როდემდე?!

Feb 17, 2013 22:21

როდემდე?!..

Posted on February 17, 2013by odilavadze

არჩევნების შემდეგ, ყოველდღიური პოლიტიკური მოვლენებისგან დისტანცირება ვცადე, რათა 2003 წლიდან საქართველოს მიერ განვლილი გზა ცივი გონებით შემეფასებინა. ამავდროულად, იმდენად აშკარა იყო ახალი ხელისუფლების წამყვანი ,,სახეების“ არაკომპეტენტურობა, ტელეეკრანებიდან მათ მიერ, ისე უხვად იფრქვეოდა სიძულვილი, იმდენად ცხადად ჩანდა ამ ადამიანების შურისძიებისა და სკამებზე ჩაბღაუჭების დაუოკებელი სურვილი, რომ გადავწყვიტე, მდაბიო ინსტინქტებით ნაკარნახევ ქმედებებზე ფიქრით გონება არ დამენაგვიანებინა და ტყუილუბრალოდ არ ავღელვებულიყავი. ერთი სიტყვით, ყოველდღიურობაზე მაღლა დავდექი დაა… ვხედავ, რომ დროდადრო მინც არ გამომდის!



ჯერ, ხსენებული ,,თვითშემოქმედებითი კოლექტივის“ ლიდერების მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე აბსურდული განმარტებების, ხოლო შემდეგ, ენაბრგვილი ბელადის მიხედვით შესწორებული კომენტარების ახალი ვერსიების კვლავ მოსმენა, უკვე აუტანელი ხდება! ყრმობისას კომუნისტური პროპაგანდით დაზიანებულ ჩემი ფსიქიკის ძალებს ამგვარი მძიმე ღვაწლი აღემატება! გამოსავალი ერთია - ტელევიზორი ფანჯრიდან უნდა მოვისროლო!

ამორფული კონგლომერატის მიერ ბელადის წინაშე მლიქვნელობისა და უხმო მორჩილების ხარისხმა კარგა ხანია ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! თუნდაც, ამერიკელი კონგრესმენების წერილზე ჯონ კერის და ,,ევროპის სახალხო პარტიის“ კრიტიკაზე რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ამ პოლიტიკოსების არაადექვატურობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ვაღიარებ იმასაც, რომ უმცირესობისთვის უხილავი ,,უსაფრთხოების კორიდორების“ მოწყობისა და ავადხსენებული მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ახსნა-განმარტებებით გადატანილი წვალების წარმოდგენა, ჩემს საბჭოურ შემგუებლობაში ნავარჯიშევ ფანტაზიასაც კი არ ძალუძს!



ამჟამინდელი მთავრობის ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ის წინა ხელისუფლებასთან შედარებაში მდგომარეობს. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ რიგი მიზეზების გამო, ხელისუფლების ცვლა, აშკარაა, რომ უნდა მომხდარიყო, რადგან, მიუხედავად ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში ფუნდამენტური წვლილის შეტანისა, როგორც ყველა უალტერნატივო ძალას, მასაც ძალაუფლებით ტკბობა შეეპარა. მიუხედავად დაბრუნებული აჭარისა, ფეოდალური ელიტარიზმისა და კორუფციის ნაწილობრივი დამარცხებისა, კრიმინალის მინიმუმამდე დაყვანისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნულიდან შექმნისა, გამალებული აღმშენებლობისა, მკაფიო ევროატლანტიკური კურსისა და საერთაშორისო არენაზე დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა, ის ,,ყოვლისმცოდნეობა“ და კრიტიკისადმი უყურადღებობა, რომელმაც ყოფილი მთავრობა შეიპყრო, ძნელი ასატანი გახდა!.. მაგრამ ეს?!?!

ფუნდამენტი, მართლაც რომ საშური გაკეთდა და მასზე, პირველ რიგში, საჭირო იყო  ეკონომიკური ზედნაშენის აგება და სასამართლო სისტემის შემდგომი სრულყოფა. ჩვენ კი არჩევნების შედეგად რა მივიღეთ? პრეზიდენტის გუნდისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილმა, შედარებით მიუკერძოებელმა დემოკრატიის ქომაგებმაც კი, დღეს ძველი წყენა დაივიწყეს და წინა ხელისუფლებისადმი ერთადერთი მათი პრეტენზია ასე ჟღერს: ,,როგორ მოახერხა მიშამ ჩვენი, ამ ბოღმით, პროვინციალიზმითა და უვიცობით გაჟღენთილი ლიდერების ხელში ჩაგდება?!“

ის რაც დღეს ხდება, მართლაც კარგა ხანია დავიწყებას მიეცა. საილუსტრაციოდ, მხოლოდ ჩემს მაგალითს მოვიყვან. წიგნის გამოცემა დავაპირე და, თითქოს, გამომცემელსაც მოველაპარაკე. როდესაც ერთ ახლობელს ეს სიახლე გავანდე, ჩემში უცებ ძველმა კომუნისტურმა შიშებმა იფეთქა და საუბარი ასე დავასრულე: ,,თუ ძმა ხარ, არავის უთხრა, ხომ იცი, რა დრო დადგა - ვიღაც ჩამიშვებს და გამომცემელს შემმოწმებლების არმია დაადგება… ვის უნდა, ვიღაც ოდილავაძის გულისთვის აწყობილი საქმის არევა…“.
მეორე დღეს საკუთარი თავის შემრცხვა,  ჩემში გაღვიძებული მონის შემგუებლობამ შემაძრწუნა! ეს იყო ქვედა დონემდე დასული, საყოველთაო ,,შიშისა და თანხმობის“ ერთ ინდივიდში გამოვლინება. ეს გახლდათ გაბოროტებული ტოტალიტარული კოლექტივის შიში…

ეს, რასაც დღეს ვხედავთ, ხელისუფლების კარიკატურაა, თანაც სამარცხვინო. შეიძლება დროებით მოითმინო, ეს რომ სადღაც მივარდნილ სოფელში, მალულად ხდებოდეს, მაგრამ არა - დღისით-მზისით წარმოებს საკრებულოების შტურმით აღება, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პარლამენტარების ცემა-ტყეპა. გამძვინვარებული ,,ქონდრის კაცებისა“ და მათგან მართული მასების თავგასულობით მსოფლიოს წინაშე თავი მოგვეჭრა - ,,დიდი ბიძინას“ ,,პატარა ბიძინები“ კი არ ცხრებიან! თუ ვინმეს წინა ხელისუფლების უამრავი შეცდომებით დღევანდელი უმსგავსობის გამართლება სურს, ის მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებს.

როდემდე მოგვიწევს ამ საზარელი სურათის ხილვა?! დღითიდღე ამ უპრინციპობის ატანა სულ უფრო მეტად ჭირს… თუმცა, სხვა რა გზა გვაქვს - ამ კლოუნადას უნდა ვუცქიროთ - ასეთია, ამა თუ იმ გზით მიპოვებული ხალხის არჩევანი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავჩუმდეთ და ოხვრით ჩავილაპარაკოთ - ღმერთო, შენ გვიშველე…

P.S.

თქვენი არ ვიცი და მე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაქირავებული ბინის მფლობელი ფინანსურად დამსჯის, ტელევიზორს ფანჯრიდან ვაგდებ!


ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, თებერვალი

საზოგადოება, ზურაბ ოდილავაძე, ბრბო

Previous post Next post
Up