მე-11 არმიის კვალდაკვალ

Jun 11, 2012 12:08

მე-11 არმიის კვალდაკვალ
თეიმურაზ ზაქრაძე
24 საათი 
02.12.09

საბჭოთა კავშირის დაშლისას რუსეთის იმპერიამ პოსტსაბჭოურ სივრცეზე არაერთი “შენელებული მოქმედების ნაღმი” დატოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლისას რუსეთის იმპერიამ პოსტსაბჭოურ სივრცეზე არაერთი “შენელებული მოქმედების ნაღმი” დატოვა.

წინამორბედი უფრო მასშტაბურად მოქმედებდა - ჩრდილოეთ კორეა, გერმანია და სხვა. მისმა მემკვიდრემ, შეძლებისდაგვარად, არანაკლებ საშიში ნაღმები ჩადო მოლდოვასა და კავკასიაში. ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალი უკვე “ამოქმედდა”, მაგრამ ვინაიდან სასურველი შედეგი არ გამოიღო, ახლა “მთიანი ყარაბახის” ჯერი დადგა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბახის ძალით დაბრუნებას არ გამორიცხავს. ასეთი განცხადება შეუძლებელი იქნებოდა, სახეზე რომ არ იყოს აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკების აშკარა დაახლოვება. აზერბაიჯანის ომისკენ “წაქეზება” და, საერთოდ, ასეთი ომი დამღუპველი იქნება მთელი რეგიონისთვის, მაგრამ ყველანაირად მომგებიანი - რუსეთის იმპერიისთვის.

პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ კავკასიაში მშვიდობის მთავარი გარანტი მხოლოდ რუსეთია. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ “ამყარებდა მშვიდობას” რუსეთი ამ რეგიონში. სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობა კრემლს არათუ აღიზიანებს, აიძულებს, კარდინალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი ყველაზე მომგებიანი “პროექტი” იქნებოდა კრემლისთვის. ჯერ ერთი, რუსეთი “დაეხმარება” ორივე მხარეს, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. შემდეგ, ახალი სამხედრო დოქტრინის თანახმად, რუსული ჯარები ორივე სახელმწიფოს დაიკავებენ და, ალბათ, ყველაზე მთავარი, უკვე “შემოვლითი გზით” საქართველოზეც გზა ხსნილი იქნება.

ასეთი “ველურობის” შედეგად ჩვენი მეზობლების საერთაშორისო “იმიჯი” საბოლოოდ განადგურდება. აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნაბუკოს პროექტებიც საბოლოოდ დასამარდება. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლა და პრორუსული მთავრობის დაყენებაც პრობლემა აღარ იქნება. შედეგად, ჩვენც და ჩვენმა მეზობლებმაც შეგვიძლია დავივიწყოთ თავისუფლება კიდევ მინიმუმ ერთი საუკუნით.მე-11 არმიამ 1920 წელს ბაქოდან დაიწყო, შემდეგ იმავე წელს შევიდა ერევანში და 1921-ში - თბილისში. ისტორია მეორდება. უფრო სწორად, იმპერიის მოქმედების ალგორითმი არ იცვლება. მე-11 არმიის კვალდაკვალ “მიედინება” დღევანდელი რუსული გეოპოლოტიკური აზროვნებაც. რუსეთის ევრაზიული ჰეგემონია შეუძლებელია კავკასიაზე რუსული გავლენის გარეშე. ამიტომაც, რუსეთის ინტერესებშია კავკასიის ხალხების გადამტერება და “ბროლის” ოცნება - ომი ამიერკავკასიაში, რის შედეგადაც თავისი “მშვიდობისდამცველი” პოლიტიკის გატარება შეეძლება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება შეშფოთების საბაბია, მიუხედავად იმისა, მართლა ომის გამოცხადების საწინდარია თუ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ჩვენს მეზობლებს დემოკრატიის მაღალ ხარისხში ნამდვილად ვერ “დავადანაშაულებთ”, მაგრამ დეკლარირებული დემოკრატიის პირობებშიც კი, ომის თემით ვაჭრობა მიუღებელია. მითუმეტეს, თუ აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც საკუთარი სუვერენიტეტი რამენაირ ფასეულობას წარმოადგენს.

ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ რუსულ “ოცნებას” ასრულება უწერია, მაგრამ მსოფლიოს თანამეგობრობას მოუწევს გაათმაგებული ძალისხმევა საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საბოლოო ჯამში რუსეთის ევრაზიული ჰეგემონია დამღუპველია თავად ევრაზიისთვის და, სათანადოდ, მსოფლიოს პროგრესისთვის.

იმპერია, კავკასია, რუსეთი, საქართველო

Previous post Next post
Up