საბოლოოდ ყველაფერი ფარული ცხადდება

Feb 06, 2013 23:12

კვლევა, რომელიც XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიას ცვლის

MONDAY, 23 JANUARY 2012
დეა თავბერიძე



მეფე ერეკლეს, სოლომონ მეორის, ლევან დადიანის, მარიამ დედოფლის ნაჩუქრობის სიგელები და სულხან-საბა ორბელიანის გამოუქვეყნებელი წერილები... უცნობი დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის იმპერიის კონტროლის გამო საუკუნეების მანძილზე დუმდნენ და რომელზეც პირველად „პრაიმტაიმი“ გიამბობთ. დღეს ერეკლე მეფის ბოლო ევროპულ გეგმაზე, იტალიელი მისიონერების მიმოწერაზე და ევროპული იდეის დისკრედიტაციაზე მოგითხრობთ. როგორც მკვლევართა ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ეს მასალები საქართველოს ისტორიას გარკვეულწილად შეცვლის. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები რომის წიგნსაცავებში ინახება და ქართულ, იტალიურ, ფრანგულ და ლათინურ ენებზეა დაწერილი. XIX საუკუნის დასასრულიდან კი რუსები მკაცრ ცენზურას უწესებენ ევროპელ მისიონერებს და მთელ დოკუმენტაციას რუსულად თარგმნიან.

კვლევითი ჯგუფი

ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელშიც სამი უნივერსიტეტი მონაწილეობს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ნოდარ ლადარია, ნინო დობორჯგინიძე), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სანდრო თვარაძე, სალომე კენჭოშვილი), თავისუფალი უნივერსიტეტი (მიხეილ მირაშვილი). პროექტის ხელმძღვანელია ნოდარ ლადარია. კვლევით ჯგუფს კულტურის სამინისტროს მხრიდან კოორდინირებას უწევს ბატონი ირაკლი თაბორიძე.

ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევამ ჩვენი ისტორიისთვის არაერთი საინტერესო პრობლემატიკა გამოავლინა. საგანგებოდ შეისწავლეს და თარგმნეს შუა საუკუნეების უცნობი ლათინური წყაროები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვლევითი პროექტი, რომელიც რომის არქივებში საქართველოს შესახებ დაცულ წყაროებს სწავლობს, ჩვენი ისტორიის ახალ, აქამდე ნაკლებად ცნობილ დეტალებს ააშკარავებს. კათოლიკურ არქივებში დაცულ წყაროებზე ადრეც მუშაობდნენ ქართველი მეცნიერები, მაგრამ ამჯერად გამოვლენილი წყაროები უნიკალურია გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიული კონტექსტის შესასწავლად. ამ ეტაპზე კვლევითი ჯგუფის წევრები ძირითადად ერეკლეს პერიოდის მიმოწერას სწავლობდა. ერეკლე მეორის ინტენსიური მიმოწერა დასავლეთის მეფეებთან და უმაღლეს სასულიერო პირებთან ცხადს ხდის, რომ რუსეთმა ჯერ ერეკლეს პროდასავლური გეგმა ჩაშალა, შემდეგ კი სათითაოდ გაყარა საქართველოს ტერიტორიიდან ევროპული მისიები.

ნინო დობორჯგინიძე, კვლევითი პროექტის წევრი, პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი): „საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერების წერილებიდან ირკვევა, რომ რუსებმა ჯერ კიდევ ტრაქტატამდე, XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს საქართველოში მყოფი ევროპელი მისიონერების შევიწროება. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც 1845 წელს რუსების გამარჯვებით დამთავრდა: რუსული ჟანდარმერიის ეტლებით საქართველო-თურქეთის საზღვართან მიიყვანეს დაპატიმრებული ევროპელი მისიონერები და აუკრძალეს არა მარტო საქართველოში საქმიანობა, არამედ საქართველოს საზღვართან ახლოს ყოფნა და კათოლიკური მისიის დაარსება. მანამდე ჯერ დააშინეს, შემდეგ კი რუსეთის იმპერატორის ედიქტით, ფაქტობრივად, შეუზღუდეს რელიგიური საქმიანობა, ნებისმიერი ნათლობა კანონდარღვევად ეთვლებოდათ კათოლიკეებს და მათ შინაპატიმრობას უსჯიდნენ. ამის შემდეგ აიძულებდნენ, საკუთარი ნებით დაეტოვებინათ საქართველო, რაზეც უარი თქვეს ევროპელმა მისიონერებმა. ბოლოს, 1845 წლის 2 იანვარს, იძულებით ჩასვეს ჟანდარმერიის ეტლებში და საქართველოდან გაყარეს.

აქ დარჩენილმა ქართველმა კათოლიკემ, ანტონ გლახაშვილმა, რომლის შესანიშნავი წერილები ცალკე გამოქვეყნდება, მოახერხა, რომ საერთაშორისო განსჯის საგნად ექცია ეს ფაქტი. მართლაც, დაიბეჭდა ევროპულ პრესაში, რომ რუსებმა საქართველოში სამასორმოცდაათი წლის მისიები პადრეების გარეშე დატოვესო. ამის საპასუხოდ რუსულმა სპეცსამსახურებმა საგანგებოდ მოამზადეს ვილნას კათოლიკურ სასწავლებელში პოლონური წარმოშობის რუსეთის „ორდინე იმპერიალეს“ ერთგული პადრეები, შემოიყვანეს საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებში ევროპელი კათოლიკე მისიონერების ნაცვლად და თავიც გაიმართლეს: ვინ თქვა, რომ მისიები პადრეების გარეშე დავტოვეთო. ამასთან დაკავშირებით ანტონ გლახაშვილი რომში კარდინალს სწერდა: უბედურება ისაა, რომ ეს რუსების ერთგული პადრეები აქ არა რელიგიური საქმიანობისთვის, არამედ კათოლიციზმის დასაკნინებლად ჩამოიყვანეს: ისინი ლოთობენ, არანაირ წესებს არ იცავენ, მოშალეს ყველაფერი...“

კათოლიკე მისიონერები ერეკლეს სამეფო კარზე

„კათოლიკე მისიონერები ერეკლეს სამეფო კარის დასავლეთთან ურთიერთობის შუამავლები არიან. სასულიერო პირების, როგორც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში შუამავლების ფუნქცია, საკმაოდ ძველია, მისი მოდელი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჯერ ათონელების აშკარა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით, რის გამოც გამოაძევეს კიდეც ისინი ათონის მთიდან, შემდეგ კი იერუსალიმისა და განსაკუთრებით ანტიოქიის ქართულ მთარგმნელობით-საგანმანათლებლო ცენტრებში სისტემური ხასიათი მიიღო იქ მოღვაწე ქართველი ბერების პოლიტიკურმა აქტივობებმა. სწორედ მათ ჩამოჰქონდათ რომის პაპის და შემდეგ კარდინალი პელაგიუსის წერილები ლაშა-გიორგისთან და რუსუდანთან. ერეკლეს დროს, როგორც ჩანს, სწორედ ეს მოდელი გამოიყენეს, ოღონდ ამჯერად არა უცხოეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები, არამედ საქართველოში მისიონერებად ჩამოსული კათოლიკე პადრეები ასრულებენ ამ ფუნქციას. როგორც ამ მიმოწერიდან ირკვევა, ისინი ერეკლეს კარზე ცხოვრობენ, მეფე ყოველდღიურად ხვდება მათ, ეთათბირება და მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ დავალებებსაც აძლევს, როგორ უნდა უშუამდგომლონ მათ რომის პაპთან, ამ უკანასკნელმა კი სიტყვა შეაწიოს ერეკლეს დასავლელ მეფეებთან, კონკრეტულად კი ავსტრიის იმპერატორთან, საფრანგეთის, სარდინიის, ნეაპოლისა და ვენეციის მეფეებთან“.

ქართულ-ევროპული ურთიერთობები

„როდესაც ბიზანტიის იმპერიას საფუძველი შეერყა, ქართველებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ შეენარჩუნებინათ საერთაშორისო ასპარეზი, მოეძებნათ სანდო მოკავშირეები.

ევროპელებისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესო გახდა დავით აღმაშენებლის დროს. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარი ლათინური ისტორიოგრაფია ჩვენში ნაკლებადაა შესწავლილი. საქართველო-დასავლეთის ურთიერთობის ამსახველ ლათინურ წყაროებზე ძირითადად, უცხოელი ისტორიკოსები მუშაობენ. ილიას უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის ფარგლებში საგანგებოდ შევისწავლეთ და ვთარგმნეთ შუა საუკუნეების უცნობი ლათინური წყაროები.

XII საუკუნის ერთ-ერთი ლათინური ქრონიკა პირდაპირ ამბობს, რომ იერუსალიმის მეფე ბოლდვინ პირველმა და დავით აღმაშენებელმა არა მარტო იცოდნენ ერთმანეთის მოქმედებების შესახებ, არამედ უშუალო კონტაქტები ჰქონდათ ანტიოქიის სამთავროსთან. ანტიოქიის ქართული სამწიგნობრო კერებში მყოფი ქართველი სასულიერო პირების გზით. ქრონიკა დაწვრილებით აღწერს, როგორ მონაწილეობდა დიდგორის ომში დავით აღმაშენებელი. ამ ომში დავით მეფის მხარეს იბრძოდა 200 მეომარი ფრანკი ჯვაროსანთა საერთო ლაშქრიდან. ეს დახმარება ჯვაროსანთა მხრიდან იყო მადლიერების გამოხატვა დავითის მიმართ, რომელმაც მათი საერთო მტერი, სელჯუკთა სულთანი დაამარცხა სამშვილდის ბრძოლაში და ამით როგორც სირიის ჩრდილოეთით მდებარე ანტიოქიის სამთავროს, ასევე ლათინთა იერუსალიმურ სამეფოსაც ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ქრონიკის ავტორი აქებს ქართველების საბრძოლო გამოცდილებას. ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დიდგორის გამარჯვების შემდეგ დავითმა სირიისა და ჩრდილოეთ ერაყის მუსლიმან სუვერენებს მოსთხოვა ფრანკი ტყვეების განთავისუფლება და მიაღწია კიდეც ამას.

ევროპულ სახელმწიფოებთან პოლიტიკური მაკავშირებლის როლს თამაშობს ანტიოქია ლაშა-გიორგის დროსაც. ცნობილია, რომ ლაშა-გიორგის იერუსალიმზე გალაშქრება ჰქონდა გამიზნული წმინდა ქალაქის გასათავისუფლებლად. ამასთან დაკავშირებით პაპმა ინოკენთი მესამემ სპეციალური გამამხნევებელი წერილიც კი დაწერა ლაშა-გიორგისთვის, მაგრამ უშუალოდ ლაშას კი არ სწერს, არამედ მიმართავს ანტიოქიის მთავარს და ამ წერილს, ოთხ სხვა წერილთან ერთად, აგზავნის ანტიოქიის სამთავროში, როგორც მაკავშირებელთან. როგორც ირკვევა, ეს წერილები ანტიოქიაში მყოფი ქართველი ბერების მეშვეობით აღწევდა ადრესატამდე.

ლათინური წყაროების მიხედვით, ირკვევა, რომ ლაშა-გიორგის განზრახვის შესახებ ყველა იყო ინფორმირებული: პაპმა ჰონორის მესამემ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1217-1222) ფრანგი და გერმანელი ეპისკოპოსები გააფრთხილა, რომ კარდინალი პელაგიუსი ელჩებს აგზავნიდა საქართველოში, რათა ამ მეომარ ხალხს სისრულეში მოეყვანა კეთილი განზრახვა, დახმარებოდნენ ჯვაროსნებს. ეს ელჩები მართლაც ანტიოქიის სამთავროს უშუალო დახმარებით ჩამოსულან საქართველოში და ლაშასგან პირობა მიუღიათ. ქართველების ეს გეგმა ვერ განხორციელდა და პაპმა ამის მიზეზი გეგმის ჩავარდნიდან ორი წლის შემდეგ შეიტყო რუსუდანის წერილიდან, რომელიც ბოდიშს იხდიდა, მონღოლები გამოჩნდნენ და იძულებული ვიყავით, მათ შევბრძოლებოდითო. რუსუდანის წერილები ჰონორის მესამესთან ისევ ანტიოქიის გზით ჩასულა.

როცა მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა, რუსუდანმა თხოვნით მიმართა რომის პაპს უნიის (გაერთიანება, კავშირი) თაობაზე, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის იმედით წამოწყებული საქმე კრახით დამთავრდა.

დასავლური პერსპექტივა XVII საუკუნეში ისევ წამოსწია წინა პლანზე განმანათლებელმა მეფემ ვახტანგ მეექვსემ. სულხან-საბა ორბელიანის დესპანობა ვახტანგ მეექვსის პროდასავლური პოლიტიკური გეგმა იყო, რომლის შესრულება, როგორც ამ წყაროებიდან ირკვევა, ერეკლე მეორემ სცადა. ერეკლეს პროდასავლური გეგმის შესახებ დიდი არაფერია ცნობილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში. როგორც ჩანს, დამარცხებული პოლიტიკური დისკურსი ქვეყნის ისტორიიდანაც ამოიშლება ხოლმე და კულტურული მეხსიერებიდანაც. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ერეკლეს არჩევანი რუსეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის უნდა გაეკეთებინა. დიახ, არჩევანის წინაშე ნამდვილად იდგა ერეკლე, მაგრამ რომელი არჩევანის? რეალურად ეს არჩევანი უფრო რუსეთსა და ევროპას შორის გაკეთდა. რუსეთმა ძალიან მოინდომა, რომ ერეკლეს პროდასავლური გეგმა არ განხორციელებულიყო“.

ერეკლეს გეგმა

„ერეკლეს ძალიან ემადლიერებიან მისიონერები. მას მოიხსენიებენ, როგორც უნიატ მეფეს, რეკომენდაციას უწევენ, შუამდგომლობენ პაპთან, კარდინალებთან და დასავლელ მეფეებთან. ერეკლე პროდასავლური ორიენტაციის ქართველებთან ერთად ცდილობს, ირანსა და ოსმალეთს შორის გაყოფილი საქართველო კათოლიკური ნიშნით მაინც იყოს ერთიანი და იბრძვის, რომ მთელ საქართველოს, თბილისის, გორის, ახალციხის მისიებს ერთიანი, საქართველოს პრეფექტი ჰყავდეს. როგორც ჩანს, გამაერთიანებელი პრეფექტის იდეა შუა საუკუნეების ქართულ გამოცდილებას, უფრო ზუსტად, მოდელს ემყარება. სწორედ რელიგიური გაერთიანება უძღოდა წინ შუა საუკუნეებში პოლიტიკურ გაერთიანებას. პროდასავლური ორიენტაციის მეფე ცდილობს, პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი გადადგას, თუმცა არათანმიმდევრულია. ერთიანი პრეფექტის იდეას რუსეთი ეწინააღმდეგება ხან ქართველების, ხან კიდევ კათოლიკე კავკასიელების ხელით. 1782 წლის ბოლოს და 1783-ის დასაწყისში ერეკლე მაინც ახერხებს სანდო პადრეებს, მათ შორის მაურო და ვერონას და ანდრეა და პალერმოს მეშვეობით გააგზავნოს წერილები რომის პაპთან და სთხოვოს მას შუამდგომლობა ევროპელ სუვერენებთან.

- როგორც ვიცი, ერეკლე მეფემ რომის პაპთან წერილი ქართულ ენაზე გაგზავნა. რატომ ქართულად?

- კი, წერილი ქართულად გაიგზავნა, დიდხანს ეძებდნენ რომში მთარგმნელს, მერე უკან მოაბრუნეს, ბოლოს ითარგმნა ჯერ თურქულად და ფრანგულად, რატომ მოხდა ეს, არ ვიცი. იმ პერიოდში საქართველოში საკმაოდ იყვნენ, ჯერ ერთი, იტალიელი და ფრანგი მისიონერები და მეორეც, იტალიურის მცოდნე ქართველი კათოლიკეები.

- თუმცა, ამ ფორმით წერილის გაგზავნამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მეფის ჩანაფიქრზე, წერილმა დაიგვიანა. როგორ დასრულდა ნათარგმნი წერილების ისტორია?

- ერეკლეს ბოლო დესპანები რუსებმა დაიჭირეს და ფირმანები დაუხიეს. ამ დროს გეორგიევსკის ტრაქტატიც ფორმდება. რთულია იმის თქმა, რატომ ემთხვევა ერთმანეთს დროში ეს ორი მოვლენა, ერთი მხრივ, 1783 წლის 19 ივნისს ევროპელი მეფეებისადმი გაგზავნილი წერილები და, მეორე მხრივ, რუსეთთან დადებული ტრაქტატი, რომლის შედეგი იმთავითვე აშკარა იყო. ამიტომ არის ეს პროექტი, რომ მსგავსი დეტალები გაირკვეს და აუხსნელ კითხვებს პასუხები გაეცეს“.

ერეკლეს წერილი და თხოვნა რომის პაპს

„ერეკლე სთხოვს რომის პაპს შუამდგომლობას დასავლეთის მეფეებთან. წერილი 1783 წლის 19 მარტითაა დათარიღებული. მასში ნათქვამია: „თურქთა წინააღმდეგ ომს გამოვაცხადებ. მართალია, სპარსეთისგან უფრო თავისუფალი ვარ, მაგრამ შიიტების გამუდმებულმა შემოტევებმა წელში გამწყვიტა. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ავსტრიის იმპერატორისგან ვითხოვ ორ შენაერთს, ორს - საფრანგეთისგან, ერთს - სარდინიისგან, ერთს - ვენეციისგან, ჯარის სახით. ვითხოვ ასევე პაპის შუამავლობას ზემოხსენებულ ხელისუფლებთან. სანაცვლოდ ამ მეფეებსა და მთელ დასავლეთს ვპირდები ჩემს სამსახურს“.

მეფის ჩაშლილი გეგმა, რუსიფიკაცია და ევროპული იდეის დისკრედიტაცია

„ირანსა და ოსმალეთს შორის განაწილებული საქართველოს გაერთიანების დაწყება მთელი საქართველოსთვის ერთიანი პრეფექტის დანიშვნით აშკარად მზადდებოდა. დასავლეთთან კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვებას მაშინ კათოლიკეებთან უნიატური დამოკიდებულების აღიარებით ცდილობდა პროდასავლური წრე. კათალიკოსი ანტონ პირველი და ზოგიერთი ეპისკოპოსი კათოლიკე გახდა; აშკარა პროდასავლურმა ტენდენციამ ძალიან გააღიზიანა თეიმურაზ მეორე, მან სასტიკად დაარბია ყველა კათოლიკური ეკლესია თბილისსა და გორში, კათოლიკეების ორივე საავადმყოფო. ამის შემდეგ კათალიკოს ანტონ პირველს დაიბარებენ რუსეთში და ის სინოდის წინაშე მოინანიებს თავის საქციელს. ცხადია, მაშინ ამ ყველაფერს სამეფო კარის მხრიდან არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური გაერთიანებისა და მოკავშირეობის მიზანი ჰქონდა.

რუსეთის მოკავშირედ არჩევისას, სხვა არგუმენტებთან ერთად, ამ ქვეყნის ერთმორწმუნეობა სახელდებოდა. ამას ემატებოდა მართლმადიდებლობის, როგორც ინკულტურაციული, ანუ მშობლიურ ენაზე განვითარებული რელიგიური ტრადიციის, უპირატესობა. სინამდვილეში რა მივიღეთ? დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვა და აკულტურაცია, უფრო ზუსტად, სრული რუსიფიკაცია.

საინტერესოა სოლომონ მეორის სამეფო კართან დაკავშირებული ისტორიები. როგორც ცნობილია, სოლომონმა ყველაზე გვიან მიიღო რუსული ფიცის წიგნი. იმერეთის სამეფო კარი კეთილგანწყობილი იყო კათოლიკეების მიმართ, მაგრამ ევროპელი მისიონერები ყველაზე სასურველ სტუმრებად მაინც დადიანების კარზე ითვლებოდნენ. როგორც ჩანს, ამიტომაც „შეარჩიეს“ რუსებმა სოლომონის გარემოცვა და დადიანების კარი ევროპელ მისიონერებთან დაკავშირებული სკანდალური ისტორიისთვის: გაურკვეველ სიტუაციაში სოლომონ მეორის კართან დაახლოებული პადრეები უცებ გაუჩინარდნენ. როგორც ამჟამად ამ ისტორიაზე მომუშავე ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა, პროფესორმა დონალდ რეიფილდმა გვითხრა (ის მონოგრაფიას ამზადებს ამ თემაზე), ერთ-ერთ მათგანს „შეაბრალეს“ დადიანის მკვლელობა. ამ დაბრალებას იოლად მიება ევროპული იდეის დისკრედიტაცია: აი, ესენი არიან ევროპელები. ბატონი დონალდის მიერ ჩატარებული კვლევის ცალკეულ დეტალებზე, ცხადია, არ ვისაუბრებ, იმედია, მალე დაიბეჭდება მისი წიგნი. ამ შემთხვევაში თავად „ტექნოლოგიაა“ საინტერესო, როგორ უკავშირებენ რუსები მათთვის არასასურველ ევროპელებს დრამატულ ისტორიებს მათი დისკრედიტაციის მიზნით. მსგავს დავალებას ასრულებდნენ რუსეთის „ორდინე იმპერიალეს“ ერთგული პადრეები, რომლებიც რუსებმა ჩამოიყვანეს საქართველოში მათ მიერ საქართველოდან გაძევებული ევროპელი მისიონერების ჩასანაცვლებლად და, როგორც ზემოდასახელებული ანტონ გლახაშვილი ამბობს, კათოლიკეთა სახელის დასაკნინებლად“.

ისტორიის გაკვეთილები

„როგორც ჩანს, პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია ძველი და ნაცადი ხერხია რუსებისთვის. ის ახლაც მშვენივრად „მუშაობს“ ჩვენს ქვეყანაში. დღეს არცთუ იშვიათად გაიგონებთ, რა უნდა ჩვენგან ევროპას ან ამერიკას? ჩვენი დაპყრობა, განადგურება. ისინი ჩვენს რელიგიას ებრძვიან, ერთადერთი ჩვენ ვართ სიწმინდის დამცველები, სხვები კი უღმერთო ცოდვილები არიან. ამ შეუწყნარებლობაში თავს ხშირად ფსევდოისტორიული არგუმენტებითა და ფსევდოწარსულის ერთგულებით ვიმართლებთ. სინამდვილეში პირიქითაა: გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების რელიგიური ისტორიოგრაფიის მოდელის მიხედვით შექმნილი ქართული საისტორიო კონცეფცია ლეონტი მროველისა, ათონზე, ანტიოქიასა და იერუსალიმში მოღვაწე ქართველთა რელიგიური თუ ეროვნული თვითშეგნება არა ერთადერთობისა და სხვათა შეუწყნარებლობის, არამედ კაცობრიობის, როგორც ერთი საწყისიდან წამოსული მრავალფეროვნების იდეას დაეფუძნა, იდეას, რომელსაც რადიკალურად უპირისპირდებოდა ბიზანტიური და მოგვიანებით მისი მემკვიდრე სლავურ-რუსული საისტორიო ცნობიერება. ბიზანტიურმა საისტორიო დისციპლინამ ვერ „შეამჩნია“ მსოფლიო ისტორია, როგორც ეთნოსებისა და ერების განვითარების კანონზომიერება და ამოსავალ წერტილად აქცია არა მრავალფეროვნება და საისტორიო განვითარების ლოგიკა, არამედ ბიზანტიის კეისრის, როგორც მსოფლიო მბრძანებლის, მსოფლიო წესრიგის გარანტის, იდეა. ამ იდეით ზოგჯერ ისე ვიწამლებით, რომ ქართველი ათონელების ტრადიცია კი არა, ბიზანტიურ-რუსული ამბიციები გვგონია საკუთარი წარსული...“

ისტორია, საქართველო

Previous post Next post
Up