“საქართველო! დაგვეხმარე დემოკრატიის მოპოვებაში“.

Jul 24, 2012 18:22

ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს გავლენა იზრდება...
ფრიდონ დოჩია
24.07.2012



ჩერქეზები ქართული დროშით

რუსული სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, თუ დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობას გააანალიზებ, მაშინვე თვალში გეცემა, რომ ბოლო წლებში მახაჭკალაში მიტინგები მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო ტარდება. ესაა ადამიანების გატაცება, რაშიც გატაცებულთა ნათესავები ძალოვანებს ადანაშაულებენ და ასევე ადგილობრივთა მოსაზრებით, მიწების უკანონო ჩამორთმევის გამო. გასული წლის 3 ოქტომბერს მახაჭკალაში ჩატარებულ მიტინგზე ხალხი პირველად გამოვიდა პლაკატებით: „არა კორუფციას!“ „არა ჩინოვნიკთა თავნებობას!“ და ასევე პირველად გაისმა მოწოდებაც:“საქართველო! დაგვეხმარე დემოკრატიის მოპოვებაში“.

როგორც „რეგნუმი“ აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ამის შემდეგ დაღესტანში ჩატარებულ მიტინგებზე გახშირდა საქართველოს მიმართ მოწოდებები. როგორც რუსები და „რეგნუმი“ ვარაუდობენ, ოფიციალურმა თბილისმა მოახერხა რეგიონში გარკვეული პროპაგანდისტული კამპანიის ჩატარება. დაღესტანში საქართველოს გაპიარებამ თითქმის მთელი ადგილობრივი ინტელიგენცია რომ მოიცვა, ესეც ფაქტია. შემდეგ ყოველივე ამას უკვე დაღესტნის ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებთანაც კონტაქტები მოჰყვა. აქ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში ამ სფეროში ბევრმა დაღესტნელმა სწორედ თბილისში მიიღო განათლება და მათ უკვე თბილისში კონფერენციებზეც იწვევენ. ახალგაზრდა ჰუმანიტარებისა და ჟურნალისტებისთვის გარკვეული გრანტებიც გამოიყოფა. ამას გარდა ქართველ პარლამენტართა მცდელობით აღსდგა ურთიერთობა მოსაზღვრე დიდოელებთან, რომლებსაც ისტორიულად მჭიდრო კავშრები ჰქონდათ საქართველოსთან.

დაღესტნელთა მიმართ უფრო აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თბილისში გახსნილი „საერთოკავკასიური სახლის“ მესვეურნიც. ამ ხალხმა ყველა ის დემოკრატიული გარდაქმნები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა, საკუთარ თანამემამულეებსაც გააცვნეს. შემდეგ ამას უკვე მოჰყვა სხვა ჩრდილოკავკასიელ ერებთან ურთიერთობების გამყარებაც. საქართველომ აღიარა რუსების მხრიდან ჩერქეზების გენოციდი, რამაც რუსულ პოლიტიკას მთლიანად ჩრდილო კავკასიაში დიდი დარტყმა მიაყენა. ამას მოჰყვა ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის აღმნიშვნელი მემორიალის გახსნა, რასაც რუსული სააგენტო „ რეგნუმისვე“ მოსაზრებით, კრემლმა ვერაფერი რეალური ვერ დაუპირისპირა. ცხადია, ყოველივე ამან და იმანაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლარსზე ჩრდილოკავკასიელთათვის ცალმხრივად უვიზო რეჟიმი შემოიღო, გარკვეული დადებითი შედეგი გამოიღო. რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთკავკასიელები თავად დარწმუნდნნენ იმაში, თუ რამდენს ცრუობდა რუსული ოფიციალური პრესა საქართველოსა და აქ მიმდინარე პროცესების თაობაზე. ამან, საქართველოს ავტორიტეტი ჩრდილოკავკასიელთა თვალში ძალზე აამაღლა.

კავკასია, დაღესტანი, საქართველო

Previous post Next post
Up