ნოდარ ლადარია: ეს არის ჩვენი სახლ-კარი - დაუნგრევლად ვერ აშენდება

Feb 01, 2013 20:28

ყველი და ჭიები

ნოდარ ლადარია
24 საათი
03.02.2013



ადამიანი უსამართლო არსებაა. ასე რომ არ იყოს, აბა, სამართალი რისთვის დასჭირდებოდა და იურისტების არმიას რისთვის აჭმევდა პურს?

არც მე ვარ გამონაკლისი ამ წესიდან, თუმცა კაცობრიობასთან გასაერთიანებლად ეს ალბათ ერთადერთი თვისება არ უნდა იყოს - მეორე ის არის, რომ ხანდახან მაინც მჩვევია ოდესღაც გამოთქმული აზრებისა და მტკიცედ გამოხატული პოზიციების გადახედვა. ჰოდა, ახლაც ვიფიქრე, იქნებ ზედმეტად უსამართლო ვიყავი მათ მიმართ, ვინც ესთეტიკური პრინციპებიდან გამომდინარე აფასებდა პოლიტიკურ მოვლენებსა და ზოგჯერ თვით პოლიტიკას? მარტივად რომ ვთქვათ, სულ იმას ვამბობდი, იყოს ბათუმის ახალი არქიტექტურა კიჩური, ოღონდ სახელმწიფო არ დაინგრეს-მეთქი.

ამ პოზიციის შეცვლას, არსებითად, არც ახლა ვაპირებ, მაგრამ უეცრად დამაინტერესა: იქნებ არსებობს ჩვენი ესთეტიკური გრძნობის რაღაც ღრმა და დაფარული დეფექტი, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აწყობას აბრკოლებს? ასეთი აზრი მაშინ გამიჩნდა, როდესაც თბილისის ერთ დახლზე თვალი მოვკარი კომპანია "სანტეს" ახალ ბრენდს: ყველი "ქარხნული". ამ რეალურად არცთუ ცუდი ნაწარმის ერთი კილოგრამი თერთმეტ ლარად იყიდება. მინდა მჯეროდეს, რომ "სანტეს" მსგავსი სერიოზული კომპანიები სამარკეტინგო გადაწყვეტილებებს საქართველოშიც კი ჰაიჰარად არ იღებენ: ჯერ კვლევას ატარებენ, ფოკუს-ჯგუფებს თუ ათას მეცნიერულ ოხრობას უკვეთავენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ ქსელში ახალ პროდუქტს. ჰოდა, მაშინ დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა: მას, ვინც კილოგრამში თერთმეტ ლარს იხდის, დამოუკიდებლობის ოცდამეორე წელს რატომ უნდა ხიბლავდეს ან, უბრალოდ, იზიდავდეს ეპითეტი "ქარხნული"?

რა თქმა უნდა, არსებობს ერთი გარემოება: ეგრეთ წოდებული "ჰენდმეიდი", ანუ ინდუსტრიის მიღმა ტრადიციული ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ინდუსტრიულ ნაწარმზე უფრო ძვირად ფასობს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში მხოლოდ უნდობლობას იწვევს. მაგრამ ეს გარემოება მხოლოდ აძლიერებს არგუმენტაციას, რადგან თუ კარგად დავუკვირდებით, ჰენდმეიდისადმი უნდობლობასა და ეპითეტ "ქარხნულის" მომხიბლაობას ერთი და იგივე საფუძველი აქვს.

ამან გამახსენა თამბაქოს მაღაზია...

იტალიური კანონმდებლობის ერთი თავისებურების გამო, რომში ცხოვრებისას, ხშირად მიწევდა თამბაქოს მაღაზიაში შესვლა - მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი ოფიციალური საბუთებისთვის აუცილებელი ღერბიანი ქაღალდის შეძენა. თამბაქოს მაღაზია კი ერთობ საგულისხმო ადგილია: მაშინვე უცნაურ და რთულ სამყაროში აღმოჩნდები, სადაც ლურჯ და წითელ "ვინსტონს" შორის განსხვავება - ქართველ მწეველთა გემოვნების ძირითადი საზომი - სასაცილო ხდება. დავანებოთ თავი საკუთრივ თუთუნის ნაწარმს: გარდა ფილტრიანი სიგარეტის და სიგარისა, ეს სფერო კიდევ მრავალ სხვა სახეობასაც ითვლის, თითოეული სახეობა კი უამრავ დასახელებას, რომელთაგან თითოეული საკუთარი ფაქიზი ღირსებებით გამოირჩევა. ამის გარდა, არ დაგვავიწყდეს აქსესუარების არანაკლებ რთული და დატოტვილი სისტემა: ჩიბუხები, ყალიონები მათი სათადარიგო ნაწილებითა და საწმენდი კომპლექტებით, სიგარის მოსაჭრელი დანები, მუნდშტუკები, საფერფლეები, სანთებელები, ათასგვარი ასანთი... მასალებიც - ვერცხლი, ოქრო, ლეგირებული ფოლადი, ხის ძვირფასი ჯიშები, ქარვა, გიშერი, სადაფი, სპილოს ძვალი... თვით ინტერიერის სტრუქტურა, განათება და სურნელი... ამის მერე კი ისტორია: ეტიკეტები, კედლებზე დაკიდებული გამოსახულებები, ანტურაჟი და კიდევ ვინ იცის რამდენი შეუმჩნეველი ფაქტორი ქმნის შეგრძნებების ნაკრებს, რომელშიც ადამიანი სხვადასხვა ეპოქისა და ადგილის ატმოსფეროს გამოიცნობს, ბავშვობაში წაკითხული წიგნების გემოს გაიხსენებს კარიბის ზღვის მეკობრეებიდან შერლოკ ჰოლმსამდე... სურათს ადამიანები აგვირგვინებენ - მუდმივი კლიენტები და შემთხვევით შემოხეტებული მოყვარულები, მათი საუბრები და ჩუმი, კეთილგანწყობილი მსჯელობა.

ის, რაც ასეთ მრავალფეროვნებას არ გულისხმობს, არც ტრადიციის სახელს იმსახურებს. ამიტომ ჩვენს ბეჩავ სინამდვილეს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ შევაბიჯოთ მაღაზიაში "ყველის კუთხე"... კვლავ გაკვირვება და უნდობლობა: თაფლი, წიწაკა, პრასა და ნიახური, ფორმისა და ფერის ნაირგვარობა მხოლოდ გაუგებრობას იწვევს: "მოიგონებენ ათას რაღაცას!" მართალია, მარადიული "იმერულისა" და სულგუნის მუშტრები ასეთ ფრაზებს მხოლოდ მერე, ქუჩაში გამოსულნი ამბობენ ხოლმე, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება სავსებით გასაგებია: ილუსტრირებულ გზამკვლევთა მკითხველის გარდა, აბა, ვის შეიძლება ეგონოს, თითქოს ბუნებრივად მუსიკალური ქართველები "ჩაკრულოსა" და "ხასანბეგურას" მღერიან? - სინამდვილეში ისინი "კაკლის მურაბასა" და "დიპლიპიტოზე" ცმუკავენ.

ადამიანური საქმიანობის ყველა სფერო, ყველა დიდი და მცირე მიმართულება - კოსმოსის ათვისებიდან ზურგის ფხანამდე - გართულებას ლამობს, შემოქმედებით სისრულეს ესწრაფვის. ყოველი პატარა საგნის ან ჩვევის გარშემო თანდათანობით ვითარდება კულტურა, ყალიბდება გემოვნება, წარმოიშობიან მცოდნეები და არიფები, წარმოითქმის და იწერება ტექსტი. ეს ბუნებრივად ხდება. ჩვენი დუხჭირი ყოფა კი ერთ წვერებიან ანეკდოტში მოხსენიებული ძველთაძველი საპარიკმახეროს ასორტიმენტს ჰგავს: "პოლუბოქსი გინდა თუ მიორე?". კრეატიულობის დეფიციტი ეტყობა უკლებლივ ყველაფერს. აი თუნდაც შუშხუნა ღვინოების სახელები გავიხსენოთ: "სამეფო", "სათავადო", "ბაგრატიონი"... "სოვეტსკოე შამპანსკოეს" დროიდან ძალით გაღვიძებული და ტრადიციულობას მოწყურებული მარკეტინგი გვარიშვილობის დახავსებულ სატყუარას ებღაუჭება... ან რომელი თავმოყვარე ადამიანი ააშენებს რესტორანს დიღმის მასივიდან გლდანისკენ მიმავალ გზაზე, მტვრით, სამშენებლო ნაგავითა და წარსულის ჟანგიანი ნარჩენებით გატენილ უსახურ გარემოში, რომ მერე იქ ატროფირებული გემოვნების კონტინგენტი მიიზიდოს, აი ის, ღვინის უმთავრეს ღირსებას მეორე დღის თავისტკივილით რომ აფასებს. მთელი ცხოვრება თითქოს სასაცილო და აბსურდული სარეკლამო ფორმულებით არის აგებული: "ევროპულად დაყენებული იმერული ღვინო" ან "უახლეს გერმანულ დანადგარებზე მოხარშული ძირძველი ქართული ლუდი"... ჭეშმარიტად: თუ ვინმეს ბრძენ ქართველ ერთანაც კი გასდის ასეთი თავხედური ტყუილი, იგი, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოტყუებასაც მოახერხებს.

ხუმრობა იქით იყოს და მდგომარეობა მართლაც მძიმეა: როცა ადამიანები ვერ ხვდებიან საქმიანობისა და მისი შედეგის მნიშვნელობას, როცა ვერ ამჩნევენ დაბალ ხარისხს ან არ აწუხებთ პროფესიული ღირსება, მათ აღარაფერი რჩებათ საკუთარი თავისა და ერთმანეთის გარდა. გარკვეული აზრით ჩვენ უკვე ზეციურ საქართველოში ვცხოვრობთ, რადგან ერთმანეთს მხოლოდ "სიყვარულისა" და "მოფერების" მიხედვით ვაფასებთ, თითქოს სხვა არაფერი გვჭირდებოდეს. რა გასაკვირია! - სხვას სხვა მოგვცემს - ან იმათ წაართმევს, ვისი სასახლეების ფოტოებს ოდესღაც მთავრობის სხდომებზე აფრიალებდა, ან სულაც საკუთარი ჯიბიდან გაიღებს. ოღონდ მიწიერი გონებისათვის აუხსნელი რჩება, რატომ მიიჩნიეს, რომ ეს მეორე ვარიანტი უფრო საიმედოა.

სხვის იმედზე მყოფი ყოველთვის არხეინად მიაცუხცუხებს სათესლე ხორბალს წისქვილში, ხოლო მას, ვინც საუკუნეების განმავლობაში სამადლოდ არსებობას მიეჩვია, არ ადარდებს ცხოვრების ფაქიზი მხარეები - იმითაც კმაყოფილი იქნება, თუ მანდარინს და ვაშლს გაიტანს როსტოვში. ამგვარი გაღარიბებული რეალობის ბინადარნი და შესაბამისად ღატაკი ზნეობის მქონენი ათწლეულების განმავლობაში გულში იხუტებდნენ და მშობლიურ კურთხევას აძლევდნენ საკუთარ შვილებზე მოძალადეებს, თითქოს სიტყვა "გაუპატიურების" ადგილას თუ სიტყვა "მოტაცებას" ჩავდგამთ, საქმის არსი შეიცვლება.

საერთოდაც რა საჭიროა საქმის არსი, მხოლოდ ხელს უშლის "სიყვარულისა" და "მოფერების" საშვილიშვილო საქმეს, წმინდა ტრადიციას - გავაუქმოთ, ამოვშალოთ ცხოვრებიდან ეს "საქმის არსი". მით უმეტეს, რომ არ იჭმევა. თუკი "ძმობა", "მეგობრობა" და პოლიტიკურ სფეროში უბილეთოდ შემოპარული სხვა ცარიელი სიტყვა გაამართლებს სულიერ ჩმორობას, მაშინ რაღაა სადარდებელი?

ჰოდა, სწორედ ასეთ გონებრივად და მორალურად განუვითარებელ გარემოში არა თუ თამბაქოს მაღაზიამ ან ყველის დახლმა ვერ გაიხარა, არამედ კულტურულ მონაპოვართა მოვლა-პატრონობაც სასცენო მეტყველების ენაბლუ მასწავლებლებმა აიღეს ხელში.

რა მნიშვნელობა აქვს თბილისის ოპერისა და მისი ორკესტრის წარმატებებს? აბა, ეს ვის აინტერესებს? - ხდება, როცა ლოკალური ბომონდი შუა სიმფონიაში, გრანდ პაუზის დროს მოწყენილობას ტაშის ცემით შეებრძოლება ხოლმე და ახლა ამათ შესრულების ნიუანსები და საერთაშორისო მიღწევები ადარდე! მთავარი ისაა, ვის ხელში აღმოჩნდება თეატრის სარემონტოდ გადარიცხული თანხა. თუ ადმინისტრირების პროცესს დავაკვირდებით, მის "შემოქმედთა" წარმოთქმულს მოვისმენთ, ვერაფრით შევატყობთ იმ სპეციფიკას, რომლის დაცვას მოითხოვს ესა თუ ის სფერო: როცა ყველაფერს ის წყვეტს, ეკუთვნის თუ არა ესა თუ ის ადამიანი "სასტავს", მაშინ იკარგება განსხვავება თეატრსა და პურის საცხობს, საავადმყოფოსა და სპორტულ ფედერაციას, უნივერსიტეტსა და ცხენსაშენს შორის. სამაგიეროდ თავს წამოჰყოფს ცნება "ნიჭიერი მინისტრი" - თანაც ცხოვრებაში პირველი დანიშვნიდან ნახევარი საათის შემდეგ...

ახლა უკვე იმის გარკვევასაც არა აქვს აზრი, რამ განაპირობა გონებრივ-მორალური ატროფია, სპარსეთსა და თურქეთს შორის მუდმივმა რხევამ, რუსეთის იმპერიაში ეგზოტიკურმა "ტუზემცობამ" თუ მკვდრადშობილმა სოციალისტურმა მომავალმა. ახლა უბრალოდ ადამიანური არჩევანია გასაკეთებელი და ამ არჩევანის მიზანი საქართველოს კულტურულ სივრცეში არ მდებარეობს - თვით არჩევანი ამ სივრციდან გამოსვლას, მის გაფართოებას ნიშნავს. ასეთი რამ კი ძალდაუტანებლად ვერ მიიღწევა, რადგან უნდა შევიგნოთ, რომ თბილისში, ცხვედაძის ქუჩაზე წამოჭიმული ქონგურებიან-ჩუქურთმიანი სახლი და ჩუმლაყის ორღობეში ჭიშკრის მაგიერ მორგებული "კამაზის" ჟანგიანი კარი ერთი და იმავე მახინჯი ცხოვრების ორი ფრაგმენტია და მათ შუაში მხოლოდ ერთი მოკლე დეფისი თუ ჩაეტევა: ეს არის ჩვენი სახლ-კარი - დაუნგრევლად ვერ აშენდება.

ნოდარ ლადარია, საზოგადოება, საბჭოთა საქართველო

Previous post Next post
Up