ასჯერ გავზომოთ, გადაჭრას მოვასწრებთ...

Oct 10, 2012 23:32

რუსულ ბაზარზე დაბრუნება - ფასი დასახელდა, სეპარატისტთა მცოცავი აღიარება საქართველოს მიერ

Giogio-Mate Sharashenidze
8.10.2012; 10:18



გავიდა 1 კვირა იმ იდიოტური „ღირსეშანიშნავი“ მოვლენიდან, რასაც ქართველებმა არჩევნები დავარქვით. ეს მსოფლიოსთვის ქართველთა არჩევნების დემოკრატიულობის ჩვენება კი არა, ქართველთა ერთმანეთის დაჭმის ჩვენება იყო, არაფერი არ გვაკლდა ამ არჩევნებზე, არც სანახაობა და არც პატარა ბავშვების სიკვდილის პოლიტიზირება.

გაიმარჯვა ე.წ. „ოპოზიციამ“ (აღნიშვნა ჩემია - თუ რატომ, ამას შემდეგ, სხვა თემაში დავწერ), ხოლო პრეზიდენტი თავისი პარტიით კი ოპოზიციაში გადავიდა. პარადოქსია, მაგრამ ქართული რეალობისთვის არაფერი არ არის უცნაური და დაუჯერებელი.

გავიდა 1 კვირა და გამარჯვებული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალაუფლებაარაღებული „ოპოზიციის“ წარმომადგენლები თუ ლიდერები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ზუსტად ამ განცხადების საფუძველზე უკვე თვალნათლივ შეიძლება დავინახოთ, თუ რა ნაბიჯებს გადადგავენ, როდესაც მათ ძალუფლება გადაეცემა.

ერთ-ერთი პირველი განცხადება, რაც თავად გამარჯვებული კიალიციის შეფმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - ჩემის აზრით, ესაა პირდაპირი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. მან განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება დიდი რეგიონალური მოთამაშე, მაგრამ ჩვენ საერთო ბოზი უნდა ვიყოთ ყველასთვის წაკუზული.

მაჩვენეთ თუნდაც 1 სახელმწიფოს მომავალი მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ამას იტყვის. ესეც ქართული პარადოქსია. მან აგრეთვე განაცხადა რომ საქართველო „ვალდებულია“ დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, და თან, ამავე დროს, ხურდაში მოაყოლა, რომ საქართველო შევა ნატოში - და იმის საჩვენებლად, რომ ის პროდავლეთელია, პირველ ვიზიტს ამერიკაში გეგმავს.

ვეკითხები ბიძინას და ყველა მის მხარდამჭერს, რა „ვალდებულება“ აქვს საქართველოს იმ ქვეყანასთან, ვისაც მისი 20% ოკუპირებული აქვს? მე ვერ მივაგენი ამ შეკითხვის პასუხს და იქნებ თქვენ დამეხმაროთ?

თუ რით არის დავალდებული საქართველო პუტინის წინაშე, უკვე ნელ-ნელა იკვეთება, ჩემი აზრით. ეს ისაა, რაც რუსეთს ძალიან აღიზიანებს. რა აღიაზიანებს? ეს უკვე პუტინმა ვოლსკის პირით შემოგვითვალა - „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ვოლსკიმ „გაგვახარა", რომ ეს კანონი შერბილდებაო. თქვენ შეგიძლიათ ჩემივე გვერდიდან გადმოწეროთ ეს კანონი (ფაილი აქვე მაქვს ატვირთული) და მიმითითოთ ის ადგილი, რომელიც შესარბილებელია, მე, პირადად, ვერ მივაგენი ვერაფერს. სამაგიეროდ, რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებმა მოჰფინა ყველაფერს ნათელი - ანუ მაპოვნინა ის ადგილი, რაც უნდა შეიცვალოს.

როგორც ნათქვამია: „რუსეთის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება იმ ფასადაც არ ღირს მისთვის, რა ფასიც ის ქაღალდი, რომელზე ეს ხელშეკრულება წერიაო“ - რუსეთს სულ ფეხებზე ჰკიდია, რა კანონს მიიღებს საქართველო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - უფრო ზუსტად, თავად ის ტექსტი, რაც ამ დოკუმენტშია დაწერილი - უბრალოდ ჰკიდია ყველა ხელშეკრულება - ისიც კი, რაზეც თვითონ მოაწერა ხელი - ეს იმ 6-პუნქტიანი ხელშეკრულების არშესრულებაზეც სჩანს, მას აღიზიანებს ამ კანონში მხოლოდ 1 სიტყვა - „ოკუპანტი“. ეს სიტყვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მის კისერზე საერთაშორისო რეზოლუციებში და ყველანაირად ცდილობს რომ უარყოს - ოკუპანტი არ ვარ, განმათავისუფლებელი ვარო. ჰოდა, რუსეთის დუმის წევრებმა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ მიუთითეს საქართველოს „არჩევნებში“ გამარჯვებულ „ოპოზიციას“, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის ათვლის წერტილი ზუსტად ეს კანონი და კერძოდ სიტყვა „ოკუპანტი“-ს გაქრობაა (ვისაც აინტერესებს, გთხოვთ დაგუგლეთ).

შემდეგი განცხადება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს მომავალი ხელისუფლება საქართველოს პოზიციის გადახედვას გეგმავს - ესაა სოზარ სუბარის განცხადება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპურთიერთობის აღდგენის შესახებ. დიპურთიერთობის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის საელჩოს გახსნა თბილისში.

ძვირფასო ოცნებისტებო, იქნებ თქვენ გამცეთ შეკითხვაზე პასუხი, თუ რას ნიშნავს იმ სახელმწიფოს მიერ, ვისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს მეორე სახელმწიფოს, და ოკუპირებულ რეგიონში ოკუპანტ სახელმწიფოს თავისი საელჩოები აქვს გახსნილი - დაამყარო დიპურთიერთობა? აი, საერთაშორისო იურისპუნდენციის პონტში ამას რა ჰქვია? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შენ აღიარებ იმ სტატუს-ქვოს, რაც ოკუპანტს სურს და ამას შენ ოკუპანტი ქვეყნის საელჩოს გახსნით ადასტურებ?

ეს ნაბიჯი შეიძლება გამემართლებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, მაგალითად, რაიმე კოზირს ჩავიგდებდით ხელში ამით, ან ოკუპანტი ქვეყნის საელჩოს გახსნით თბილისში მასზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი ჩაგვივარდებოდა ხელში, მაგრამ რა ბერკეტი? ნოტების გაგზავნა, თუ როგორ არღვევს რუსეთი სეპარატისტებთან ერთად ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველთა უფლებებს? ამას ჩვენ, ეხლა რა, ვერ ვახერხებთ? რა დადებითის მომტანია დიპურთიერთობის აღდგენა საქართველოსთვის? ან ოცნების მხარდამჭერებო, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის 3 საელჩო საქართველოს ტერიტორიაზე? თუ თქვენც ყველანი, ისევე, როგორც რესპუბლიკელები და არეშიძე, აღარ თვლით სამაჩაბლოს და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად? თუ გგონიათ, რომ რახან შენთვის 1 საელჩო, რომელიც იქნება თბილისში, ესაა კანონიერი? კი მაგრამ, რუსეთი ხომ სოხუმში და ცხინვალში გახსნილ საელჩოებსაც კანონიერად თვლის? მით უფრო, რომ ამ 3-4 დღის წინ რუსეთსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებნი ითვლებიან რუსეთის მოქალაქეებად და რუსეთის მოქალაქეები კი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებად. ასე რომ, ის მიზეზი, ვითომ თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დღის წესრიგიდან ამოვარდა, მით უფრო, რომ პუტინმა და მთლიანად რუსეთის მთავრობამ არაერთხელ გარკვევით განაცხადეს, რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს. აბა რატომ იტყუება ბიძინა და რატომ გვაბოლებს, რომ გადაწყვეტს აფხაზეთ-სამაჩაბლოს პრობლემას მოლაპარაკების გზით?

მაგრამ გვატყუებს კი? არა, მე მჯერა, რომ გადაწყვეიტს, უბრალოდ, საკითხავია - ვის სასარგებლოდ.

კიდევ ერთ ქართულ ფენომენზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომელიც უბრალო ქართველებისგანაც არაერთხელ გამიგია, ეს ის ქართველებია, რომელთა უმრავლესობა არც აფხაზებს იცნობს და არც მათი ხედვა იცის. ეს ის ფენომენია, რომელიც ღაღადებს, თუ როგორ შეგვეხვეწებიან აფხაზი და ოსი სეპარატისტები ქართველებს, როცა აყვავებულ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს შეხედავენ. ნუ ეს ისეთი ხალხის თეზისია, ვისაც უნდა, რომ უბრალოდ ასე იყოს, და ამისი თავად სჯერავთ, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, რეალობას მოწყვეტილი თეზისია. ა, ბატონო ქართველებო, რუსეთი, ჩვენზე ძლიერი ეკონომიურად და ჩვენზე აყვავებულიც, ხომ არ შევეხვეწოთ რუსეთს რომ რუსეთის ტერიტორიული ერთეული გავხდეთ? მით უფრო, რომ 200 წელი რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით და რუსეთი თავისად გვთვლის. ჰოდა, გავშალოთ ხელი, ჩავეხუტოთ ჩვენს „უფროს“ ძმას, ვთხოვოთ პატიება იმისთვის, რომ მისი სიკეთე ვერ დავინახეთ და ჩვენი მისდამი „ვალდებულება“ დავივიწყეთ.

ჰო, უფროს-უმცროსობაზე გამახსენდა, ბიძინამ დაგვიბრუნა ის შეგრძნება, რასაც ტერმინი „უმცროსი ძმა“ იწვევს. ბატონმა ბიძინამ, რომელსაც 7 მილიარდი აქვს, არ იცის, რომ არ არსებობს უმცროსი და უფროსი სახელმწიფოები, უმცროს-უფროს ძმობა - ეს ქუჩაში და ბიზნესშია მიღებული, უბრალოდ, ვიღაცას რომ გინდა თავი მოუქონო, ხოლო სახლმწიფოები „უფროს-უმცროსობას“, „დიდ-პატარაობას“ პოლიტიკაში არ აღიარებენ, არა, აქ სახელმწიფოს სიდიდე არ არის მხედველობაში.

პოლიტიკაში არ არსებობს მცნება უფროსი ან უმცროსი სახელმწიფოები, ყველა სახელმწიფო თანასწორია, და როდესაც მე ეს დავუწერე ერთ ოცნებისტს ფეისზე და ვთხოვე რომ აეხსნა, რას ნიშნავს უფროს-უმცროსი, ან დიდი და პატარა სახელმწიფოები (არა სიდიდით), საინტერესო პასუხი მივიღე; რომ უფროსია ის სახემწიფო, ვინც ძლიერიაო და დიდიაო, აგერ შეხედეო - გაეროშიო მარტო ძლიერ სახელმწიფოებს აქვთ ვეტოს უფლებაო, ხოდა რუსეთიც უფროსია ჩვენთვის და ამერიკაცო.

ასეთ უპატივცემულო დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ ნამდვილად არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საკუთარი ქვეყნის მიმართ (100%-ით ვიცი, რომ იმ სიტყვების ავტორი ამას კითხულობს, მე არ ვიტყვი ვინაა, თავად აღიაროს). წარმოიდგინეთ ეხლა, რომ პოლონელს, ავსტრიელს, შვედს, ბელგიელს, გერმანელს, პრიბალტიკის რომელიმე ქვეყნის მაცხოვრებელს, ან სხვას, არ აქვს მნიშვნელობა, რუსმა რომ უთხრას - შენს უფროს ძმად მაღიარე იმიტომ, რომ შენზე ძლიერიც ვარ და შენზე დიდი ტერიტორიაც მაქვსო, რას უპასუხებენ? ალბათ, ის რუსი ვერც გაასწრებს იმათ, სამაგიეროდ, აგერ, ჩვენ ავუქიცინებთ კუდებს, იმიტომ, რომ ახალმა მესიამ ასე გვითხრა - ყველა, ვინც ტერიტორიით შენზე დიდია და ძლიერია, ისინი ყველანი „უფროსი ძმები“ არიანო და მათ წინაშე „ვადებულები“ ვართო.

ასეთია ქართველი კაცის ხასიათი და რა ვქნათ? ჰოდა იმ ოცნებისტს და სხვებსაც მინდა კითხვა დავუსვა - თუ პოლიტიკაში უფროს-უმცროსობა მოსულა, კი მაგრამ, იმ ნაურუმ, რომელიც, ალბათ, ჩემი უბნის ხელაც არაა და მოსახლებითაც ალბათ ჩემი უბნის მოსახლეობის 10%-ია, როგორ გვაკადრა ჩვენ - „უფროს ძმას“, მათზე დიდს ტერიტორიით და მათზე ძლიერს და აღიარა სეპარატისტული წარმონაქმნი ჩვენს ტერიტორიაზე? როგორ გაბედეს ეს? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი არ გვთვლიან „უფროს ძმად“? ახ, ფულის გულისთვის? - იმ ფულის გულისთვის, რომელიც პუტინმა გადაუხადა? გამოდის, რომ ისინი რუსეთსაც კი არ თვლიან „უფროს ძმად“, არამედ ფულს დახარბდნენ. გამოდის, მათ უფრო მეტი თვითდაფასება ჰქონიათ, ვიდრე ჩვენს ზოგიერთ პატრიოტ ქართველს.

პრინციპში, არც ქართველები ვამბობთ ფულზე უარს. ოღონდ, ამ ფულის სანაცვლოდ რის დათმობას გვთხოვენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია - ზოგ შმთხვევაში საერთოდ არანაირ ხარისხზეც არაა საუბარი, არც მეორე და არც მემილიონე.

აგერ, ბიძინამ განაცხადა, რომ ქართული პროდუქტი ბრუნდება რუსულ ბაზარზე, რადგან რუსული პროდუქტი ვერ უზრუნველყოფს ევროპულ მოთხოვნილებებს (არა შეცდით, აქ ხარისხი არაფერ შუაშია, რაოდენობა იგულისხმება), და ხარობს ერი, და ხარობს ბერიც (ბერებსაც რომ აქვთ გასახარი მაგაზე, მერე), და ყველა ოცნებებში ითვლის რუსეთში გაყიდული საკუთარი პროდუქციით მიღებულ მილიონებს, და არავინ ფიქრობს, პრინციპში, არც არავის აინტერესებს - საქართველოს ამით რა?

ოცნებისტები ამოეფარნენ იმ ნიღაბს, რასაც ჰქვია ქართული სოფლის აღორძინება და ქართველი გლეხის შემოსავლის გაზრდა რუსეთის ბაზრის დაბრუნების შემთხვევაში, და აი, სიმართლეს კი, თუ რად შემოუტრიალდება საქართველოს ახლო მომავალში ეს ნაბიჯი, იმ ნიღბის ქვეშ მალავენ.

ჯერაც ერთი, რომ საქართველოს თანხმობის შემდეგ (ამ თანხმობის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი მე - გთხოვთ იხილოთ ჩემი პოსტები ფორუმ.გე-ზე) რუსეთი გაწევრიანდა მსო-ში, და რუსეთი მაინც იძულებული იყო, რომ როგორც მსო-ს წევრს გაეხსნა თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, ეს ვიცი მე, ეს იცი შენ, მაგრამ ეს არ იცის და არც აინტერესებს მიხო პაპას კახეთში და ქსენია ბებოს სამეგრელოში, ამით ისარგებლეს ოცნებისტებმა, ამიტომაც იმან, რომ ბიძინა გვიბრუნებს რუსეთის ბაზარს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

და ჩვენ კვლავ ვიხილავთ იმას, რაც ედიკას დროს ხდებოდა, თუ როგორ შლიგინით გადის სამეგრელოში დაწურული და ჩამოსხმული „საფერავი“ რუსეთში ვაგონებით, და კვლავ წავა უხარისხო პროდუქციის მდინარეები დიდ რუსეთში -„უფროს ძმასთან“. ფიზიკურად საქართველო ვერ შეძლებს რუსეთის ბაზრის შევსებას ნამდვილი ქართული „ხვანჭკარით“, „ალაზნის ველით“, „საფერავით“, „მუკუზანით“ და სხვა, ამით ისარგებლებენ ყალბისმქმნელი ფულის მოყვარულნი და შაქრისა და წყლისგან დამზადებულ ამ დასახელების ღვინოებს ეშელონებად გაუშვებენ დიდ რუსეთში, რუსეთი კი ამას ვერ (არ) მიხვდება (შეიმჩნევს), რუსეთი მარტო მოსკოვი არაა, რუსეთი ეს პერიფერიებიცაა, სადაც მოსახლეობას უჭირს, ეძებს ყველაფერს იაფს და, მით უმეტეს, ალკოჰოლს, ნამდვილი ქართული ღვინო რომ იაფი არ ღირს, ეს ყველა ქართველმა ვიცით, მაგრამ ასევე ყველა ქართველმა ვიცით, თუ როგორ გავხადოთ ძვირადღირებული და ხარსიხიანი ღვინო იაფი, ის უნდა „მოვნათლოთ“ (ამ სიტვის მნიშვნელობის ახსნას იმედია არ მომთხოვთ).

გავა დრო და საქართველოს ეკონომიკა კვლავ ჭიპლარით მიებმევა რუსეთის ბაზარს, რუსეთს კი როცა მოუნდება ჩვენი დასჯა, ან ისე, უბრალოდ, რომ შეგვახსენოს, რომ მისგან „დავალებულნი“ ვართ და ანგარიში უნდა გავუწიოთ, ჩაკეტავს ბაზარს, რომელიმე ჩვენი პროდუქციისთვის „უხარისხობის“ საბაბით, საბაბი რა, ნებისმიერ უცხოელ ექსპერტს გადაუგზავნის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, რომელიც მასთან შედის და ის უცხოელი უკვე თავად დარწმუნდება, რომ ქართული პროდუქცია მართლაც უხარისხოა და რუსეთი არ ტყუის, ისინი უკვე ეცდებიან, რომ თავიან ქვეყნებში ან აკრძალონ ან შეამცირონ ქართული წარმოების პროდუქციის შეტანა. რუსეთი ამით 2 კურდღელს იჭერს, საერთაშორისო არენაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის უხარისხობას ამტკიცებს და ამავე დროს, სამუდამოდ მიიბავს ჩვენს ეკონომიკას.

კი მაგრამ, ქართველებო, ჩვენ ხომ ეს გამოვიარეთ ქართველთმოძულე და საქართველოს მტერ შევარდნაძის დროს? რა ხეირი მოგვიტანა ამან? დაგვიბრუნა აფხაზეთი და სამაჩაბლო? ქართველები შეუყვარდა რუსებს თავდავიწყებით?

კი მაგრამ, რუსეთმა იმის საფასურად, რომ თავისი ბაზარი დაგვითმოს, უკვე დაასახელა რაც უნდა? ესაა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

კი მაგრამ, ჩვენ რუსეთის ბაზრის დაბრუნების სანაცვლოდ მზად ვართ, რომ:
1. შევამსუბუქოთ ან გავაუქმოთ „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“?
2. გავუხსნათ ოკუპანტს საელჩო თბილისში და ვაღიაროთ მისთვის სასურველი სტატუს-ქვო (დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსული საელჩოებით)?
3. ვაღიაროთ აფხაზი და ოსი სეპარატისტები მხარეებად?
4. აფხაზ და ოს სეპარატისტებთან (და არა რუსეთთან) ხელი მოვაწეროთ არდაუსხმელობის აქტს?
5. კვლავ ვეძახოთ რუსეთს „უფროსი“ ძმა და ჩვენი თავი „დავავალდებულოთ“, რომ რუსეთის ინტერესებს გავატარებთ?

ხალხო, ეს ხომ გამოვიარეთ?
1. 90-იან წლებში ხომ არ გვქონდა „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“?
2. 2008 წლამდე ხომ გვქონდა რუსეთის საელჩო თბილისში?
3. ხომ ვეძახდით მას „უფროს ძმას“?
4. ხომ „ვივალდებულებდით“ თავს და ვატარებდით (ვითვალისწინებდით) მის ინტერესებს?

რა მოვიგეთ ამით? დაგვიბრუნა თუ აპირებდა დაბრუნებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი და მიშამ შეუშალა ხელი?

იქნება და, სამაჩაბლო და აფხაზეთი სულაც ის არაა, რის გადახდასაც გვთხოვს რუსეთი იმის სამაგიეროდ, რომ ბაზარი გაგვიხსნას? რა სურს რუსეთს რეალურად? იქნებ ფასი მასთან ურთიერთობის აღდგენისა უფრო ძვირია ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია? დიდი გამოცდის წინაშე დგას ჩვენი ახალი ხელისუფლება, ძალიან დიდი გამოცდის წინაშე.

არ არის დრო, ამაზე ვიფიქროთ?

რუსული საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო

Previous post Next post
Up