ვინ თქვა "მიაუ"?ნოდარ ლადარია
24 საათი
27.05.12
რატომ გაქვს ბლანჟე,
ქალი ხარ?
ხალხური სიბრძნე
ზოგისთვის უახლოესი წარსულის მთავარი მოვლენა დავით-გარეჯის მონასტრის ეპოპეა იყო, სხვებისთვის - ლგბტ აქტივისტებსა და მართლმადიდებელ აფერისტებს შორის ატეხილი გიგანტომაქია. ერთიც და მეორეც ალბათ ჰომეროსის თუ არა, პრესა.ჯი-ს კალამს მოითხოვს... სად შემიძლია?! - შევძახებ, როგორც განათლებულ და სასოწარკვეთილ ქართველთ სჩვევიათ. მე ბევრად უფრო მარტივი და, ვთქვათ პირდაპირ, ელემენტარული დავალებების შესასრულებლად ვარ მოწოდებული. აი, მაგალითად, წაკითხულის შინაარსი ან სურათის აღწერა... რატომაც არა? იქნება ასე უფრო გამოჩნდეს, რატომ უნდა იყოს განათლებული ქართველი აუცილებლად სასოწარკვეთილიც...
ამჯერად სურათის აღწერა იყოს.
სურათი კი ინტერნეტში ვნახე - იქ მოდარაჯე კაცის თვალი ბევრს რასმე ნახავს სულის მარგებელს. ფოტოშოპის პროდუქტზე სამი კაცი იყო გამოსახული. ორი მათგანის შესახებ წარწერა გვაუწყებდა, რომ ისინი ათეისტები არიან. მაგრამ ჯერ სადა ხართ?! - თითქოს არ კმაროდა, წარწერა იმასაც გვეუბნებოდა, რომ ორივე ამერიკელია! იქნებ ახლა მაინც დაგვინდოს მუხთალმა წუთისოფელმა-მეთქი, მაგრამ მუხთალ წუთისოფელთან, აბა, ვის დაადგება ხეირი: ორივე მილიარდერიც ყოფილა!
ჩვენ ხომ არა და არ გვეღირსა ერთი ასეთი... მერე ერთი კი არა და ბარე ორიც გვეღირსა, მაგრამ რად გინდა... არა, ნუ ვილაპარაკებთ არასასიამოვნო საგნებზე. სურათის აღწერა განვაგრძოთ!
სურათზე გამოსახულ ორ ათეისტ და ამერიკელ მილიარდერს თავიანთი მილიარდების დიდი (ერთ მათგანს კი უდიდესი) წილი ქველმოქმედებაზე დაუხარჯავთ. მაგრამ ვინ არის მესამე კაცი? წარწერა გვამცნობს, რომ მესამე კაციც მილიარდერია, თუმც კი უფრო მცირე მასშტაბისა (რა გაეწყობა, უაქციზო არყითა და თუთუნით ვაჭრობა ნაკლებ მოგებას იძლევა), ოღონდ ერთმორწმუნე და თანაც ეპისკოპოსი. ეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეა, რომელსაც, როგორც სურათზე დატანილი წარწერა გვეუბნება, არც გაუგია, რა არის ქველმოქმედება...
ჰოდა, დგას ეროვნული ღირებულებებით თავგამოტენილი ქართველი ამ სურათის წინ, როგორც ერთი საბავშვო ზღაპრის წრუწუნა, რომელმაც პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა ეზოში, სადაც არც გაბღენძილი მამალი მოეწონა, არც კუნტრუშა თიკანი... სამაგიეროდ მოეწონა ხატულა კნუტი და მაინცდამაინც მასთან ისურვა მეგობრობა.
ზღაპარში ყოველთვის გამოჩნდება გამოცდილი დედა-თაგვი, რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებს. მაგრამ მუხთალ წუთისოფელში გულუბრყვილო წრუწუნები, ძირითადად, ობლები არიან და მხოლოდ საკუთარ ჭკუას უნდა ენდონ. ეს კი ნიშნავს, რომ ცდათა რაოდენობა ერთის ტოლია...
ამ წერტილიდან სურათის აღწერა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განვაგრძოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქველმოქმედება არც ჩვენში იციან: ვიღაცას ჰგონია, რომ ეს იპოთეკური სესხია, რომელიც უცნობებმა საარჩევნო ხმებით უნდა დააბრუნონ, ცნობადებმა კი საჯარო ყურმოჭრილი მონობით; სხვები კი ფიქრობენ, ქველმოქმედება მოკლე სერიალია, როცა პირველ სერიაში ასი ათასი ღატაკი ორი სხვა ღატაკისთვის ბინას ყიდულობს, მეორე სერიაში კი ყველანი ერთად მახათას მთაზე რკინა-ბეტონის გაუგებრობას აშენებენ.
მაგრამ ჩვენ სხვა მიმართულებას ავირჩევთ და ვიტყვით, რომ სურათზე სიტყვა "ათეისტი", თუმც სიმართლეს შეეფერება, სრულიად უადგილოდ არის გამოყენებული. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არაფერს უპირისპირდება.
მახსოვს ერთი ქართველი ეპისკოპოსი, რომელიც ოცდახუთი წლის წინ თავის კუნკულ-ბარტყულზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: "შეხედე, რა მაცვია და თავზე რას ვიხურავ - ორმოცდაათი წლის კაცი ინდაურს დავემსგავსე და ფულიც არ მქონდეს?". დღემდე ვაფასებ მეუფის გულწრფელობას და ამიტომაც არ დავურღვევ დამსახურებული პენსიის სიმშვიდეს. ამასვე მეუბნებოდა ხსენებული კირილეს ბარტყი, ამჟამად მოსკოვის საპატრიარქოს ჩინოვნიკი ვსევოლოდ ჩაპლინი - ცელიბატი იმიტომ ვარ, რომ ქალები და ფულები არ მომაკლდესო - ოღონდ ეს გულწრფელი კი არა, გალეშილი იყო, ამიტომაც ვასახელებ. თვით მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირილეც ამავე ჯიშისაა. და მარტო ეგენი როდი არიან: ლეგიონია მათი სახელი და მათ სიტყვა "ათეისტი" არ უპირისპირდება.
მაგრამ არის ხედვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კუთხე, რომლიდან ეს "ათეისტი" კიდევ უფრო უაზროდ მოჩანს. რას ნიშნავს ქონების უდიდესი წილის დათმობა? რას ნიშნავს ის, რომ საკუთარ შვილებს არსებითად კაპიკებს უტოვებ? ეს ნიშნავს, რომ თავისუფლებას აღიქვამ როგორც ზნეობრივ ვალდებულებას. ეს კი, ბატონებო, სამარხვო "ბარამბოთი" პირის ჩატკბარუნება კი არა, სწორედ რომ უმაღლესი სულიერების აქტია. მთავარი ის კი არ არის, რომ შენი ნაშოვნი შენივე შვილებს დარჩეს - მთავარია, რომ თითოეულის შვილისთვის შენარჩუნდეს ისეთი სამყარო, სადაც თავისუფლად შოვნის შესაძლებლობა არსებობს და ცხოვრების რესტორანში შესულს ყველა მაგიდასთან არ დახვდება წარწერა: "შეკვეთილია".
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაღალი სულიერება პირველადია "თავისუფალ ბაზართან" შედარებით. პირიქით, ეს უკანასკნელი შეიქმნა როგორც თავისუფლების სულიერებით აღვსილთა ოცნება და ერთადერთი მეტ-ნაკლებად განხორციელებული უტოპია. იქ, სადაც სულიერების ქართული ვარიანტი ბატონობს, თვით თავისუფალი ბაზარი გაიჭედება და დაიხრჩობა ერთი ან ორი თაობის განმავლობაში - მზრუნველი დედები და მამები გაჭედავენ და დაახრჩობენ საკუთარი შვილების საკეთილდღეოდ...
მართლაც, არსებობს ერთი დამღუპველი ილუზია, რომ თითქოს კერძო ბიზნესის წარმომადგენელი უპირობოდ გონებაგამჭრიახი, კრეატიული, რეალობის წინაშე გახსნილი და მისდამი მგრძნობიარეა. კიდევ უფრო დიდი მიამიტობაა ფიქრი, თითქოს გონებაშეზღუდული, ჩაკეტილი და გადაულახავი იდეოლოგიური კომპლექსებით დატვირთული ბიზნესმენი კონკურენციას ვერ გაუძლებს და გაკოტრდება. მსოფლიოში ყველაზე ადვილად დასაწყები ქართული ბიზნესი სწორედ ასეთი ტლუ ხალხით არის სავსე მისი მოკლე განზომილების მთელ სიგრძეზე. დავიწყოთ ზემოდან...
სტიქაროსანი ბანკირები და ღვთისმოსავი პროვიზორები კარგად იყვნენ და ვინ არ იცნობს ედმონდ აბაშიძეს - თიბისი ბანკის მიერ შობილ ფიქციურ პერსონაჟს! ეს ტიპაჟი სწორედ იმ წარმოდგენას ასახიერებს, რომელიც ოდესღაც ჩინოსან კომკავშირლებს ჰქონდათ "კაი ცხოვრების" შესახებ და რისკენაც თვითონ მიისწრაფოდნენ ხოლმე ბოღმიანი მოწყენილობით უფროსი პარტიული ამხანაგების კვალდაკვალ. არის ამგვარ წარმოდგენაში რაღაც უსაზღვროდ პლებეური, რადგან უცნაურად ითავსებს ბოლშევიკური პლაკატების ცილინდრიანი ბურჟუას შინაგან სამყაროსა და მე-19 საუკუნის ბულვარული რომანების გარეგნულ ანტურაჟს. ეს გააზნაურებული მდაბიო ოპერის ლოჟაში მობილურს ახმიანებს, საკუთარი სახლის სასტუმრო სალონში ფარიკაობს, შემთხვევით ლამაზმანებთან სძინავს და, რაც მთავარია, ყველაფერს მყარი ოჯახური ტრადიციის, ესე იგი, სიმდიდრის მუქთად მიღების სურნელი დასტრიალებს - გამოყენებული პამპერსებისა და ნაფტალინის ნაზავი.
სიმდიდრე უქმად ჩნდება და უქმობაში იხარჯება - პასუხისმგებლობის ნატამალიც არსადაა. ვითარებას არც ოქროს ციებ-ცხელების ან საიდუმლოს ძიების ოდნავი გემოც არ შველის: ყველაფერს გარდაცვლილი ბებია აფუჭებს, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, დაგროვების სტადიის ველური სისასტიკე შემოაქვს, ოღონდ "ლაითად", უვნებლად, სწორედ ისე, რომ მარცხის რისკმა არ გადააჭარბოს ფაქიზი კომკავშირული გულის გამძლეობას...
იმედია, ედმონდ აბაშიძე ისევე მიეცემა დავიწყების ბურუსს, როგორც ჯეოსელის ერთი ძველი რეკლამა, რომელშიც ბიჭები მეგობარი გოგონას მშობლებს ემალებოდნენ, მაგრამ ბიზნესის ქვედაფენებში გამეფებული სიბნელე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ძნელად დასაძლევია. რა დამავიწყებს ბოლნური ჯვრებითა და "ტორპედოზე" აღმართული კანკელით დამშვენებული ახალთახალი "ინფინიტით" მოგრიალებულ ბრილიანტისთითა მატრონას, რომელიღაც მაღაზიათა ქსელის მეპატრონის ცოლს! - არა, ეგ როგორ იფიქრეთ?! მე მხოლოდ ვუსმენდი! იმასაც ვიტყვი, რომ "მაღაზიათა ქსელი" საქართველოში, ბევრი სხვა რამის მსგავსად, ბევრ სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს, ამ შემთხვევაში კი ნიშნავს გასართობს, რომელიც სამამულო საშუალო ბიზნესის ზეპურ დედას ქმარმა დაუტოვა...
ამის შემდეგ კი იწყება საოცრება, რომელთან შედარებით გაზეთი "ასავალ-დასავალი" ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბუკლეტად მოგეჩვენება კაცს. არა, საქმე ეგრეთ წოდებულ "ოპოზიციურ" განწყობაში სულაც არ არის, საქმე ბიზნესმენის სოციალურ როლთან დაკავშირებულ ელემენტარულ ოპტიმიზმს ეხება - ბანოვანის პირიდან თავბრუდამხვევი სისწრაფით გადმოდიოდა აპოკალიფსური სურათები: ქვეყანა, რომელსაც წაართვეს სახელმწიფოებრიობა და აქციეს საფრენ ბილიკად, გაპიდარასტებულ-გასირისტიანებული ქართველობა, გაყიდული მამული და შეურაცხყოფილი სარწმუნოება. ვერც გახსნილობითა და გამჭრიახობით დაიკვეხნიდა ეს ქალბატონი: ამაყად მოახსენა გარშემო მყოფებს, რომ უარი თქვა სარფიან შემოთავაზებაზე, რადგან ბიზნეს-პარტიორად არ უნდოდა სომეხი. ყოველივე კი დაგვირგვინდა განცხადებით: "იმდენი ფული ჩავდეთ ჩემი შვილის განათლებაში, რომ თხუთმეტ ქვეყანაში სწავლობდა!". თუ ჰიპერბილიზაციისაკენ ჩვეულ სწრაფვას და ნახსენები შვილის ასაკს გავითვალისწინებთ, მას თითო ქვეყანაში ერთ ან ორ თვეზე მეტი არ უნდა გაეტარებინა - ქართველები იშვიათად თუ ძლებენ უცხოეთის სასწავლებლებში ერთ ან ორ სემესტრზე მეტ ხანს, თუმცა ეს არ უშლით ხელს შემდგომ კარიერულ აღმაფრენაში...
ჰოდა, ამ ოცდასამი წლის ბედოვლათსაც საბოლოოდ ჩამოსვლის შემდეგ რომელიღაც ბანკში უშოვნია ექვსასლარიანი ადგილი. "ასეთ ხელფასზე ჩემი შვილი როგორ იმუშავებს!" - საყურეების წკარუნით გრგვინავდა მატრონა...
არა, ბატონებო, თავისუფალი ბაზარი იმასღა შეძლებს, რომ მღვრიე წვეთებად ჩამოეწუწოს ამ უკიდეგანო გულ-მკერდს და დაბლა ქვიშაში ჩაიკარგოს, სულ მოსახლეზე მშპ-ს გაზრდას მოსახმარებელი ენერგია კი იმაზე დაიხარჯება, რომ უსწავლელმა, მაგრამ გენეტიკურად ახლობელმა ბედოვლათებმა ათიათასლარიანი სინეკურები დაინაწილონ...
და სანამ ჩვენი ყბადაღებული სულიერება ამერიკელი ათეისტების ზნეობრივ სიმწყობრეს არ გაუტოლდება, არ აგვცდება სახელმწიფო რეგულაციათა მსახვრალი ხელი იმ ქვეყანაში, სადაც დაბრმავებულ ბრბოთა ბრმა მოძღვრები უტიფრად გაიძახიან, რომ ქართველი "გეიები" არ არსებობენ, ქართველი ქალი კი ჩაგვრისაგან თავისუფალია. არსებითი ის კი არ არის, რომ ერთი ჰომოფობია, მეორე კი სექსისტი - არსებითი ისაა, რომ ამ სუბიექტებს საკუთარი სახე არ გააჩნიათ, რადგან ქრისტიანობა სინამდვილისადმი თვალის გასწორებაა, ხოლო თუ გგონია, რომ რეალობა შენს წარმოთქმულ სიტყვებზე იცეკვებს, ქრისტიანი კი არა, კუდიანი ჯადოქარი ხარ.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/opinion/pressombudsman/2012-05-27/29065.html