,,მე დიმასთვის ტყვიაზე წავალ!''ლელა ტატიშვილი
ორშაბათი, 29 ოქტომბერი, 2012; 15:49
დიმიტრი შაშკინის სკანდალური დოსიე
ამ სტატიის წერა 4 ივლისს დავიწყე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრად ინიშნებოდა. ამ ადამიანზე საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა ინფორმაციის დეფიციტი, მისი პირადი ცხოვრება რკინის ფარდით იყო დაფარული, ამიტომ ამ სამთვენახევრის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხდი, დავსვი უამრავი კითხვა და გადავამოწმე უამრავი ფაქტი. სწორედ ამ პერიოდში მთავრობაც შეიცვალა, შაშკინმა დატოვა საქართველო, მაგრამ, ჩემი აზრით, ის, რაც მოვიძიე, ახლაც მნიშვნელოვანია, რადგან, ისეთი ფიგურები, როგორიც შაშკინია, როგორც ჩანს, პოლიტიკაში შემთხვევით არ ჩნდებიან და არც პოლიტიკური სპექტრიდან ქრებიან.
ფართო საზოგადოებამ დიმიტრი შაშკინი 2009 წლის დასაწყისში გაიცნო, როდესაც ის სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა. ამავდროულად გაირკვა, რომ თურმე კარგად იყო ცნობილი როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ელიტისთვის. დიმიტრი შაშკინი 11 წელი საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) მუშაობდა. ორგანიზაციაში, რომელიც რონალდ რეიგანის მიერ 1984 წელს იყო შექმნილი და რომლის ხელმძღვანელი სენატორი მაკკეინია. დირექტორთა საბჭოში შედიან ცნობილი რესპუბლიკური ლიდერები. როგორ მოხდა IRI-ში შაშკინი, უცნობია, რადგან მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მონაცემები ძალიან შეზღუდულია. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ პიროვნების უკან, აშკარად რაღაც იმალება. ბიოგრაფიის მიხედვით, შაშკინი იურისტი, ოფიცერი და პროფესიონალი პირადი მცველია. ის IRI-მდე ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამერიკელ იურისტთა ასოციაციაში. სულ ეს არის. მეტი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.
პირველი, რაც მასზე ინფორმაციის მოძიებისას გავაკეთე, შაშკინის გვარი ,,დავგუგლე'' და საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მის შესახებ პირველი ინფორმაცია დათარიღებულია 1999 წლით და დაკავშირებულია მკვლელობასთან, რომელიც ბაქოში მოხდა. მოკლეს შაშკინის კოლეგა და მეგობარი, რომელიც მასთან ერთად საქართველოში მუშაობდა და შემდეგ აზერბაიჯანში გადავიდა. ეს იყო გახმაურებული საქმე, რომელზეც არსებობდა ამერიკის კონგრესის რეზოლუცია, მაგრამ საქმის დეტალები გასაიდუმლოებული დარჩა. ერთ-ერთმა ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ არაოფიციალურად ისიც მითხრა, რომ გამოძიებაში ჩართული იყო სადაზვერვო სამსახურები და ამიტომ, როგორც არ უნდა მოენდომებინა, დეტალებს ვერ გაიგებდა. მე ვკითხე ამ საქმის შესახებ ქართველ პოლიტიკოსებს და გაირკვა, რომ მოკლულს კარგად იცნობდნენ, რადგან ერთი წელი საქართველოში მუშაობდა და მათივე არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი მზვერავი იყო...
1999-2009 წლებში შაშკინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აქტიურად იყო ჩართული IRI-ს საქმიანობაში საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და პარტმშენებლობის საკითხებზე. 2009 წელს კი, ახლადშექმნილ სამინისტროში _ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად ინიშნება. მისი პირველივე ოფიციალური ვიზიტი, რა თქმა უნდა, ხორციელდება ამერიკაში. დაბრუნებისთანავე სამინისტროში ჩნდებიან ამერიკელი კონსულტანტები. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს ძველი თანამშრომლები ყვებიან, ჩამოსული ამერიკელები იყვნენ ბუშის ყოფილი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, რომლებსაც შაშკინი უსიტყვოდ ენდობოდა. ახალ სამინისტროში შაშკინმა ახალი გუნდი მოიყვანა, რომელიც მის მიმართ დიდი ლოიალობით გამოირჩეოდა და მომავალში მასთან ერთად სხვა სამინისტროებში გადადიოდნენ. გარდა სასჯელაღსრულების საკითხებისა, სააკაშვილი შაშკინს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას ავალებს. ოპოზიციური პარტიები ამ ამბავს ნეგატიურად ხვდებიან. ერთი მხრივ, ისინი ამ დანიშვნას პოლიტიკურ დატვირთვას აძლევენ და აცხადებენ, რომ შაშკინი ამერიკელების წარმომადგენელია და ამდენად, ის მათთვის მისაღები ფიგურაა, თუმცა, მეორე მხრივ, რა დიალოგი შეიძლება შედგეს ციხის მინისტრთან...
2009 წლის აპრილში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს, თბილისში ქალთა კოლონიაში ბუნტი მოხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საკნების აქციები მიმდინარეობს და ოპოზიცია დღე-დღეზე სააკაშვილის რეჟიმის დასასრულს ელოდება. ამ ბუნტზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და ამაში არაფერია გასაკვირი: სადაც შაშკინია, იქ ყოველთვის ინფორმაციის ნაკლებობაა. აი, რისი გარკვევაც შევძელი პატიმრებისგან, ინტერნეტითა და ერთ-ერთი ყოფილი ბადრაგისგან, რომელიც ამ დროს ქალთა კოლონიაში მუშაობდა: ბუნტი სპონტანურად ატყდა. ქალებმა, მათი აზრით, არასამართლიანი შეწყალება გააპროტესტეს. რამდენიმე პატიმარმა სამედიცინო ნაწილი დაარბია და ფსიქოტროპული წამლები წამოიღო, რის შემდეგაც პროცესი უმართავი გახდა. ბუნტის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთში, კოლონიაში სამი კაცი - შაშკინი, მისი მოადგილე ლევან ზარანდია და დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა შედის. აღსანიშნავია, რომ აბუნტებულ კოლონიაში, სადაც გარეთ 800 ქალი იყო გამოსული, შაშკინს არ შეეშინდა და მათთან მხოლოდ ორ ადამიანთან ერთად შევიდა. როგორც ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ყვება, შაშკინი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა ქალები დაპირებებით შენობაში შეეყვანა. მოლაპარაკება დამთავრდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა ეგრეთწოდებული სპიცი ზარანდიას ყელზე მიადო... შაშკინი, ზარანდია და ჭაკუა კოლონიას ტოვებენ. ამასობაში კოლონიის გარშემო ოპოზიციონერები იკრიბებიან და ყველა სპეცრაზმის შეყვანას ელოდება. მოგვიანებით, შაშკინი ოპოზიციას ბუნტის ინსპირირებას დააბრალებს და ჩანაწერებს გამოაქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერები ამბოხებულ ქალებს დირექტივებს აძლევენ.
გადის რამდენიმე საათი, მაგრამ სპეცრაზმი არ ჩანს. უკვე შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შაშკინს სხვა გეგმა ჰქონდა: სპეცრაზმი შევა კოლონიის ტერიტორიაზე მტკვრის მხრიდან, დაანგრევს კედლებს და 6 საათის განმავლობაში სრულ სიჩუმეში დაელოდება შაშკინის ბრძანებას შტურმის შესახებ. დილის 4 საათზე სპეცრაზმი ამ ბრძანებას მიიღებს. როგორც ჩანს, შაშკინმა დასამშვიდობებელ წერილში სიმართლე თქვა - არც ერთი პატიმარი არ დაზარალებულა! სპეცოპერაცია ჩატარდა ნამდვილად მაღალ დონეზე. სპეცრაზმი ახალ მინისტრს ამას დაუფასებს. სხვათა შორის, ამბობენ, რომ შაშკინის სისტემიდან წასვლის შემდეგაც სპეცრაზმელები პირველ სადღეგრძელოს შაშკინის სადღეგრძელოს სვამდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ეს ვერ აიტანა ხათუნა კალმახელიძემ და ამისათვის მოგვიანებით, სპეცრაზმის უფროსი მოხსნა...
შაშკინის რვათვიანი საქმიანობა სასჯელაღსრულების სამინისტროში, გარდა ქალთა ბუნტისა, საზოგადოებას ბევრი PR-ითა და პრობაციის რეფორმით დაამახსოვრდა. ბევრი ჩვენი მოქალაქე პირველად გაიგებს, რა არის პრობაცია და რესოციალიზაცია.
2009 წლის დეკემბერში სააკაშვილი შაშკინს განათლების მინისტრად ნიშნავს და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ეს სფერო ყოველთვის ითვლებოდა თავისუფლების ინსტიტუტის ეპარქიად. სპეციალისტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ დაიწყება ბრძოლა ახალი გავლენებისთვის, რადგან შაშკინის ზურგს უკან ძალიან ნათლად ჩანდა ორი ყველაზე გავლენიანი მინისტრი - მერაბიშვილი და ადეიშვილი. შაშკინის დანიშვნის შემდეგ განათლების სამინისტროში პროკურატურა და ,,კუდი'' შედის, იწყება კორუფციული სკანდალები, ციხეში მიდიან ლომაის კადრები. სამ წელიწადში შაშკინმა განათლების სფეროს თავისუფლების ინსტიტუტი მთლიანად მოაშორა. პარალელურად, ეტყობა ხურდაში, მანანა ღურჭუმელიძის პროფკავშირსაც დააკარგვინა გავლენები. სამსახურს კარგავს თსუ-ს რექტორი ხუბუა, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა ყოფილმა გენპროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ; იცვლებიან სკოლებისა და პროფსასწავლებლების დირექტორები; სკოლებში შემოდიან მანდატურები... სააკაშვილი თითქმის ყოველკვირეულად გამოდის ახალი იდეებით განათლებაზე და შაშკინი უფროსის დავალებებს ასრულებს. ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ლომაიას უკანასკნელი კადრი - მაია მიმინოშვილი განწირულია და მისი მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია. ასეც მოხდა, შაშკინი მიმინოშვილის მოხსნას გამოცდების მიმდინარეობის პროცესშიც კი არ მოერიდა და თავის თავზე აიღო გამოცდების ჩატარება. შაშკინი არანაირი პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბის. ის სიამოვნებით იღებს ნებისმიერ ტვირთს. განათლების
მინისტრობისას შაშკინი ხურავს რუსულ სკოლებს, აუქმებს სექტორს და პირველი კლასიდან შემოაქვს ინგლისური ენა. საქართველოში ჩამოჰყავს ათასობით ამერიკელი მასწავლებელი. ამ პროგრამას კი ამერიკის მოქალაქე კურირებს. ოპოზიცია შაშკინს კვლავ ამერიკული სპეცსამსახურების აგენტობას აბრალებს. რუსული მასმედია პრეზიდენტს და მის მინისტრს ისტერიული ტონით ლანძღავს... შაშკინი მართავს განათლების სისტემას ხისტად და მკაცრად. ის არ ერიდება ღიად გააფრთხილოს სკოლის დირექტორები: ,,ფული არ მოიპაროთ, თორემ თქვენს სისხლს დავლევ''. განათლების სამინისტროს თანამშრომლები ყვებიან, რომ შაშკინი უზომოდ ენდობოდა თავის გენერალური ინსპექციის უფროსს და ადმინისტრაციის უფროსს. 2010 წელს, გენ-ინპექციის უფროსი ერთ-ერთი სკოლის დირექტორის დახმარებით, ფარულად ჩაწერა თეა თუთბერიძემ. ,,მე დიმასთვის ტყვიაზე წავალ'' - ამბობს გენ-ინპექციის უფროსი. თუთბერიძე ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში პროკურატურაში ჩიოდა, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ ადეიშვილი თავის მეგობარს ყოველთვის ზურგს უმაგრებდა. განათლებაში შაშკინი დაპირისპირებას არც გავლენიან ფინანსურ ჯგუფებთან ერიდებოდა. ერთ-ერთი გამომცემელი ყვება, რომ შაშკინმა ის თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა: ,,ან სახელმძღვანელოებზე ფასს დაწევ, ან ციხეში გაგიშვებ''. გამომცემელმა ფასები დაწია...
სააკაშვილს შაშკინისთვის საჯაროდ შენიშვნა არც ერთხელ არ მიუცია. ხშირად აქებდა კიდეც, ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა შაშკინი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. გაცილებით ფრთხილად იქცევა შაშკინი თავდაცვაში. პირველ ეტაპზე, მას არც მასობრივი გათავისუფლებების და არც დიდი გადაადგილების გადაწყვეტილება მიუღია. როგორც ჩანს, სიტუაციას სწავლობდა. ყველაფერი ლოპოტაში სპეცოპერაციის შემდეგ შეიცვალა. რეალურად რა მოხდა ლოპოტაში, დღემდე უცნობია. როგორც ჩანს, ბოლომდე სიმართლე მხოლოდ ახალაიამ და შაშკინმა იციან, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში შაშკინი თანამდებობიდან ხსნის ბაჩო ახალაიას უახლოეს მეგობარს, სამხედრო პოლიციის უფროსს მეგის ქარდავას და მის ადგილზე თავის ძველ თანამებრძოლს, განათლების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსს ნიშნავს.
სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მონაყოლით ირკვევა, რომ იმ დღეს, როდესაც ბაჩო ახალაია შსს მინისტრობიდან გადადგა, სამხედრო პოლიციაში განგაში იყო გამოცხადებული. შაშკინის კაბინეტში მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უფროსი, შტაბის უფროსი და სპეცდანიშნულების მეთაურები იმყოფებოდნენ. სამინისტროში იმასაც ყვებიან, რომ შაშკინის კაბინეტთან სპეცრაზმის ელიტარული ბატალიონების მეთაურები და ოფიცრები იდგნენ. ყველა რაღაც ბრძანებას ელოდებოდა. სიტუაცია განიმუხტა მხოლოდ დილის 7 საათისთვის. ცნობილია ისიც, რომ გენშტაბის უფროსი და სამხედრო პოლიციის უფროსი ღამით მე-4 ბრიგადაში იმყოფებოდნენ...
არჩევნების შემდეგ შაშკინმა ქვეყანა დატოვა. ვრცელდება სხადასხვა ვერსიები, რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი. ვფიქრობ, იყო ფაქტორების ერთობლიობა: დაპირისპირება ახალაიასთან, ადეიშვილის გაუჩინარება და ამერიკელების მომენტი. შესაძლოა, შაშკინი არ იყო დასაჭერ პირთა სიაში, მაგრამ ის ძალიან საინტერესო, ინფორმაციის მოპოვების კუთხით იყო... მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაია და შაშკინი უნიკალური ინფორმაციის მატარებლები არიან. ოთხიდან სამი უკვე ქვეყანაში არ იმყოფება...