღრუბლები. მგლოვიარეთაგან ოდნავ მოშორებით მშვენიერი ჭაბუკი იდგა და თხებს აძოვებდა. ბიჭს ხელში სტვირი ეჭირა და მომაჯადოებელ მელოდიას ასრულებდა. მოლზე უმშვენიერესი გოგონა იჯდა, თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინით. იქვე დიდი ბომბორა ძაღლიც თვლემდა.

ექვს ქათქათა თხას შორის, სიდიდით ერთი გამოირჩეოდა - ელვარე შავი მატყლი, უკან გადაღუნული გრძელი რქები. შუბლში კაშკაშა წითელი მინანქრის მრგვალი ბეჭედი ჩაზრდოდა, გაურვეველი წარწერით.

მწყემსმა გამვლელთ გახედა, ღიმილით თავი დაუქნია და დაკვრა განაგრძო. გოგო სიმღერ- სიმღერით წამოხტა და ყვავილების კრეფა დაიწყო. დიდი თაიგული მიქარიელებს მიართვა...

კაბიანმა მხეცმა იბღავლა, - ხალხნო, გაფრთხილდით - ანგელოზის სახით მოვლენილი ეშმა გამოგვეცხადაო და მარჯვენა ხელი ზემოთ აღმართა: ,,მიქარიელნო, სდექ! განვედ, სატანავ, განვედ!“. ძაღლი წამოხტა და კაბიან ორფეხა არსებას ღრენა დაუწყო. მან ჯოხი მოუქნია და დაიყვირა: ,,მიდით, ჩაქოლეთ!“.

მამაკაცებმა ქვები მოიმარჯვეს, ქალებმა ტალახის გუნდები. დიდი ალიაქოთი შეიქნა... ძაღლი განუწყვეტლივ ყეფდა. ბრბო წინ მიიწევდა... უცებ, ისევე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა, მდელო, ყვავილები, გოგო- ბიჭი... ყველაფერი გაუჩინარდა და კვლავ უღრანი ტყე გამოჩნდა. გზის განაპირას, ორივე მხრიდან ისევ ეკლის გალავანი აღემართა და კუბოიანი მიქარიელები კვლავ დერეფანში აღმოჩდნენ. მხეცს გახედეს. მან კაბა ჩამოიფერთხა და ხალხს წინსვლა უბრძანა.

მესაფლავეთა ერი განსაკუთრებით ერჩოდა გორაკებზე გადაჭიმული მდელოების ბინადართ. ასეთი ადგილები, კაბიანი მხეცების თქმით, როსკიპებისა და მამათმავლების სიუხვით გამოირჩეოდა. სწორედ მათში ხედავდნენ მიქარიელები ღვთიური რისხვის მიზეზს. კაბიან მხეცთა კასტის სწავლებით, მდელოელებიდან მიქარიელების მთავარი მონაპოვრის - სულიერების წართმევის უდიდესი საფრთხე მოდიოდა. ამ საკითხის გარშემო ირაზმებოდა ერი და ბერი, ამავე პრობლემას უძღვნიდნენ თავიანთ მხურვალე გამოსვლებს ბელადებიც.

ამასობაში, საკუთარი მნიშნელოვნებისგან გაბღენძილი პოლიტიკოსები, მონდომებით ფულს იპარავდნენ. მართალია, ბოლო დროს მექრთამეობა შემცირდა, სამაგიეროდ, ხელფასებმა არნახულად იმატა. წესითა და რიგით მოპარვა აღარც უნდა დაგჭირვებოდა, თუმცა ბევრი ჩინოვნიკი თავს მაინც ვერ იკავებდა და ხაზინას ქურდავდა.

ხალხი კი კვლავ გაჭირვებისგან წელში იხრებოდა და ტყდებოდა. პოლიციაც მხოლოდ უბრალო ადამიანს ერჩოდა - მას სცემდა, ნარკოტიკსა თუ იარაღს უდებდა და აპატიმრებდა. მართალი რომ ვთქვათ, არც მიქარიელები აკლებდნენ ხელს - მამაკაცები ერთმანეთს დიდი დანებით ჭრიდნენ ან იარაღით კლავდნენ, ხოლო ქალებს უმოწყალოდ სცემდენ, ხანდახან კი მათაც კლავდნენ. ამ უკანასკნელი დანაშაულისთვის სასჯელი მაინც ნაკლები იყო. აღშფოთებული მიქარიელები მიტინგებზე მრისხანედ მოითხოვდნენ, რომ პოლიტიკოსებს თუნდაც მდერდის ცემის ლეგალიზაცია მოეხდინათ.

ერთი მთავარი მქადაგებელი მხეციც ჰყავდათ - სახელად ,,ქათქათა პატრობერმუხა“. ის მუდამ ეროვნულ ფასეულობებს ახსენებდბა ხალხს. მისი მთავარი ფუნქცია ახალ-ახალი ზღაპრებისა და სიტყვებს გამოგონება გახლდათ. მაგალითად, ,,სულიერება“, ,,კდემამოსილება“,, ფერხთბანა“, ,,ხელზე მთხვევა“, ,,მიქარიის გაბრწყინება“ ,,ერთმორწუნე ძმა“, ,,მასონები“ და მრავალი სხვა.

ეკლესია ინახავდა ერის უმანკოებას, კდემამოსილებას, უბიწოებას, ნამუსსა და წესიერებას. მარხვა მკაცრი იყო და მეტანიები უხვი. სულიერი მოძღვრების მთავარი წიგნი მიქარიის დედაქალაქის ტაძრის ამბიონზე იდო - მას ვერავინ ეკარებოდა, არც წიგნში რა ეწერა იცოდნენ, არც აინტერესებდათ. აუცილებელი მხოლოდ კვირაობით ამ ფოლიანტზე მთხვევა იყო და ორფეხა მხეცის ხელზე ამბორი.

ხალხი სწავლების წიგნის შინაარსს მხეცების ქადაგებით ნაწილ-ნაწილ ეცნობოდა. როგორც კაბიანები განმარტავდნენ, წიგნი გაჭირვების მორჩილად დათმენას ბრძანებდა და იმიერი ცხოვრების ნეტარებას აღწერდა. დამატებით, მხეცები ერს აფრთხილებდნენ, რომ ყველა ვინც ამიერ ცხოვრებას ფუფუნებასა და განცხრომაში გაატარებდა, მათ ღმერთი ჯოჯოხეთში ჩაყრიდა. აქ კი ყველაფერი გამზადებული იყო - ჰეენის დიდი მატლიცა და აგიზგიზებული კოცონიც.

...ასე იყო თუ ისე, მიქარიელები მიქარიასთან ერთად უფსკრულისკენ ჯიუტად მიიწევდენ. რაში მდგომარეობდა თავად ხალხისთვის ამ შეუჩერებელი მსვლელობის აზრი? როგორც კაბიანების ქადაგებიდან ირკვეოდა, მხოლოდ უფსკრულში გადავარდნის შემდეგ შეძლებდა ადამიანი ჭეშმარიტ ბედნიერებასთან ზიარებას. ამ ნარატივს, ნაირნაირი ხატოვანი დეტალებით, ხალხიც დიდი გატაცებით იმეორებდა. გულის სიღრმეში კი მათ ისე ჰქონდათ მობეზრებული ეს მიქარიული უღიმღამო ყოფა, ისე მოსწყინდათ დედამიწაზე დუხჭირი არსებობა, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის გადაცვივდებოდნენ უფსკრულში და... იმქვეყნიურ ცხოვრებაში... ეგებ, მართლაც რაიმე სიხარული ენახათ. ცხადია, იმაზე უარესი და მომაბეზრებელი, რაც მიქარიაში იყო, იქ არაფერი დახვდებოდათ... ამიტომაც ისინიც შეუჩერებლივ მიდიოდნენ და წინ მიიწევდნენ.

უამრავი დღესასწაულის მიუხედავად, გარშემო ყველაფერს სიკვდილის ანაბეჭდი ედო. შიმშილი და გაჭირვება ბატონობდა. ხრწნისა და ჩირქის სუნს მოეცვა მიქარია. სამგლოვიარო პროცესია არ ჩერდებოდა.

მოსახლეობა ცხოვრების გაუმჯობესებაზე სრულებით არ ზრუნავდაო, ვერ იტყოდი. ვისაც კი შეეძლო და მარიფათი ჰქონდა, გარბოდა და, თუ ტყის მტაცებლებს გადაურჩებოდა, მზით განათებულ გორაკებსა და მწვანე მდელოებს აფარებდა თავს. მამაკაცები ნაკლებად, უფრო ქალები მიდიოდნენ. ისინი უეცრად გადახტებოდნენ ხოლმე ეკლის გალავნისკენ და განაპირა ტყეში საოცნებო მინდორ-ველების საძებრად გარბოდნენ. მართალია, ეკლისგან სახე, კისერი თუ ტან-ფეხი მთლიანად უსისხლიანდებოდათ, მაგრამ ალბათ, უღირდათ... გაქცეულები საკუთარ სამშობლოში ცოცხალი თავით აღარ ბრუნდებოდნენ, რატომაც მათ ,,გაღწეულები“ უწოდეს. ეს ადამიანები, როდესაც მათ მიქარიელი ნათესავი წერილს მიწერდა და დაბრუნებას სთხოვდა, ასე პასუხობდნენ - მოგიტყანთ მთაწმინდა და ციხე- კოშკებიო!

ქალები უცხო ქვეყანაში ან მოხუცთა მომვლელებად მუშაობდნენ, ანაც ბორდელებში ბოზობდნენ. ამ გზით ნაშოვნი ფულით კი სამშობლოში მამაკაცებს ინახავდნენ. ეს უკანასკნენლნი, თავის მხრივ, ან ქეიფობდნენ, ან ,,წამალს“ იკეთებდნენ, ძირითადად კი უსაქმურად ისხდნენ და მჟავე ლუდის წრუპვის თანხლებით, დომინოს უჭახუნებდნენ, ,,ტრუხა“ პლანს აბოლებდნენ და მორიგ მთავრობას გამეტებით აგინებდნენ.

მიქარია კი ლპობასა და ობს მოეცვა, ხალხი თანდათან გვამური ლაქებით იფარებოდა.

პროცესია უსასრულოდ გაიჭიმა.

ყველაზე საშინელი ამ მომაბეზრებელ სვლაში ის იყო, რომ გლოვა არ სრულდებოდა. უფსკრულისკენ გზა საუკუნეებს ითვლიდა და მას ბოლო არ უჩანდა. მესაფლავეები დაიქანცნენ, რექვიემის მელოდია კი არ წყდებოდა. სამგლოვიარო ორატორია საუკუნეებში გრძელდებოდა და სულ ისმოდა და ისმოდა...

ზოგიერთი ამ მოვლენას დადებითადაც კი აფასებდა და მასში ერის თანდათან ვირთხებად გარდაქმნის პერსპექტივას ჭვრეტდა - ეს იყო მათი წინასწარმეტყველებით ერის გადარჩენის ერთადერთი გარანტია.

უფსკრული თითქოს გამოჩნდებოდა, მგლოვიარენი ბოლოს და ბოლოს ხრამში გადაჩეხვის მოლოდონით ხარობდნენ და... ეს ოხერი ნაპრალი ისევ უკან იწვედა და სადღაც უჩინარდებოდა. გადაღლილ ადამიანებს კვლავ წვიმასა და ტალახში სვლა უწევდათ.

P.S.

...როგორც ყვებოდნენ, ზოგმა უფსკურულსაც მიაღწია - მათ ,,წმინდანებს“ უწოდებდნენ. თუმცა, როგორც სულ ერთი-ორი შემორჩენილი განდეგილი ამტკიცებდა, უფსკულამდე მისულებიც და შემდეგ გადაცვენილებიც მუდმივი ვარდნის პროსესში იყვნენ და ფსკერს ვერ ასკდებოდნენ. მათი ვარდნა არ წყდებოდა და გულები ფრიალისგან უსკდებოდათ. სიკდილის მიუხედავად, მიქარიელი წმინდანები მაინც შავ უსასრულობაში მიექანებოდნენ.

დიდი დიღმის გამოქვაბულიდან, თქვენდამი პატივისცემით სიურრეალისტი გენადი და ძაღლი მისი დემო

ზურაბ ოდილავაძე

Previous post Next post
Up