მაია ორჯონიკიძე
17.02.2009
1.”საკანში” თქვენ და თქვენი თანამოაზრეები (მაგ.ბ-ნი გუბაზ სანიკიძე) ხშირად გამოხატავდით აღფრთოვანებას ქართველ ისტორიულ გმირთა და მეფეთა მამაცობით (იმავდროულად ხშირად ახსენებდით აგვისტოს სამამულო ომს,როგორც ხელისუფლების დანაშაულს).დამისახელეთ ერთი მათგანი,რომელსაც ომის ეშინოდა და ამ მიზეზით არასოდეს უომია საქართველოსთვის მაშინ,როდესაც ამის აუცილებლობა გარდაუვალი იყო.თვლით თუ არა,რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ფიზიკური ბრძოლა მხოლოდ ისტორიის კუთვნილებაა და თანამედროვე პირობებში იგი დაუშვებელია და დანაშაულის ტოლფასია მაშინაც კი-როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს?
2.თვლით თუ არა,რომ სახელმწიფოს მართვას არ სჭირდება პროფესიონალები და ეს ”ნებისმიერ მზარეულს”,მხატვარს ან მომღერალს უნდა შეეძლოს,როგორც ამას ვლადიმერ ლენინი აცხადებდა?
3.ვიცით რა თქვენი ქართული ტრადიციული ფასეულობებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ,ხომ ვერ განგვიმარტავდით-როგორ მოხდა,რომ თქვენი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტი შეიცავს ფრაზას-”მოდი აიწიე კაბა,მოდი გავაკეთოთ რამე ”?და როგორ ეწერება ეს ფრაზა ქართულ,მითუფრო თქვენს მიერ მრავალჯერ დეკლარირებულ მართლმადიდებლურ ღირებულებებში?
ან იქნებ მეშლება და თქვენ არც გიმღერიათ არასდროს ზემოთხსენებული სიმღერა?
4.თქვენ გეკუთვნით ფრაზა-”ჩეხეთი და სლოვაკეთი ისე დაიშალა-ერთი ტყვია არ გავარდნილაო ”(ვაცლავ ჰაველის შექების კონტექსტში).
ნიშნავს თუ არა ეს იმას,რომ თქვენი უკმაყოფილება გამოწვეულია არა იმდენად საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებით,რამდენადაც იმით-რომ ამ პროცესში ”ტყვიები გავარდა”?ასევე რამდენად მართებულად მიგაჩნიათ სლოვაკეთსა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს შორის პარალელების გავლება?
5. ქართულ ახალგაზრდულ პატრიოტულ ბანაკებზე და ორგანიზაციებზე რატომ გახსენდებათ მაინცდამაინც ”ჰიტლერიუგენდი” და საბჭოთა ”პიონერები” და არა თუნდაც იგივე ამერიკელი ”ბოისკაუტები”?და რატომ იმსახურებს ახალგაზრდებში პატრიოტული იდეის გაღვივების ეს ფორმა თქვენში დაუფარავ ირონიას?
თვლით თუ არა,რომ ე.წ. ”კაი ბიჭობის” ქუჩის სკოლა უფრო სასარგებლოა ახალგაზრდა თაობისთვის,სადაც ნაკლებია სპორტი და იგივე პატრიოტული რიტორიკა,მაგრამ ბევრად მეტია ქუჩური გარჩევები ,უსაქმურობა და პოტენციური ნარკომანიის საფრთხე?
6. ამასწინათ თქვენთვის სამომავლოდ სასურველ პარლამენტის დეპუტატთა სიაში თქვენ ამოიკითხეთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის გვარი.როგორც ცნობილია,
80-იანი წლების დასაწყისში ამ ქალბატონმა უარი თქვა ხელი მოეწერა თვითმფრინავის გატაცების საქმეში ბრალდებული ქართველი ახალგაზრდების შეწყალების თხოვნაზე,რომელსაც ბევრმა იმდროინდელმა ინტელიგენციის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.როგორც ცნობილია,შემდგომში ეს ახალგაზრდები-მათ შორის ერთი სასულიერო პირი,მღვდელი თემურ ჩიხლაძე უმოწყალოდ დახვრიტეს.მიგაჩნიათ თუ არა,რომ მათ სიცოცხლის ნაკლები უფლება გააჩნდათ,ვიდრე განსვენებულ გირგვლიანს ან ვაზაგაშვილს?და ამ გადასახედიდან როგორ გამოიყურება თქვენთვის ქ-ნი ნონა გაფრინდაშვილი?ისევ გნებავთ მისი პარლამენტში ხილვა?
7.მოგეხსენებათ,თქვენთვის საძულველ ”ვარდების რევოლუციამდე”-კარგა ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ ბ-ნი შოთა კვირაია,რომლის ავადსახსენებელი მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯრებიდან საეჭვოდ ხშირი პერიოდულობით ცვიოდნენ და სასიკვდილოდ შავდებოდნენ ბედკრული პატიმრები.გთხოვთ მიპასუხოთ-გაგჩენიათ თუ არა იმხანად სურვილი ”ტელესაკანში” განმარტოებისა და თუ არა-მაშინ ხომ ვერ გვეტყოდით-რატომ?
8.”საკნური” ტელესერიალის ტრანსლირების განმავლობაში გავხდი მოწმე თქვენი მხრიდან ედუარდ შევარდნაძის არაერთხელ აუგად და აგდებულად მოხსენიებისა.მაინტერესებს,რამდენად მორალურად თვლით პირადად თქვენგან მის ლანძღვას და აუგად ხსენებას თუკი გავიხსენებთ,რომ შევარდნაძეს თქვენს ოჯახზე დიდი ამაგი აქვს?კერძოდ,თქვენი ძმის,ბ-ნი ლევან გაჩეჩილაძის ღვინის ბიზნესისთვის ექსკლუზიური,პრაქტიკულად მონოპოლისტური პირობების შექმნაში და ამით თქვენი ოჯახის მატერიალური დოვლათის გამრავლებაში.
9.თქვენს სერიალში არაერთხელ გამოთქვით ის აზრი,რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ”გაფუჭება” პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის ბრალია,რომ მისი ხისტი და პირდაპირი ურთიერთობის სტილის შედეგია აგვისტოს ომიც კი.
მინდა გკითხოთ-1992 წლის რუსეთ-საქართველოს ომი,რის შედეგადაც მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია-ვისი ბრალია და სად იყო მაშინ ნატო და მიხეილ სააკაშვილი?
10.თქვენ ასევე არაერთხელ გამოხატეთ აზრი,რომ მართალია,ადრე ნატოში შესვლას ემხრობოდით,მაგრამ დღევანდელობამ დაგანახათ,რომ საქართველო სწორედ ნატოში სწრაფვის გამო დაისაჯა და ამან აზრი შეგაცვლევინათ ნატოს საწინააღმდეგოდ და რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია საქართველოსთვის.
ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ-რის გამო დაისაჯა ასეთ შემთხვევაში საქართველო 1992 წელს,როდესაც ნატოში შესვლაზე ირაკლი წერეთლის გარდა არავინ საუბრობდა და არც არავინ განიხილავდა?
და კიდევ-გახსოვთ თუ არა-რა მოჰყვა საქართველოს ნეიტრალიტეტს 1921 წლის თებერვალში?
11.ამასწინად თქვენ გაახმოვანეთ თქვენი და პრეზიდენტ სააკაშვილის ადრინდელი პირადი საუბრის ის ნაწილი,სადაც იგი გთავაზობდათ საზოგადოებრივ მაუწყებელში განსათავსებელ კლიპში მონაწილეობას საქვეყნოდ ცნობილ,დამსახურებულ მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად.კლიპი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ჰიმნის ვიზუალიზაცია და ამდენად პირველი არხის გადაცემები უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო ღამით სწორედ ხსენებული კლიპით.
მახსოვს თქვენი ირონიანარევი კომენტარი,რომ პრეზიდენტს უარი უთხარით,რითაც ერთობ გააოცეთ და გაანაწყენეთ კიდეც-რადგანაც არ გსურდათ ყოველ დილა-ღამე ყოფილიყავით ეთერში.რომ არა ”საკანი # 5” -ის ლამის 24-საათიანი ტრანსლირება ამას დაგიჯერებდით კიდეც,მაგრამ ამ ვითარებაში ეს ნაკლებად შემიძლია.ანუ თქვენი თავმდაბლობის მოტივი ”საკნის” პროექტის განხორციელების შემდეგ თავისთავად გამოირიცხა-მაშ რა მოტივით უთხარით უარი თავის დროზე სააკაშვილს?
უკვე გრძნობდით შინაგანი ფრონდის დაუოკებელ განცდას თუ ბ-ნი პაატა ბურჭულაძე ის პარტნიორი არ იყო-თქვენნაირ მომღერალს რომ ეკადრებოდა?
12.”საკანში” რას არ გაიგონებს კაცი-მათ შორის თქვენს კოლეგებზე,მომღერლებზე და მსახიობებზე,რომლებიც რატომღაც თქვენსავით არ ფიქრობენ და ანტისამთავრობო განწყობილებებით არ გამოირჩევიან.
გულწრფელად თვლით,რომ-ბუბა კიკაბიძეზე,ოთარ კობერიძეზე,ზუმბაზე და დუტა სხირტლაძეზე უკეთესი ხელოვანი და უკეთესი პიროვნება ხართ?
13.არ ფიქრობთ,რომ ღია ეთერში ესკიმოსებზე,თურქმენებზე და სხვა ეთნოსებზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ?
14.ამასწინათ მორიგი სიბრძნე მოვისმინეთ თქვენგან-ნუთუ მართლა თვლით,რომ ”ნაციონალებს არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ”?
და ამასთან დაკავშირებით ორი ქვე-კითხვა:
როგორ შეესაბამება ეს მოსაზრება თქვენს ”იდეურ დემოკრატიზმს”?
ნაციონალებს რითი სცნობთ-შუბლზე ვარსკვლავით თუ კისერზე ხალით?
15.მაქვს მყარი შეგრძნება იმისა,რომ თქვენს მიერ ”საკნის”პროექტის შექმნის მთავარი მიზანი გახლავთ თქვენი თავგანწირული მცდელობა ძმის პოლიტიკური რეპუტაციის რეაბილიტაციისა,რომელიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილში მისი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის გამო შეილახა.მძმა რის ძმა არის-თუ დასახმარებლად ექსტრემალური და სასწრაფო ზომები არ მიიღო.
ვცდები?
16.რატომ ლაპარაკობთ მთელი ხალხის სახელით და რატომ ვერ წარმოგიდგენიათ-თუ ვინმეს შეურაცხყოფს ”მიშა ძონძია”-ს სკანდირება-ის აუცილებლად ან ასათიანის ქუჩის პაციენტია ან ფული აქვს ხელისუფლებისგან აღებული?რატომ ხართ ასეთი დაბალი წარმოდგენის თქვენს თანამემამულეებზე?
საკუთარი თავის მიხედვით ხომ არ მსჯელობთ?
17.ხედავთ თუ არა,რომ ბევრი რამ-რაშიც სხვას ადანაშაულებთ-თქვენვე გჭირთ,თანაც დიდი დოზით?
18.გიფიქრიათ თუ არა იმაზე,რომ ბევრი იმათგანი,ვინც ჩამოთვლილი გყავთ თქვენს ”სიაში”როგორც მომავალი პარლამენტის სასურველი დეპუტატი - უკვე იყო წინა ხელისუფლებაში-მათ უკვე აჩვენეს საზოგადოებას რისი თავიც ჰქონდათ და იმ დროსთან საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უმძიმესი მოგონებები აკავშირებს-როდესაც ისინი სიბნელეში,სიცივეში და ”კაი ბიჭების” თარეშის ქვეშ ცხოვრობდნენ-სადაც ყურებიდან საყურეებს,ხელებიდან მობილურებს და მანქანებიდან ადამიანებს აძრობდნენ.სჩანს, თქვენ არ შეგხებიათ ცუდად ის დრო და მხოლოდ დღეს გაგახსენდათ ”ხალხი”-თავად როდესაც აღარ გაწყობთ?
19.თქვენმა მეგობარმა,ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა შარშანწინ აგვისტოში საქართველოზე ჭურვის ჩამოგდებაში პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა მთელი მსოფლიოს გასაგონად.ხომ ვერ დამდებდით პატივს,ჰკითხოთ ქ-ნ სალომეს-შარშანდელი აგვისტოს ყუმბარები ვინ დაგვაყარა?
20.როგორც ცნობილია,საქართველოს მტერთა მთავარი ”არგუმენტი” არის ის,რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.ამ ფონზე რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ იმ ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები,რომლებიც იგივეს იმეორებენ?
არ თვლით,რომ ნებისმიერი ქართველი,რომელიც ამ სიცრუეს ავრცელებს-ავტომატურად იარაღი ხდება მტრის ხელში საქართველოს წინააღმდეგ?
და საერთოდ შესაძლებელია თუ არა მსგავს პიროვნებებს ქართველი პოლიტიკოსები ვუწოდოთ?
21.თქვენ არაერთხელ გითქვამთ,რომ პუტინის რუსეთთან მოლაპარაკებით ქართული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია და ამის იმედი გაქვთ,რაც ჩემის აზრით აბსურდია,მაგრამ ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ ამ იმედის მეოთხედი გამოგეყენებინათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებასთან საერთო ენის მოსაძებნად?
თუ მაინცდამაინც კაციჭამია უნდა იყოს პიროვნება,მასთან დიალოგს რომ დასთანხმდეთ?
22.საკნის ბოლო სერიაში თქვენ გამოხატავდით თქვენს ხედვას,თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება.
ამასთან დაკავშირებით თქვენ განაცხადეთ,რომ 350 ათას აფხაზეთიდან დევნილ ქართველთა დაბრუნების სანაცვლოდ მზად იქნებოდით გეღიარებინათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა,ეს რომ თქვენზე ყოფილიყო დამოკიდებული.
ვერ ამჩნევთ,რომ თქვენს მსჯელობას კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს?
23.ტელემაყურებელს,რომელმაც ღია ეთერში გისაყვედურათ ჩემი მისამართით ცინიკური კომენტარების გამო თქვენ განუცხადეთ,რომ ჩემი სტატია ”შეკვეთილია და თქვენ ამას დაამტკიცებთ”.
არ დავიწყებ თქვენს განსჯას ამის გამო,უბრალოდ მოვითხოვ ფაქტებით ”დაამტკიცოთ” ზემოთქმული.
ჩემი კითხვები მინდა დავასრულო ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილი ფრაზით:
”ის,ვინც ცვლის თავისუფლებას უსაფრთხოებაზე-არ იმსახურებს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას”.