განცხრომა ოცნებებში!!!რეზო შატაკიშვილი
15.10.2012
„ეგონა“, „გეგონა“, „მეგონა“... ამ ზმნის უღლება სწორედაც რომ უპრიანია ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გადამკიდე.
ყველას რაღაც ეგონა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ პარლამენტი აირჩევდა პრემიერ-მინისტრად და არ დასჭირდებოდა სააკაშვილის წარდგინება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეგონა, სააკაშვილი არ აღიარებდა მარცხს, მეტიც, არ გააყალბებდა არჩევნებს... მას საერთოდ სხვაგვარი ეგონა იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც უნდა მართოს. ეს უკვე აღმოაჩინა და ახლა უკვე სხვა რამ ჰგონია - „ჭკუაზეა მოსაყვანი კონსტიტუციაო“. ქვეყნის უმთავრეს კანონს რომ ახალი მმართველი ასე უყურებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას უპირებს სხვა, რიგით კანონებს. და კიდევ: მას ჰგონია, რომ ჭკუაზე მოიყვანს კონსტიტუციას. მაგრამ როგორ ახლებს ხელს კონსტიტუციას, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ჰყავს? მას ისევ ჰგონია, რომ უმრავლესობას შექმნის. უმრავლესობას იმ ნაციონალი დეპუტატების ხარჯზე, რომელიც განუდგება სააკაშვილს. ვნახოთ, აოცნებდებიან თუ არა ნაციონალი დეპუტატები და აუნთებენ თუ არა მწვანეს ბიძინას კონსტიტუციის „მოსაჭკვიანებლად“. ცალკე თემაა, რისთვის სურს ბიძინას.
მე რატომღაც მართლა კვალიფიციური იურისტი მეგონა თეა წულუკიანი, მაგრამ ისეთი რამ თქვა „იმედის“ ეთერში - გამაოგნა. არ ვიცი, რა ეგონა და რა ფუნქციების ჰგონია იუსტიციის სახლები. ჰკითხეს, იუსტიციის სახლის სერვისით თუ გისარგებლიათო და რა უპასუხა? „მე არ მისარგებლია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩემთვის საქართველოში დაბრუნებისას ვერ მოასწრო მოქალაქეობის ჩამორთმევა...“
რა ჰგონია, იუსტიციის სახლებში მხოლოდ მოქალაქეობაჩამორთმეულნი დაიარებიან?
ირაკლი ალასანიასაც ბევრი რამ ეგონა. ეგონა, საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მივიდა ბრიფინგზე და აღმოაჩინა, რომ არ იყო - ივანიშვილმა ვახტანგ ხმალაძე მოიხსენია ამ კონტექსტში, ისიც სამარქაფოდ, უფრო იმისთვის, რომ გაენელებინა ის ტკივილი, რომელიც ხმალაძეს მიადგა - მას უკვე თავი მთელი პარლამენტის თავმჯდომარე ეგონა და გაიგო, რომ მარტო იურიდიული კომიტეტი შერჩა ხელში.
ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნება - ეს პირველი შოკი იყო მისთვის იმ დღეს, მეორე შოკმაც არ დაახანა - გაიგო, რომ შს მინისტრი ვერ იქნება, მესამე შოკი - გენშტაბს პრეზიდენტი ნიშნავს... არადა, რამდენი რამ ეგონა? ერთ დღეში სამი შოკი მართლაც მეტისმეტია. ბატონ ბიძინას იქნებ დაენდო ეს მუდამ ღიმილიანი ალასანია.
მხოლოდ ალასანია იდგა ბადრი მთვარესავით სააკაშვილი-ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გამოეფინენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ალასანია რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოდგა - ბიძინას არ ეწერა სახეზე კმაყოფილება, ალასანია კმაყოფილი იყო. იხუმრეს კიდეც, ალასანია იმდენად ნაწყენია და იმდენად შოკშია - გაბმულად იღიმის წყენის დასამალადო.
მას ბევრი რამ ეგონა. არ ეგონა ის, თუ მისი საუბრები იწერებოდა და ეს საუბრები თუ ამდენს დააკარგვინებდა, თორემ ასე უხამსად არ მოიხსენიებდა ბიძინას, თავს აარიდებდა იმ მეტაფორებს, რომელიც სტყორცნა ლიდერს „აუ ეს რა ყ...“. ძვირი დაუჯდა ეს ყ..-ური მეტაფორა.
არც გუბაზს დაუჯდა იაფი, რომ გაიძახოდა მილიონები უნდა ვიშოვოო. ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე საუბარი, ემანდ ისე არ დაუჯდეს, საოცნებო არ გაუხდეს კარაქიანი პური. თუმცა, თუ ივანიშვილის მიერ წამოწეულ კადრებს გადავხედავთ, გამორიცხული არაა, კვლავ ის არნახული ინფლაცია დაიწყოს და გუბაზი უბიძინოდაც გახდეს მილიონერი. ემანდ ყველა არ გაგვითანაბროს ბატონმა ბიძინამ, ემანდ ყველას არ გვქონდეს 5 მილიარდი...
ჯერჯერობით, მხოლოდ ღარიბაშვილს შერჩა გინება. პირიქით, ლიდერმა მოუწონა კიდეც - „ეს რა გინება სცოდნიაო“. გინება მოუწონა? ეს თქვენ გეგონათ, თორემ მან ის მოუწონა - ღარიბაშვილმა ის რომ იცის, ვის აგინოს...
ივანიშვილმა იმდენი ვინმე წამოაყენა პოლიტიკური სასაფლაოდან, გეგონება მაიკლ ჯექსონის „თრაილერს“ უყურებ - ჯექსონი რომ მიდის და გვამები რომ საფლავებიდან დგებიან. მიდის „ბიძო“ და დგებიან ყორღანებიდან, ცოტაც და გოგლას წაგვიკითხავენ - „ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს, ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს...“.
„იარაღს სინჯავენ“, შურისძიების, ანგარიშსწორების ჟამი დგას. ასლანი მოდისო, ლევან მამალაძეო, კახა თარგამაძე, თენგიზ კიტოვანი... კინაღამ უნებურად ჯაბა იოსელიანიც დავწერე, მაგრამ ბატონი ჯაბაც რომ გამოგვეცხადოს, ლამის ეგეც აღარ გამიკვირდება.
ის გვპირდებოდა მთავრობას „ჯერარნახულს“ და გვიბოძა მთავრობა - ასჯერ ნანახი - ამირან გამყრელიძე ადრეც იყო მინისტრი, მინისტრი იყო დათო კირვალიძეც, მთავრობაში მუშაობა არც სოზარ სუბარისთვის არის უცხო, არც ირაკლი ალასანიასთვის... რევაზ შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი...
ვინც უკვე წარადგინა, ხომ წარადგინა და დარჩენილ პოსტებზე ისეთი კანდიდატურები გაჯაზდა, (ალეკო კარტოზია, მირცხულავა, ჩხობაძე), რომ ხალხს შიში გაუჩნდა პრეზიდენტის კანდიდატურად ალასანია-ხმალაძე კი არა, ემანდ ედუარდი არ წამოაყენოსო.
არადა, ხალხს ვინ ეგონა?
წინასაარჩევნო პერიოდში ერთმა მეოცნებემ „გამანდო“ - ვანო მერაბიშვილი ჩვენიანია, არჩევნების მერე გაიგებო. მაშინ მეგონა, რომ ეს მათი მორიგი ცალფეხა ოცნება იყო. თურმე მეგონა. მეგონა, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ცალფეხა ოცნება კი არა, კარგად შორს გამიზნული მანევრი ყოფილა. ბევრმა, ვინც ხმა მისცა „ოცნებას“, არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოისმინა, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოეთხოვებოდა პოსტს, გაიკვირვა, როგორ, ვანო აღარ იქნებაო? როგორც გაირკვა, მათთვის „მეოცნებეებს“ სწორედ ისევე გაუნდვიათ „ვანო ჩვენიაო“, როგორც მე გამანდეს. თუ კარგად გადავხედავთ მოვლენებს, გაირკვევა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კარგა ხნის წინ დაიწყო. დაიწყო თავად ბიძინა ივანიშვილმა - საქართველოში დაბრუნებულმა „ჩაუფინა“ ერთი ორი კეთილი სიტყვა ვანო მერაბიშვილზე. უკვე ციხის კადრების შემდეგ, ვანო ახსენა ბედუკაძემ, ახსენა ირმა ინაშვილმა... ეს ყველაფერი დამაჯერებლობას მატებდა „მეოცნებე“ აქტივისტების რიგით ამომრჩეველთან მუშაობას ამ მიმართულებით. რატომ ვანო? მიზეზი მარტივია, თუკი რამ ეძვირფასება მოსახლეობას, ეს სწორედ ის უსაფრთხოებაა, რომელიც სწორედ ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა. გასათვალისწინებელია ის მზარდი რეიტინგი, რაც ვანო მერაბიშვილს არჩევნებამდე ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს კარგად გათვალეს „ოცნებაში“ და რიგ შემთხვევებში იხეირეს კიდეც ვანოს ფაქტორით.
ეს, რაც აქ გვეგონა... მაგრამ რა ეგონა პუტინს? ის, რომ აქ პოსტსაარჩევნო არეულობა დაიწყებოდა, კარს მომდგარ ჯარს შემოიყვანდა და საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს ნატოზე ოცნებას. მაგრამ მგონი პირიქით ხდება, ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს პრეზიდენტ სააკაშვილისა და რასმუსენის სატელეფონო საუბარი. მე მგონი, ნატოს ეშინია, ქვეყნის ახალმა მეოცნებე ლიდერმა არ უგანოს და პირიქით აჩქარებენ კიდეც საქართველოს ნატოში მიღებას, რომ ეს 2014 წელს კი არ მოხდეს, როგორც აქამდე ამბობდნენ, არამედ 2013 წელს, სანამ აქ პრეზიდენტად სააკაშვილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ უბრალოდ უმცროს სტრატეგიულ პარტნიორს კი არა, რეგიონს კარგავს.
ეს რომ ვთქვი, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დაუვიწყარი რეპლიკით მიპასუხა: ისინი რეგიონს კარგავენ, ჩვენ მომავალს.
ბიზნესმენებსაც ბევრი რამ ეგონათ, ასე მაგალითად, ბიზნესმენებს ეგონათ, რომ მოგების გადასახადისგან განთავისუფლდებოდნენ - როგორც ჰპირდებოდნენ. როცა ეს შეახსენეს, უპასუხა, გასარკვევია, რამდენი შედის მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში, მე მგონი 30 მილიონი და შეიძლება ამაზე ვიფიქროთო. როცა უთხრეს, რომ 600 მილიონამდე შედისო, დაფიქრდა, უი, არაო და ოცნებაც „კაპუტ“.
ბიზნესმენებს ბევრი რამ ეგონათ, ახლა ინაღვლონ, როცა ფასების დაწევა მოსთხოვეს. აბა, რაიმე ხომ უნდა მოიმოქმედოს „ოცნებამ“ ოცნებების ინფლაციის შესაჩერებლად? ამას ემსახურება მგონი ის განცხადებაც - უმუშევრებისთვის შემწეობების დანიშვნას რომ აპირებენ, მაგრამ არ ასახელებენ რამდენი იქნება ეს შემწეობა. ჯერ ერთი, ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდნენ. ხალხს ეგონა დაასაქმებდნენ - ახლა გაარკვიეს, რომ ამას დიდი დრო და დიდი ფული უნდა (!), ჰოდა, ახლა შემწეობებს ჰპირდებიან - გაურკვეველი ოდენობით. ბევრს ჰგონია, ნაოცნებარი ხანა დაუდგა - არ იმუშავებს, მხართეძოზე წამოწვება და იცხოვრებს. მხართეძოზე წამოწოლას ვინმე ვინმეს უშლის? ცხოვრების და განცხრომის რა მოგახსენოთ. განცხრომა? კვლავ ოცნებებში. სხვა რას ითხოვთ პარტიისგან, რომელმაც სათაურად ეგზომ არაპრაგმატული რამ დაირქვა?
ესეც ჩვენი სულელური, ინფანტილური „მეგონა“, „ეგონა“ „გეგონა“...
აინშტაინი ბრძანებდა: „ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე, თანაც სამყაროსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ“.