ამბავი მოხუც კაცზე, და ჭკვიან და ჩურჩუტა ფისოებზე

Dec 24, 2016 15:59

იყო და არა იყო რა, მდინარის პირას ცხოვრობდა ერთი მოხუცი კაცი. შვილები დიდი ხანია დაეზარდნენ და თავისთვის გადავიდნენ, ჰო და დარჩნენ მარტო მოხუცი კაცი და მისი ცოლი, და ერთი რქამოტეხილი თხა-ღა ჰყავდათ. არც არა უჭირდათ-რა, მშვიდად და წყნარად ცხოვრობდნენ, იქვე საძოვრად მდინარის პირზე ჩაჰყავდათ თავისი თხა, მცირე ბოსტანს უვლიდნენ და იყვნენ არხეინად.
ერთ მშვენიერ დღეს კი მოხუცი კაცის ეზოში გამოჩნდა პატარა ფისო, ეზო გამოიარა და სახლში დინჯად შეაბიჯა, ვითომც და სულ აქ ცხოვრობდა.
- ეს რა კეკელა ფისუნია მოვიდაო - უთხრა მოხუცმა კაცმა ცოლს, მოდი დავიტოვოთ, საღამოობით მოგვეფერება, გაგვახარებს, და თაგვებსაც დაიჭერსო. ასეც გადაწყვიტეს, და დაიტოვეს კეკელა ფისო.
გავიდა დრო, ფისუნია წამოიზარდა და დიდი ფისო გახდა, მოხუც კაცს და მის ცოლსაც ეფერებოდა, თაგვებსაც იჭერდა და რქამოტეხილ თხასთანაც მეგობრობდა. ისეთი მოსიყვარულე და ჭკვიანი იყო, რომ ყველას თავი შეაყვარა.
ამასობაში კიდევ გავიდა დრო, დადგა ზამთარი, და ერთ ცივ და სუსხიან დღეს მოხუცი კაცის ეზოში გაჩნდა კიდევ ერთი ფისო, ჭრელი და დაშინებული, ადრე სახლიდან გამოუგდიათ პატრონებს და ახლა ქუჩაში ცხოვრობდა, მშიერი იყო და რქამოტეხილი თხის რძის სუნზე მოსულა, იქნებ და საჭმელი იყოს რამეო.
მოხუცმა კაცმა რომ დაინახა, შეეცოდა მშიერი ფისო, და რძე დაუსხა, მაგრამ ჭრელი ფისუნია ისე იყო დაშინებული, მოხუც კაცს არც კი მიეკარა, შორს დადგა და იქიდან კნაოდა, მშია-მშიაო.
გაუკვირდა მოხუც კაცს, მოდი ფისო, მოგეფერები და საჭმელსაც გაჭმევო, მაგრამ ვერაფრით ვერ დაიმეგობრა ჭრელი ფისო, და შინ შევიდა, იქნებ და უჩემოდ რომ დარჩება, მივიდეს და რქამოტეხილი თხის გემრიელი რძე დალიოსო. რომ დაინახა, მოხუცი კაცი წავიდაო, მაშინვე მისულა ჭრელი ფისო და სულ ამოცალა ფიალა, ისეთი მშიერი იყო.
გათენდა მეორე დღე და ისევ იგივე განმეორდა - ჭრელი ფისო ახლოსაც კი არ გაეკარა მოხუც კაცს.
-რა გაეწყობაო - გაიფიქრა მოხუცმა კაცმა და შორიდან მაინც ვაჭმევო, შიმშილით არ მოკვდესო, და ეზოში გაუკეთა პატარა სახლი, ზამთრის სიცივეში რომ არ გაყინულიყო ჭრელი და ჩურჩუტა ფისო. ამ დროს კი ჭკვიანი და კეკელა ფისო სახლში ჰყავდათ, არხეინად იყო და არ ციოდა. ჭრელი ფისო კი გარეთ იყო, არავის ეკარებოდა და იყინებოდა.
სარკმელიდან გაჰხედა მოხუცმა კაცმა ეზოში მჯდარ ჭრელ ფისოს, მერე ჭკვიან და კეკელა ფისოს შეჰხედა და გაიფიქრა - ასეც არის ცხოვრებაში, ვინც გამბედავია და თავის თავზე ზრუნავს, სითბოში და გემრიელად ძინავს, და ვინც ახლოს არავის იკარებს, არც სხვა უყვარს და არც ის არავის უნდა, კი ზის სიცივეშიო.
იყო და არა იყო რა, ეს ამბავი იყო მაშინ, როდესაც ხეები მაღლები იყვნენ, ცა ლურჯზე ლურჯი და წყალი კი ღვინოზე გემრიელი.

ჩანაწერი

Previous post Next post
Up