ივანიშვილის პოლიტიკური ბლეფი28.05.2012
ქეთი ხატიაშვილი
ვიქტორ იუშჩენკო მოწამლეს, ლეხ კაჩინსკი მოკლეს, ყურმანბეგ ბაკიევი ჩამოაგდეს - ასე მოაგვარა რუსეთმა უკრაინის, პოლონეთისა და ყირგიზეთის პრობლემა.
ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ბაზებს ვადა გაუგრძელა, ოფიციალურად თქვა ნატოზე უარი, უკრაინულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მოუხსნა.
ახალმა პრეზიდენტმა ყირგიზეთში დასავლეთის ნაცვლად მოსკოვთან დაიწყო აქტიური ურთიერთობა, შეაჩერა ამერიკული ტრანზაქცია.
ლეხ კაჩინსკი თავად იყო სიმბოლო და ცოცხალი ლეგენდა თავისუფლებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. რუსეთმა ამ ლეგენდასაც წერტილი დაუსვა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, მისი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი - ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ ბედავს, პუტინის გავლენებს თავი დააღწიოს და უსაფრთხოება დასავლეთში ფეხის მოკიდებით მოიპოვოს.
იუშჩენკო ცდილობდა, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო, ბაკიევმა მოსკოვის გაფრთხილება: შენი ტერიტორიიდან ამერიკული ჯარები დროულად გაიყვანეო, არ გაითვალისწინა. ამიტომაც, ერთი არჩევნების გზით შეცვალეს, მეორე - ჩამოაგდეს. საქართველოში ვითარება ვერც არჩევნებით (2008 წლის იანვარში) და ვერც შემდეგ ქუჩის საშუალებით (თანაც რამდენჯერმე) ვერ შეცვალეს. საქართველოდან ჯერ კიდევ ისმის სიტყვა ნატო...
არადა რამდენიმე წლის წინათ ბუქარესტში ნატო უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხს ერთად განიხილავდა. ახლა ნატოს პოლიტიკურ ლექსიკაში თბილისი დარჩა, კიევი - არა.
ჩიკაგოს სამიტზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველო, ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, ნატოს წევრი გახდება. რუსეთში კი თქვეს: როგორც ჩანს, ნატომ სათანადო დასკვნები 2008 წლის ომიდან ვერ გამოიტანაო. კრემლის მაშინდელმა „დიასახლისმა“ დიმიტრი მედვედევმა ხომ აღიარა: საქართველოსთან ომი რომ არ წამოგვეწყო, ნატოს გაფართოებას ვერ შევაჩერებდითო.
ანუ, საქართველო იმდენად ახლოს იყო თავის ოცნებასთან, რომ მოსკოვს ომის წამოწყება დასჭირდა.
ბიძინა ივანიშვილი კი ირწმუნება, რომ სწორედ სააკაშვილის გამო ვერ შევდივართ ნატოში, რომ სააკაშვილია ერთადერთი, ვინც ამ მიზანს ხელს უშლის.
ათვლის წერტილი - საქართველო
პუტინს საქართველოში არ სჭირდება პოლიტიკოსი, ვინც დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, ვინც ქვეყნის ეკონომიკურად მოძლიერებაზე იზრუნებს - რუსეთს არ სჭირდება მასზე ძლიერი. მას ახლაც ნერვებს უშლის ყველანაირი შედარება საქართველოსთან. მოსკოვში კი ბევრს საუბრობენ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე. რატომ ახერხებს საქართველო კორუფციის დამარცხებას? რატომ ახერხებს საქართველო პოლიციაში წარმატებული რეფორმის გატარებას? რატომ ახერხებს საქართველო კარგი გზების დაგებას? რატომ... და ასე დაუსრულებლად. შეკითხვები კრემლის მისამართით სულ უფრო ხშირად ისმის. დიმიტრი მედვედევს მოუწია კიდეც თავის მართლება: ეს იმიტომ, რომ: საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ კი ვეებერთელა ვართ და შესაბამისად, რეფორმის პროცესი ეფექტური ვერ იქნებაო.
სააკაშვილმა დასკვნები ვერ გამოიტანა ვერც ყირგიზეთისა და ვერც უკრაინის მაგალითებიდან, ვერც აგვისტოს ომმა შეცვალა მისი საგარეო პოლიტიკა და ვერც შიგნიდან შეძლეს ციხის გატეხა. ისე ჩანს, თითქოს პუტინის მოთმინების ფიალა ავისო, ახლა ის მთელ თავის ძალისხმევას სწორედ საქართველოსკენ მომართავს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ ამბობს უარს ნატოზე და დასავლურ ღირებულებებზე, არამედ იმიტომაც, რომ სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება. პუტინს ოლიმპიადის ჩაშლა არ აწყობს და სურს, რომ ყველანაირი რისკ-ფაქტორი გაანეიტრალოს. საქართველო დაწყნარებას არ აპირებს მანამ, სანამ რუსეთს ტერიტორიები მითვისებული აქვს და სანამ მტრულადაა განწყობილი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მიმართ.
რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ არის აფხაზეთთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს აკანონებს - რუსეთის ჯარებს ამ ტერიტორიებზე. ეს კი, თავის მხრივ, ნატოს პერსპექტივებს უსვამს ხაზს. ასე მოხდა უკრაინაში.
გეზი განადგურებისკენ
ერთი შეხედვით, საქართველოში ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი დაიწყო - საარჩევნო ცხელება. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი პროცესია. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საარჩევნო ბრძოლაში კი არ ჩაება, არამედ ომი გამოუცხადა ხელისუფლებას, თანაც სამკვდრო-სასიცოცხლო. ანუ, მისი განცხადებებიდან უკვე ჩანს, რომ მას არა უბრალოდ ხელისუფლებაში სურს მოსვლა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ არსებული რეჟიმის განადგურება.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს პოლიტიკაზე უფრო მეტია, მისი ბოლოდროინდელი განცხადებიდანაც ჩანს.
- როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის მსგავსი რამ წარმოიშვება, იმიტომ რომ სააკაშვილს ძველი უფლებები კიდევ 6 თვით ექნება შენარჩუნებული, - განაცხადა მან „კავკასიის“ ეთერით.
უფრო ადრე სააკაშვილს ის იმპიჩმენტით „დაემუქრა“:
- მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო თავის ხასიათზე, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, თუ თვითონ ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას...
ანუ ბიძინა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარ ადგილს ხედავს, სხვა ფიგურებს, უბრალოდ, არ განიხილავს. ასეთი გამოწვევა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ახლა ბრძოლა გამარჯვებისკენ კი არ მიდის, არამედ განადგურებისკენ.
სწორედ განადგურებისკენ აღებული გეზი იზიდავს ბიძინას მიმართულებით რადიკალურ ელექტორატს. ამიტომაც მას მხარს სწორედ ისინი უჭერენ, ვინც თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძისა და ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგნენ. შესაბამისად, ბიძინას არ უნდა გაუკვირდეს, რომ იგივე IRI-სა და NDI-ს კვლევებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-საც კი ვერ უახლოვდება. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი - მისი საყვარელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ - ანალიზს ვერ აკეთებს და უნდობლობას IRI-სა და NDI-ს უცხადებს.
ინფორმაციისთვის: სერბეთის 2012 წლის არჩევნებისთვის კვლევები IRI-მ ჩაატარა და ცდომილება მის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის სულ ორი პროცენტი იყო.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებისთვის არ ემზადება - მან კარგად იცის, რომ შანსები არ აქვს. სწორედ ამიტომ თქვა უარი საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენებაზე - ის საკუთარ კოალიციას სათავეში არ ჩაუდგება.
ბიძინას თავადაც ესმის, რომ მისი პოლიტიკური ორიენტაცია მისი სუსტი წერტილია. რამდენიც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა და რამდენჯერაც არ უნდა თქვას, რომ ევროპა და ნატო მნიშვნელოვანია, ის მაინც ვერ შეძლებს იმის ახსნას, როგორ მოახერხა პუტინის ქვეყანაში თავისი აქტივების გაყიდვა. ანუ, თუ პუტინისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობ და მის წესებს არ ემორჩილები, ან ხადარკოვსკივით ციხეში ზიხარ, ან ბერეზოვსკივით ქვეყნიდან გარბიხარ.
ივანიშვილი ვერ ახსნის, როგორ შეუძლია მას, ერთადერთს, თან ნატო იძახოს (ამის გამო იუშჩენკო მოწამლეს, ბაკიევი კი ჩამოაგდეს) და თან რუსეთში აქტივები გაყიდოს, თანაც სარფიანად.
ივანიშვილი ვერ ახსნის, როგორ შეუძლია მას, ერთადერთს, ტერიტორიების დაბრუნება. ამ თემას არც არასოდეს აკონკრეტებს. ისევე, როგორც ვერასოდეს შეძლებს, გვითხრას, როგორ წარმოუდგენია ნატოსკენ სვლასთან ერთად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. მაშინ როცა მედვედევმა უკვე აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ნატოს გაფართოების შეჩერებისთვის დასჭირდათ.
ამ კითხვების გადასაფარად მას საგანგებო ლეგენდები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა ბიძინა ივანიშვილმა „მაესტროს“ ეთერით გაახმოვანა. მან თქვა:
- სახელმწიფოში, სადაც თვითონ სახელმწიფო შეიძლება იყოს საშიში და ჰყავდეს ასეთი მეთაური, არ შეიძლება მოქალაქე იყოს დაცული სრულფასოვნად. მათ შორის მეც. მე ამას კარგად ვაცნობიერებდი მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვდიოდი და ვაცნობიერებ დღესაც. მე კარგად ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. მე მყავს კარგი დაცვა, კარგი დაცვის უფროსი და კარგი თანამშრომლები, ერთგული და წესიერი ხალხი. ნორმალურ სახელმწიფოშიც კი რთულია, კერძო პირმა და ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტმაც კი... თუ გახსოვთ თქვენ ისრაელი, რომლის დაცვაც განსაკუთრებით გამოირჩევა, იქაც მოხდა უბედურება, ასეთ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია. ჩვენს შემთხვევაში კი, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ხიფათი ელოდეს სახელმწიფო სტრუქტურებისგან, იქ ყოველგვარ დაცვაზე საუბარი ზედმეტია. მე დაცვა გავაძლიერე... ამერიკაშიც მთხოვეს და მიმითითეს და მე დაცვა გავაძლიერე. ჩვენ იქ გვყავს მეგობრები, ნაცნობები... კონკრეტულად ვინ და როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ანუ ბიძინა ივანიშვილმა ამ ზოგადი მესიჯით მხოლოდ ერთი რამ გვითხრა: მე იმდენად პროამერიკელი ვარ, რომ ხედავთ, თვით თეთრ სახლში ზრუნავენ ჩემი მეგობრები ჩემს უსაფრთხოებაზეო.
ამ პრორუსული ლეგენდის საპირისპიროდ, ის ცდილობს, თავისი შინაარსით, აბსოლუტურად პრორუსული ლეგენდის დამკვიდრებასაც. რამდენიმე დღეა, მინიშნებები კეთდება, ბიძინა ივანიშვილმა „თელასი“ და „ყაზტრანსგაზი“ იყიდა და დენსა და გაზზე ფასები დაიწევსო.
დენი და გაზი - ეს ის ერთადერთი „ბიზნესებია“, რის იმპორტსაც რუსეთი ახორციელებს და რისი საშუალებითაც პუტინი ევროპის დაშანტაჟებასაც კარგად ახერხებს. თავის დროზე მან კიევიც დააშანტაჟა ფასებით და თბილისიც. თუ დასავლეთისკენ იხედებით და თავი მართლაც დამოუკიდებელ ქვეყნებად მოგაქვთ, მაშინ ნება იბოძეთ და დენსა და გაზზეც ევროპული ფასი გადაიხადეთო. ასე რომ, რუსულ გაზსა და დენს ყოველთვის პოლიტიკური ფასი ედო.
ექსპერტების განმარტებით, ტარიფი დგება რამდენიმე კომპონენტისგან. მათ შორისაა ინვესტიცია, გადასახადები, მომსახურების ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯები, უსაფრთხოების ხარჯები, დანაკარგები - ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით კი გამოდის სწორედ ისეთი ტარიფი (51 თეთრი), როგორიც ამჟამად გვაქვს.
6 თეთრი (ესე იგი დაახლოებით 3 ცენტი), როგორც ამას კულისებში ლაპარაკობენ, არ არის არც ერთ ქვეყანაში. მათ შორის თურქმენეთშიც კი, სადაც გაზს ზოგჯერ ჰაერში უშვებენ, არ იციან, სად წაიღონ, როდესაც ის მიწისზედა აპარატურას „აწვება“ ჭაბურღილიდან და აზიანებს.
3 ცენტი მოსახლეობისთვის გაზის მომწოდებელ ქვეყნებში არ ღირს ბუნებრივი აირი. მაგალითად, აზერბაიჯანში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვის დაახლოებით ხუთჯერ ძვირია. არადა, ეს ხომ სწორედ აზერბაიჯანული გაზია? როგორ შეიძლება აზერბაიჯანული გაზი საქართველოში ხუთჯერ იაფი ღირდეს, ვიდრე მომწოდებელ ქვეყანაში? ამაზე მეტი აბსურდი, უბრალოდ, წარმოუდგენელია!!!
ასეთივე მდგომარეობაა დენზეც. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილი ამ თემაზე კონკრეტულად ვერ საუბრობს. და საერთოდაც, ის მესიჯები, რასაც ივანიშვილი შიგადაშიგ აპიარებს ხოლმე, ბადრი პატარკაციშვილის პროგრამაა.
დაბოლოს
„პრაიმტაიმმა“ ერთხელ უკვე დაბეჭდა ის მოთხოვნები, რასაც რუსეთი საქართველოს უყენებს. შეგახსენებთ ამ ჩამონათვალს:
1) განცხადება ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის შესახებ;
2) დაბრუნება რუსეთის ინიციატივით შექმნილ „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში“, რომლის წევრებიც არიან ტაჯიკეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბელორუსი;
3) საქართველოდან რუსული ბაზების გატანაზე უარის თქმა;
4) აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ყველაფრის დატოვება ისე, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ანუ, მაგალითად, „ხელის არხლება“ ერგნეთის ბაზრობისთვის, საიდანაც გამანადგურებელი კონტრაბანდა მოედინებოდა, და ასე შემდეგ;
მსგავსი პირობები დააკმაყოფილეს კიევშიც და ყირგიზეთშიც. და პოლიტიკური ფასი პუტინს დენისთვის და გაზისთვის იქ არ დაუკლია. ასე რომ, დასკვნები თავად გააკეთეთ.
და კიდევ ერთი, თუ საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნება გვირჩევნია, მაშინ ნურც 9 აპრილის მემორიალთან დავანთებთ სანთლებს.