ჰაერში ვართ. გავფრინდით უკვე?

Oct 05, 2012 15:43

გეგმების გარეშე
4.10.2012



ჰაერში ვართ. უეცრად მთელი ერი ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. გვერევა ტერმინები და გვერევა დისკურსი. ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ოპოზიციონერი, ვინ არის ხელისუფლებაში, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ასე შემდეგ. მესმის, რომ ასე ერთბაშად გადაწყობა ძალიან რთულია. რამდენიმე დღის წინ ჩემი მარჯვენა ხელი მწყობრიდან გამოვიდა და ახლა ყველაფრის კეთება მარცხენა ხელით მიწევს. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ისე კარგად არ გამომდის, როგორც მარჯვენა ხელით გამომდიოდა, მაგრამ აშკარად ავუღე ალღო. რამდენიმე დღე დამჭირდა, ცოტა ვიწვალე კიდეც და საბოლოოდ მაინც გადავეწყვე. ახლა ხელსაც მარცხენა ხელით ვაწერ და ჩანგალიც მშვენივრად მიჭირავს. ამ პოსტსაც ძირითადად მარცხენა ხელით ვწერ :დ

ასე უნდა გადაეწყოს ქვეყანაც. გადაეწყოს ნაციონალების კრიტიკიდან ახალი ხელისუფლებისათვის თვალის დევნებაზე. გარდა ამისა, ნელ-ნელა უნდა მივხვდეთ, რომ სიტყვები, რომლებითაც აქამდე ვოპერირებდით, ახლა უკვე სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს. ადრე რომ ,,ვაზელინებს” ვეძახდით, ისინი ახლა ოპოზიციონერები გახდნენ და აქცენტის დასმა მათ კონფორმისტობაზე უკვე ალოგიკურია. გამარჯვებული ძალის საქმე კი მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაა და არა დამარცხებული ძალის კრიტიკა. თავისთავად ის, რომ ხალხმა ნდობა აღარ გამოუცხადა ნაციონალურ მოძრაობას, უკვე არის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა.

გუშინ, როცა ,,ასავალ-დასავალთან” აქცია მოეწყო, გაჟღერდა იდეა, მოდი, რუსთავი 2-ის, რეალტივისა და იმედის ქმედებებიც გავაპროტესტოთო. მე გამეცინა, რადგან ეს მოტივები ისევ ,,ოპოზიციური რიტორიკიდანაა”. რაღა აზრი აქვს რუსთავი-2 თან აქციების მოწყობას, თუ ის აღარაა და აღარ იქნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხი. გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ რუსთავი-ორისა და იმედის ჟურნალისტების მონებად გამოცხადებას, მაგრამ ამ ეტაპზე მათი შენობების წინ აქციების მოწყობა არარელევანტურია. ახლა, როცა ვიცით, რომ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობით ,,ქართული ოცნება” მოდის, უცნაურია ისე მოქცევა, თითქოს ,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო.

უკვე დროა, რომ დავლაგდეთ. დროა შეწყდეს ქუჩაში დროშებით სირბილი და დაიწყოს ქვეყნის მომავალზე საქმიანი მსჯელობა. პირველი ნაბიჯი ამ მიზნისაკენ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, სამწუხაროდ, მომავალი მმართველი ძალა ამ ნაბიჯს მომზადებული ნამდვილად არ შეხვედრია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ცხადყოფს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა კურსი უნდა აიღოს ქვეყანამ და მხოლოდ გაფანტულ განკარგულებებს იძლევა: საქართველო არა მსხვილი, არამედ რეგიონალური მოთამაშე უნდა იყოს, თამაზაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე უნდა დაბრუნდეს და ასე შემდეგ. ეს არაა მსოფლმხედველობა და ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს ცალკეული განცხადებებია და არა ქვეყნის მომავლის მასშტაბური ხედვა. ასე მგონია, რომ ნებისმიერ ტაქსისტს მეტი აქვს ნაფიქრი იმაზე, როგორ უნდა გახადოს საქართველო წარმატებული ქვეყანა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს. პრობლემა ისიცაა, რომ ,,ქართული ოცნების” გუნდს არ აქვს საერთო ღირებულებები, რომლებსაც უნდა უერთგულოს. ,,ვარდების რევოლოციის მთავრობას” ჩამოყალიბებული იდეალები ჰქონდა, რომლითაც მოღვაწეობა დაიწყო, გამარჯვებული კოალიციის იდეოლოგიური პლატფორმა ჩემთვის სრულიად უცნობია.

ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთ რამეზე დამაფიქრა: მინდა თუ არა მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს, ცუდად წაუვიდეს ,,ქართულ ოცნებას” და შესაბამისად საქართველოსაც საქმე? არ თქვათ ახლა, ეგეთი რამე როგორ შეგიძლია იფიქროო. თქვენ არასდროს გინატრიათ, მსუბუქად წაეტეხა კისერი ადამიანს, რომელმაც თქვენს რჩევას არ დაუჯერა? ან არ განგიცდიათ კმაყოფილება, როცა ვინმესთვის გისაყვედურიათ, ხომ გაფრთხილებდიო. არჩევნების დღესა და შემდეგ დღეს მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი: აი, ნახავენ, ყველაფერი რა ცუდად იქნება-მეთქი. მაგრამ დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ნეტა ყველაფერი კარგად წავიდეს და სულ ერთი არაა, რომელი ძალა მიიწერს ამას საკუთარ დამსახურებად? ნეტავ, პატრულმა ხალხის გინების მიუხედავად განაგრძოს ჩვენი დაცვა, ნეტავ მართლაც მიგვიღონ ,,ნატოში” და საერთოდაც, არაფერი მნიშვნელოვანი არ გაფუჭდეს, თუ არ გაკეთდება მაინც. ერთია, რომ იყო სკეპტიკური და არ გჯეროდეს, როცა დაბნეული პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარებაზე გელაპარაკებიან და მეორეა, შენ თვითონ ნატრობდე, რომ მართლა არაფერი გამოუვიდეთ. რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად ვაჯობე საკუთარ თავს და გადავლახე ეს გრძნობა. ახლა მხოლოდ ის მინდა გავიგო, ვინ რისი მინისტრი იქნება.

იმისთვის, რომ დავლაგდეთ, აუცილებელია, პირველ რიგში მთავრობა დალაგდეს. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომელ სფეროებში შეიცვლება არსებული კურსი, პოლიტიკურ სივრცეში ორიენტირებასაც შევძლებთ და ფეისბუქზე სიმღერების დაშეარებასაც. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაზე მეტად გაურკვევლობა და გარდამავალი პერიოდები არ მიყვარს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში გრძელვადიანი გეგმების დასახვას აზრი არ აქვს, არამედ იმიტომაც, რომ როცა ვნერვიულობ, ფრჩხილების კვნეტას ვიწყებ.

ოცნებების სასაფლაო, საბჭოთა საქართველო

Previous post Next post
Up