აფხაზი & აფსუა

Jul 21, 2012 14:18


„აფსუა“ არის აფხაზების თვითსახელწოდება, ანუ ავტოეთნონიმი, ხოლო „აფხაზი“ - მათი ყველაზე გავრცელებული ალოეთნონიმია, ანუ სახელი, რომელსაც სხვა ხალხები უწოდებენ. ისევე, როგორც „ქართველი“ არის ჩვენი ავტოეთნონიმი, ხოლო ტერმინები: „გურჯი“, „გრუზინ“, „ვრაცი“, „ჟორჟიენ“ და სხვა - ალოეთნონიმებია. ამრიგად, „აფსუა“ და „აფხაზი“ სხვადასხვა ხალხების სახელწოდებები კი არ არის, არამედ ერთი ხალხის - აფხაზების სახელწოდებაა, პირველი - აფხაზურ ენაზე, მეორე კი - ქართულ ენაზე, საიდანაც გავრცელდა ბევრ სხვა ენაში.

აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში“ მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს - გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან - „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. საქმე ისაა, რომ XII-XIII საუკუნეებში ტერმინს - „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზებმა შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“

АБХАЗИЯ

Previous post Next post
Up