"ქართულმა ოცნებამ" თბილისი დაკარგა

Feb 14, 2013 01:50

"ქართულმა ოცნებამ" თბილისი დაკარგა
ნათია მეგრელიშვილი
24 საათი
12.02.13

ახლა ვხვდები, რატომ ეჩქარება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას თბილისში დაბრუნება.

მათ იციან, რომ მალე, ძალიან მალე უნდა გადაწყდეს აფხაზეთის რკინიგზის საკითხი. გარდა ამისა, რუსულ-ქართული მედიასკოლა ამუშავდა იმ მისიით, რომ საქართველოში ჩაახშოს ნატო-ში გაწევრიანების იდეა, ასევე, ალბათ მალე მივიღებთ რუსეთიდან მოწვევას დსთ-ში. შესაბამისად, მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი ვნებათაღელვა და მოძრაობა, ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ისევ გაჩნდება დღის წესრიგში და ისევ თბილისში აღმოცენდება. და თუ ეს წუთი დადგება, მერე პარლამენტს თბილისში აღარ ჩამოუშვებენ.

როგორც ჩანს, პარლამენტარების უმრავლესობა ჩვენს ქალაქს ცუდად იცნობს და არც იციან, რომ თბილისი უკვე იწყებს გამოფხიზლებას, ქალაქი უკვე აცნობიერებს, რომ სიტყვა "ოცნება" სულაც არ ნიშნავს სურვილების ასრულებას, უფრო პირიქით. დედაქალაქი მდუმარედ ადევნებს თვალყურს ახალი ხელისუფლების სურეალისტურ განცხადებებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტი არ მიიღო, უკვე ნათელი გახდა, რომ ისინი იწყებენ პრეზიდენტის გაღიზიანებას იმ იმედით, რომ სააკაშვილი ძალიან ექსცენტრიული ადამიანია და ხელოვნურად ქმნიან იმის საფუძველს, რომ პრეზიდენტმა დაუშვას შეცდომა, რომელიც ხალხს "განარისხებს და გაამძვინვარებს". უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები თითქმის არც ერთი პოლიტიკოსისგან ან პარლამენტარისგან არ მსმენია, მაგრამ ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები - პოეტები, თეატრალები, მსახიობები, მხატვრები და კინორეჟისორები ხშირად სიამოვნებით გვამცნობენ, რომ ხალხი გამძვინვარდება. ეს ტენდენცია ძალიან დამაფიქრებელია. ყოველთვის მეგონა, რომ ხელოვანი უნდა იყოს ჰუმანისტი, რომანტიკოსი, ძალადობის მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი პირიქით ხდება და გაოგნებული ვარ მათი წყურვილით სისხლის ასაღებად. ასე თუ გაგრძელდა, ქართული კულტურა მალე დამახინჯდება.

ყველაფერი იწყება სიტყვით და ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ, წინ დაგვხვდება. ერთმა ხელოვანმა, საკმაოდ არადამაჯერებლად - გამოცდილი თბილისელებისთვის და ალბათ ძალიან დამაჯერებლად - საქართველოს გულუბრყვილო მოსახლეობისათვის, ტელეეთერში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "იმბეცილების ბოგინი დამთავრდა. «ნაციონალური მოძრაობის» და სააკაშვილის მომავალი არის სასამართლო, განსასჯელის სკამი და მე ამ სკამს მათ ვპირდები." (გადაცემა"პოლიტმეტრი»).

ისე, ამ "იმბეცილების" ხელისუფლებაში თქვენც იყავით და როცა ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, თქვენი ეჭვის მიუხედავად (როგორც მოგვიანებით ბრძანეთ), რომ ის მოკლეს, არ დატოვეთ ეს პარტია და გააგრძელეთ მასთან თანამშრომლობა. მე ასე არ მოვიქცეოდი და "მკვლელებთან" ყოველგვარ კონტაქტს შევწყვეტდი. ახლა, რაც შეეხება სასამართლოს. ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში ძველმა ხელისუფლებამ მართლაც ამოყოს თავი სასამართლოში და იმედია, სასამართლო იქნება ობიექტური, თავისუფალი და მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ რა სტატუსით დებთ პირობას - მოსამართლე ხართ, პროკურორი, გამომძიებელი თუ ჯუკმუმბუში ვცხოვრობთ და ნებისმიერ ჩვენგანს აქვს იმის უფლება, რომ სამოქალაქო დონეზე გადაწყვიტოს ადამიანების ბედი? თუ თქვენ ხალხის სახელით ლაპარაკობთ, მაშინ სიამოვნებით შეგახსენებთ, რომ ბრეჟნევი მოკვდა, ლენინიც, მით უმეტეს, დიდი ხნის მკვდარია და არ არსებობს არავითარი ხალხის სახელით აპელირება. ასეთ საკითხებს გადაწყვეტს სასამართლო და არა ხალხი და ლინჩის მეთოდები. მაგრამ, ხალხის იმედიც ტყუილად გაქვთ და განსაკუთრებით დედაქალაქის, ვინაიდან კარგად გვახსოვს თქვენი პირობა, ოცი წლის წინ რომ დადეთ: "31 დეკემბერს ახალ წელს სოხუმში შევხვდებით, მე ამას გპირდებით"... და მას მერე ველოდებით ამ პირობის შესრულებას!

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რაც მოხდა, ამან პარლამენტი კიდევ უფრო დააშორა თბილისს. საქართველოს პრეზიდენტს არ უშვებენ იმ სივრცეში, სადაც მას შეხვედრა აქვს დიპლომატიურ კორპუსთან და ჟურნალისტებთან. "ბოდიში" საზოგადოება ‘"ერთსულოვნებას", რომ სააკაშვილს ისევ პრეზიდენტად მოვიხსენიებ. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და კონსტიტუციაც წაკითხული მაქვს. შეიძლება, გამიბრაზდეს ყოფილი კომკავშირელი, ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი ჩინოვნიკი და ყოფილი შავი გაგების სუბიექტი, მაგრამ მე მაინც შევეცდები, კანონი არ დავარღვიო. უკვე განვაცხადე - «ნაციონალური მოძრაობის» და პრეზიდენტის მიმართ, როგორც მოქალაქეს, ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს და თუ ისინი იმსახურებენ, კიდეც უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულზე, რაც დაუმტკიცდებათ. მაგრამ მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რეალურია ის განცხადებები, რაც «მეოცნებეებისგან» მესმის, თითქოს საქართველოში უნდა გაიმართოს "ნიურნბერგის პროცესი", ვინაიდან მსგავსი პროცესები მარტო შინაურ ხასიათს არ ატარებს და მასში საერთაშორისო ინსტიტუტები მონაწილეობენ - მათ ვერ დაითანხმებთ, თუ პროცესის მოტივაცია მხოლოდ იმბეცილების ბოგინის დასრულება იქნება. ეს გაცილებით სერიოზული მოვლენაა, რომელიც ყოველთვის ისტორიულ ხასიათს ატარებს.

დარწმუნებული ვარ, ამ იდეას საზოგადოება მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ჩართული იქნება საქართველოს უკანასკნელი 20 წლის ისტორია, ეს ხომ სინამდვილეში ერთი ამბავია, ჯაჭვივით გადაბმული. სამხედრო გადატრიალება, პირველი პრეზიდენტის სიკვდილი გაურკვეველ ვითარებაში, სოხუმის დაცემა და მძევლებად დატოვებული ქართველი პოლიტიკოსების ტრაგიკული აღსასრული, დათო ბოლქვაძის დახვრეტა, ჭუბერის უღელტეხილზე დაუცველი, დაღუპული და დაყაჩაღებული დევნილები, სამეგრელოს მასშტაბური დარბევა, დსთ-ში გაწევრიანება, მხედრიონელების მიერ გატარებული რეპრესიები, ქართული გვარდიის ბოსების საბედისწერო გარიგებები მტერთან, ენერგომაფიის საქმე, თვეობით და წლობით გაყინული ხელფასები, აორთქლებული ბანკები და ამას ყველაფერს შევუერთოთ «ნაციონალური მოძრაობაც» თავისი წილი ცოდვებით, გავამთლიანოდ ჩვენი რეალური პრობლემა და ეს მართლაც იქნება საუკუნის პროცესი.

ახლა იმასაც ვხვდები, რატომ არ ღებულობენ ლუსტრაციის კანონს. დღეს ბევრი რამ არის დაფარული, რომელიც ოდესღაც აუცილებლად გაცხადდება, მაგრამ ახლა ამის სურვილი არავის აქვს, კაცმა არ იცის საიდან, ვინ და როგორ ამოტივტივდება.

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არავითარი დერეფანი არ ყოფილა, ეს არის დიდი ტყუილი. კიდევ კარგი, ბევრი უცხოელი ოპერატორი იღებდა და მთავრობა ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ არსებობდა ორი ალტერნატიული დერეფანი. ამის მტკიცებულება არ არსებობს. დერეფანი გაკეთდა მაშინ, როცა მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ის საკმაოდ აღელვებული და დაბნეული ჩანდა, მაგრამ იმ დროს ძირითადი სანახაობა უკვე დასრულებული იყო: გასალახები გაილახნენ, გასალანძღები გაილანძღნენ. გადავრჩით, რომ არავინ ისროლა იარაღი, თორემ მერე მართლა დაიწყებოდა სისხლისღვრა. სამაგიეროდ, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ აცხადებდნენ, რომ ინციდენტის დროს ბიბლიოთეკასთან იყვნენ, ტყუიან, ვინაიდან იმ დროს, როცა ცემა-ტყეპა ატყდა, ისინი სასტუმრო "მარიოტის" კაფეში ისხდნენ, რომელსაც, სამწუხაროდ, ღია ვიტრინა აქვს და ყველა სტუმარი ჩანს. გამახსენდა 1992 წელი და სასტუმრო «თბილისის» კაფეში თავშეყრილი საზოგადოება, რომელმაც ახალგაზრდა შეირაღებული ბიჭები ქუჩაში საომრად გამოუშვა და თავად სასტუმროს კაფეს შეაფარა თავი.

რატომ დაკარგა "ოცნებამ" თბილისი? იმიტომ, რომ ეს ქალაქი ის საზოგადოებაა, რომელიც თქვენ მიტინგზე ძალიან გჭირდებათ, მაგრამ ქუჩაში აღარ გამოვა - ის თბილისი, რომელიც 9 აპრილს რუსთაველზე გამოვიდა, ის ხალხი, ვინც ვარდების რევოლუციაზე ახალი იდეებით და იმედებით გამოჩნდა. ეს ის თბილისია, რომელიც იპოდრომზე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ოპოზიციურ მიტინგზე შეგროვდა და მერე გამოჩნდა 7 ნოემბერს იქ, სადაც ბევრი განხიბლული და სასოწარკვეთილი ადამიანი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ბევრი პრობლემა და პრეტენზია ჰქონდათ, ისინი 2008 წლის ომის დაწყებისთანავე, დილის 12 საათზე, ისევ რუსთაველის გამზირზე იყვნენ, ვინაიდან ქალაქი გრძნობდა, რომ ახლა არა სამოქალაქო, არამედ სამამულო პრობლემის წინაშე ვიდექით და ჩვენი ერთიანობა უნდა გამოგვეხატა. მერე დედაქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნულ სტადიონზეც გამოჩნდა, მაგრამ ეს თბილისი უკვე ვეღარავინ შენიშნა. ნინო ბურჯანაძის მიტინგებზე ტელევიზიასთან, სადაც "ბელა ჩაოს" მღეროდნენ, ხალხის რიცხვმა იკლო, რიცხვმა კი არა - ნდობამ. ჩრდილოეთის ნიავმა როგორც კი დაუბერა, ხალხის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ აქციებმა მაინც მიაღწია მიზნის მეათასედს და სახელწიფო მანქანა აამუშავა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. რასაკვირველია, ამ მიზეზით 26 მაისის მიტინგზე დამსწრეთა რიცხვმაც იკლო. აკი, გეუბნებოდით, რომ სენსიტიური ქალაქია და გაბრაზებაც იცის და სიხარულიც. ალბათ, «ქართული ოცნების» მიტინგზეც, რომელიც თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, გულწრფელმა გრძნობამ მიიყვანა, მაგრამ 8 თებერვლის ინციდენტის მერე ეჭვი მაქვს, რომ დედაქალაქის იმედი აღარ უნდა გქონდეთ.

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალგაზრდა ადამიანები იდგნენ, რომლებიც, სულ რაღაც, ორი კვირაა, რაც საპატიმროებიდან გამოვიდნენ და შესაძლოა, ყველას არც აქვს სურვილი, პოლიტიკურ ბატალიებში ჩაერიოს. მათ სურთ, რომ მშვიდი, ოჯახური, ნორმალური რეჟიმით იცხოვრონ, მაგრამ თავს მოვალედ გრძნობენ თავიანთი განმათავისუფლებელი პარტიის თუ პერსონების მიმართ და მათ გვერდით უნდა იყვნენ. იქ ძალიან დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ რომელიმე მათგანს ნერვიულობისა და ციხეში გადატანილი ტანჯვის ფონზე რამე დანაშაული ჩაედინა და ისევ ციხეში დაბრუნებულიყო. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგიერთი ადამიანის რეპლიკას, რომ იქ იყო "აგრესიული ბრბო", არ მომწონს, როცა ადამიანებს ასე მოიხსენებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, განსხვავებული მენტალობით და ბიოგრაფიით. თუ ფილოსოფიურად შევხედავთ ბრბოს თეორიას, მაშინ ჩვენ, ყველა, იმ ბრბოს ნაწილი ვართ, რომელიც მრავალი საუკუნეების წინ შემოესია დედამიწას.

გამიჩნდა განცდა, რომ ადამიანები, რომლებიც ციხიდან გაათავისუფლეს, ახლა სამოქალაქო პატიმრობაში მყოფნი ვალდებულები არიან, მოაწყონ მიტინგები და აგრესიული გამოსვლები, რასაც შეიძლება, მათი მხრიდან გაუცნობიერებელი ქმედება მოჰყვეს - შეურაცხყოფა მიაყენონ იმ ადამიანებს ან მთავრობის წევრს, რომელზეც გაბრაზებულები არიან. თუ გამწარებული პატიმარი პარლამენტის წევრს სახეს დაუმტვრევს, ისევ ციხეში მოხვდება, გაასამართლებენ, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსს ვეღარ დაიბრუნებს. რა გამოდის? ისინი საზარბაზნე ხორცად უნდა იქცნენ?

საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი პარამეტრები არსებობს იმისთვის, რომ კაცს პოლიტპატიმარი ეწოდოს და არც ერთი ცნობილი პოლიტპატიმარი არ დადიოდა ქვებით და ჯოხებით და არც არავის ურტყამდა და სცემდა. ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ გიორგი ჭანტურია, მერაბ კოსტავა, ავთანდილ იმნაძე, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ვიქტორ რცხილაძე, ნანა კაკაბაძე. ისინიც იყვნენ ციხეში და მათი დიდი ნაწილი რუსეთის ბანაკებში იჯდა. მაგრამ არავის ახსოვს, რომ მათ ვინმე გაელახოთ ან ქვები დაეშინოთ ვინმესთვის, თუმცა მათი უმრავლესობა არანაკლებ მძიმე სიტუაციებში იმყოფებოდა.

თუ პარლამენტის უმრავლესობა ყოველდღიურად ისაუბრებს იმაზე, რომ ეს არის გამწარებული ხალხი, ისინი თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდისგან ვეღარ გათავისუფლდებიან, სამუდამოდ დარჩებიან წამებულებად და ამით შეიძლება, ისე დაკომპლექსდნენ, რომ ვერ მოახერხონ ადვილად ადაპტირება სოციუმში და ახალი ცხოვრების დაწყება. თუ გავათავისუფლეთ ეს ხალხი, იქნებ პირიქით, დავეხმაროთ, რომ გაუადვილდეთ ცხოვრება, მიეცეთ სამუშაო, ჰქონდეთ ხელფასი, იშრომონ და შესაძლოა, რომელიმე მათგანი ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკოსიც კი გახდეს. ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდებმა თავიანთი ცხოვრება ქუჩაში არ გააგრძელონ.

საზოგადოების დიდი სურვილია, რომ არც პრეზიდენტმა და არც პრემიერ-მინისტრმა რადიკალური ნაბიჯი არ გადადგან. თქვენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ხართ და თუ ყველა ერთნაირად არ ვფიქრობთ, ეს ჩვენი საშინაო პრობლემაა და ყველაფრის მოგვარება შეიძლება. მთავარია, დავინახოთ და ყველამ ერთად დავიჯეროთ, რომ რუსეთს არც სააკაშვილი მოსწონს და არც ივანიშვილი, ვინაიდან მასშიც უკვე ამოიკითხეს ქართველი. ერთადერთი, რაც რუსეთს გაახარებს, ეს არის ორი ერთმანეთს დაჯახებული პერსონა და ქუჩაში გამოსული ხალხი. ქუჩაში კი ვინ დაგვიცავს, უკვე აღარ ვიცით, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა 8 თებერვლის მერე პირველი სერიოზული გამოცდილება მიიღო და მომავალი და არასასურველი შეტაკებებისას გაცილებით სწრაფად და პროფესიონალურად მოახდენს რეაგირებას.

თბილისი კი ძალიან გულდაწყვეტილი და ძალიან აფორიაქებულია იმით, რომ არ განმეორდეს 20 წლის წინანდელი ტრაგედია, როცა რუსეთმა ქართველთა დახმარებით პროვოკაციები მოაწყო და ცხოვრება ამოგვიყირავა. ამიტომაც დღეიდან ალბათ გაცილებით ფრთხილი და მკაცრი იქნება როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის მიმართ.

და თუ დავით საგანელიძის განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გამოკეტვის შესახებ, "ძალაში შევა" და ამ აბსურდულ, აპოლიტიკურ, არაპროფესიონალურ იდეას საზოგადოების რაღაც ნაწილი მხარს დაუჭერს, მერე საინტერესოა, როგორ მიაწვდის "ქართული ოცნება" ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და როგორ უამბობს, რომ საგანელიძეს ყოველდღე პური და ყველი მიაქვს სასახლეში ჩაკეტილ პრეზიდენტთან. და რას იფიქრებს ჩვენზე მსოფლიო? ჩვენ ამის მერე მოგვიაზრებენ როგორც სახელმწიფოს თუ როგორც ტატრანჯუკის ტომს (არ ვიცი, სად არიან, მაგრამ ალბათ ჯუნგლებში)?

თუ ასე გააგრძელებთ სიტყვებისა და "ბრწყინვალე" იდეების ფრქვევას, თქვენთვის საოცნებო დედაქალაქი ზურგს შეგაქცევთ და უფლებას არ მოგცემთ, რომ აქ პერფორმანსები გამართოთ, ქაჯეთის ციხის აღება გაითამაშოთ და უბრალო და ძალიან გამწარებული ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროთ. თავად კი საკუთარ ოფისებში ან «მერიოტის» კაფეებში ისხდეთ და იქიდან ტელევიზიით ადევნოთ თვალყური, როგორ ურტყამენ ქართველები ერთმანეთს და რუსეთის ხარხარი გამოიწვიოთ.

საქართველოში პროფესიონალი დიპლომატები ძალიან ცოტა გვყავს, ამიტომ ხანდახან მათაც უნდა დავუჯეროთ. "დიპლომატია მარტო ის კი არ არის, იცოდე, როდის, სად, რა და როგორ უნდა თქვა, არამედ უნდა იცოდე, როდის გაჩუმდე," - გრიგოლ ვაშაძე

P.S. იფიქრეთ ადამიანებზე და არა საკუთარი პოზიციების გამყარებაზე. ეს ერთი ქვეყანაა და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს ომს, პირიქით - ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი საფეხური და ნუ ჩამოვცვივდებით იმ სიმაღლიდან, სადამდეც უკვე მივაღწიეთ, თორემ როგორც კი ძირს აღმოვჩნდებით, იქვე დაგვადგება რუსული ჩექმა.

ნათია მეგრელიშვილი, საზოგადოება, საქართველო, ბრბო

Previous post Next post
Up