ხელები შორს ჩემი ევროპული ოცნებისაგან !

Aug 30, 2013 12:27

ევროპული გზის კიდეზე მიგდებული საქართველო

მამუკა გამყრელიძე
29.08.2013




2003 წლის შემოდგომა მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. “ვარდების რევოლუციამ” მიძინებული და სტაგნაციის ლაფში ჩაგდებული საქართველო უეცრად გამოაღვიძა, ერს სასიცოცხლო მიზანი, გნებავთ,  იდეა ან რწმენა დაუბრუნა და ქვეყანა სულხან-საბას ოცნების გზას გაუყენა. ერმა დაიჯერა, რომ ჩვენი, საუკუნეების განმავლობაში ნაჯიჯგნი,  მომხვდურისგან გათელილი და ნამუსახდილი ქვეყანა საბოლოოდ მოიპოვებს თავის პატარა ადგილს ევროპულ ოჯახში. ჩვენს სიმშვიდეს კი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ძლევამოსილი ჯარი დაიცავს. მიზანი იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ ერმა თამაშის ის წესები, რაც ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა დაგვიწესეს ულაპარაკოდ მიიღო.

კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალისა და ნარკომანიის მოთოკვა, ეკონომიკური აღმასვლა, ქვეყნის დავარცხნა-გალამაზება ამ წესების მხოლოდ ნაწილი იყო. ჩვენმა ხალხმა პატარა ერისათვის ძალზედ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო და NATO-ს თავისი საუკეთესო ვაჟკაცები გაუგზავნა. ეს არ იყო ხარკი, ეს იყო ჩვენი მზადყოფნა თავისუფალი სამყაროს იდეალების დასაცავად. სამწუხაროდ შორეულ ავღანეთში, მრავალი საუკუნის შემდეგ, ქართული სისხლი კვლავ დაიღვარა, მაგრამ ჩვენმა ჯარმა თავისი საუკეთესო მომზადება მთელს მსოფლიოს დაანახა.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყაროსათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარი, არა -  უმთავრესი,  გახლდათ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა და ერის ტოლერანტობა! აქ კი თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ევროპულ ოჯახში საცხოვრებლად მზად არ ვიყავით. ხავერდოვანი, “ვარდების რევოლუციით” მოსულმა მთავრობამ კანონის ინდოქტრინიზაციისათვის ისეთ დრაკონულ მეთოდებს მიმართა, რომ ხალხში შიში და სიძულვილი დათესა, რაც სრულად მოიმკო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ათი თვის წინ ჩვენს ქვეყანაში “მეოცნებე” ძალებმა გაიმარჯვეს და საზოგადოებაში ერთი დიდი ამოსუნთქვის ხმა გაისმა: აღარავინ გვისმენს, აღარავინ გვითვალთვალებს, თავისუფლები ვართ! ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა, ხალხის არჩეული ევროპული გზის ერთგულება და ბიზნესის სახელმწიფო მარწუხებისაგან გათავისუფლება დააანონსა. აგერ უკვე  ათი თვე გავიდა, შემოდგომა მოგვიახლოვდა და წიწილებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის დროც დადგა. სურათი, რბილად რომ ვთქვათ, დიდად სახარბიელო არაა. ჩვენი მთავარი მიზანი - ევროპულ ოჯახში გაერთიანება - სულ უფრო და უფრო გვშორდება. მკითხველი იკითხავს, კი მაგრამ, ხელისუფლება ხომ გვპირდება პოლიტიკაში დასავლურ ვექტორს არ გადავუხვევთ და ეკონომიკაში კი რუსული “რძის მდინარეებს და კისელის ნაპირებს” არ მოგაკლებთო? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ჩემს შეხედულებებს ახლავე მოგახსენებთ.

1. ხელისულებაში მოსვლის პირველივე დღეებში ახალმა პრემიერ მინისტრმა მოგვახსენა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არ უნდა გააჩნდეს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმული მოთამაშის ამბიციები. საქართველო რეგიონალური მოთამაშის როლით უნდა დაკმაყოფილდეს და თავისი ადგილი იცოდეს! ასეთი პოზიცირება კატეგორიულად მცდარად მიმაჩნია. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა იმდენად მნიშვნელვანია, რომ ათასწლეულებია სხვადასხვა იმპერიები საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად იბრძვიან. მაშ, რატომ გავხდით უცბათ არასაინტერესონი? ეს უფრო ბაზარში ვაჭრობას მაგონებს - გამყიდველს რომ საქონელს უწუნებენ გაიაფების მიზნით. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ თავისუფალ სამყაროში ჯანსაღ ამბიციებს. ვისაც დასავლეთში უსწავლია ან უმუშავია, ეს კარგად იცის. მაშ რატომ გვისპობენ ამბიციებს?

2. ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ახალ ხელისუფლებას ნათლად დაანახეს, პროცესების განვითარების როგორი გზა იქნებოდა საუკეთესო. კოჰაბიტაცია, ეს ჩვენთვის უცხო სიტყვა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას შეიცავს. შენ უნდა იყო ტოლერანტული, შეეცადო შენს პოლიტიკურ ოპონენტთან თანაცხოვრებას. მიიღო ის კარგი, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა და გააკეთო ის, რაც მან ვერ შეძლო. ამის საპასუხოდ მივიღეთ ნაცმოძრაობის ლანძღვისა და გინების კორიანტელი. ეს რომ ქვეყნის შიგნითვე მომხდარიყო, კიდევ არაუშავს. არა, ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვისაც უცხოურ ტრიბუნამდე ხელი მიუწვდებოდა, საქართველოს წარმატებებს სიცრუეს უწოდებდა, ნაციონალურ მოძრაობას კი სისხლიან რეჟიმს. როგორ შეიძლება ასეთი PR კამპანიით დასავლეთთან დაახლოებაზე იოცნებო?

3. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორ სენსიტიურ საკითხად მიიჩნევენ ევროპელები წინა ხელისუფლების მაღალი დონის მოხელეების დადანაშაულება კორუპციასა თუ უფლებამოსილების გადამეტებაში. კარგად გვახსოვს, როგორ დააშორა იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ უკრაინა ევროპულ ოჯახს. საქართველოში ეს არავინ გაითვალისწინა. პირიქით, ხმაურიანი დაპატიმრებების სერიები მაქსიმალურად ყველას დასანახად, სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა სხვადასხვა დონის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მოხელეები თბილისს სტუმრობდნენ. Aრა ერთი თვე გავიდა და არც ერთი ასეთი ხმაურიანი დაპატიმრების აქტორისთვის სასამართლოს ბრალეულობა არ დაუმტკიცებია. მაშ, რისთვის იყო საჭირო ეს შოუები?

4. ქვეყანაში ჰომოფობიის მძლავრი ტალღა აგორდა. მთელი თავისუფალი სამყარო ეწინააღმდეგება ჰომოფობიისა და  ქსენოფობიის ძალადობრივ გამოვლინებებს. სოჭის ოლიმპიადა ჩაშლის საშიშროების წინაშე დადგა რუსეთის პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მიღების გამო, ჩვენ კი საქართველოს ლგბტ მოქალაქეებს ფიზიკურად ვუსწორდებით, მართლმადიდებელი ვაიღვთისმსახურების ჯარი, მთელი მსოფლიოს მედიის დასანახად, ერთ მუჭა ახალგაზრდებს “ტაბურეტკებით” მისდევს ქუჩაში. რომელ ევროპულ ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ ?

5. ევროპისათვის მიუღებელია ადამიანების რაიმე ნიშნით დაყოფა. ჩვენთან კი მოდად იქცა საზოგადოების ერთი ნაწილისაგან მეორის მხილება “არაქართულ” წარმომავლობაში, არამართლმადიდებლობაში. და ამას ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალური ხმაურით, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის გამოყენებით, სოციალურ ქსელებში. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ განცხადებებს არავინ კითხულობს დასავლეთში და საკუთარი დასკვნა არ გამოაქვს ჩვენს შუასაუკუნეობრივ მორალურ და ეთიკურ ჩამორჩენილობაზე?

6.  ჩემთვის სრულიად გაუგებარ ტოტალურ ამნისტიას, როდესაც ათასობით სოციალურად არაინტეგრირებული ადამიანი გამოვიდა ციხიდან, კრიმინალის სრულიად მოსალოდნელი მატება მოყვა. მე არ გახლავართ მომხრე ამ ადამიანების ციხეში სამუდამოდ გამოკეტვისა, მაგრამ სწორედ მათივე სიკეთისათვის იყო საჭირო ჯერ მათი ადაპტირება სოციუმში, სამსახურების ან სოციალური დახმარებების შეთავაზება და შემდეგ გათავისუფლება. შედეგად მივიღეთ პოლიციის რეიდები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელების პარპაში. ყველაფერმა ამან ავადსახსენებელი წარსული გაგვახსენა. რა კეთდება ამით, თუ არა წინა ხელისუფლების მიერ უდაოდ წარმატებით შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია? არის თუ არა ეს კანონმორჩილი ევროპისათვის სიგნალი, რომ საქართველოში კანონის უზენაესობას არც მოქალაქეები და არც სამართალდამცველი სტრუქტურები არ ცნობენ?

7. ხელისუფლების წინდაუხედავმა ქმედებებმა ჩვენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე შექმნა. მაშინ, როცა მთელი განვითარებული მსოფლიო უაღრესი სიფრთხილით ეკიდება სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის საკითხებსა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, აბსურდული საბაბით მინარეთის დანგრევა ხელისუფლების მიერ, თუნდაც, უნებლიედ, მაგრამ სახიფათოდ დადებულ შეფარულ ნაღმად შეიძლება იქცეს. ასეთი საფრთხის არსებობის ნიშნები უკვე გამოჩნდა, რაც საბოლოოდ, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში ძალზე ძნელია დაიჯერო მაღალი ტრიბუნიდან ევროპული ფასეულობების დეკლარირება და დასავლური დემოკრატიისკენ სწრაფვის მტკიცება. რომელ ევროპულ ეთიკაზე შეიძლება ასეთ დროს საუბარი?

არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ყოველივე ზემოხსენებული აშკარა ეჭვს  მიჩენს, რომ ვიღაც ძალიან ცდილობს ევროპული გზიდან ჩვენს გადაგდებას და ჭუჭყიან გუბეში ჩატოვებას. ვერ გეტყვით,  ვინ რაზე ოცნებობს, მაგრამ ჩემი ქართული ოცნება საქართველოს ევროპულ ოჯახში ხილვაა. ხელები შორს ჩემი ევროპული ოცნებისაგან !

ქართული პოლიტიკა

Previous post Next post
Up