უცხოეთში მყოფ ქართველებს

May 11, 2016 12:14




წლების წინ, სამშობლოში ახლად დაბრუნებული, კახეთში მოვხვდი, სადაც ფეხით ავედი ნეკრესის მშვენიერი ტაძრის სანახავად.
გზა ტყით იყო დაბურული და თითქმის მთელ მონაკვეთზე ირგვლივ არაფერი ჩანდა. ხოლო როგორც კი მიუახლოვდი ტაძარს, ტყის კედელი გაიხსნა და თვალწინ ულამაზესი სურათი გადაიშალა.
ხელისგულზე ჩანდა უსასრულო, ხასხასა მწვანე ზღვა, ალაზნის ველი.. და რაღაც ზღაპრული იყო იმ წამში, იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, და სულით და გულით, ყოველი უჯრედით, მადლობელი ვიყავი იმ ადამიანებისა, ვინც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსათვის ბრძოლაში, რომ არ დაუთმეს ეს მშვენიერი მიწა-წყალი არცა არაბსა, არცა მონღოლსა და არცა თურქსა, რომ ბრძოლით, სისხლის და ოფლის ღვრით შეგვინარჩუნეს მამული, და რომ ეხლა მე, წლების მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს შემეძლო ამოვსულიყავი აქ და მეთქვა:
რა ლამაზია ჩემი კახეთი..
ჩემი კახეთი..  ჩემი გურია.. ჩემი არგვეთი..
ცხოვრება ძნელი რამ არის, და რაც უფრო წლებში მიდის ადამიანი, მით უფრო ძნელდება იგი, რათა მატობს პასუხისმგებლობა კაცისა და მრავალნი სირთულენი.
ძლიერი ის კი არ არის, ვინც არასოდეს წაქცეულა, არამედ ის, ვინც წაქცეული ამდგარაო, ძველად უთქვამთ, და ეს დღესაც ასეა.
ჩვენი უბედური ქვეყანა კი, წაქცეული, გაპარტახებული, ცდილობს წამოდგეს და მხარი გაშალოს, მაგრამ რას იზამს იგი, როდესაც მისი შვილები ათიათასობით უცხო ქვეყნებს არიან მოფენილნი და მის მიწაზე კი უცხო თესლი ჰხარობს.
ამიტომაც, ჩემო საყვარელო ადამიანებო, დედებო და მამებო, დებო და ძმებო, შვილებო, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი კარგია, და მით უმეტეს დასაფასებელი, როდესაც ეს უცხო ტომთა შორის გადაკარგულ ადამიანს ეხება, რომელიც არ გაექცა თავის ქართველობას, არ დაივიწყა თავისი ეროვნება და არ გაითქვიფა.
მაგრამ ქართველნი ისეთი ერი ვართ, რომ ჩვენს მშობლიურ მთა-ბარს მოწყვეტილნი, პირველშივე თუ არა, მეორე-მესამე თაობაში არა მარტო ენას და წინაპართა ცხოვრების წესებს ვივიწყებთ, თვით ეროვნებასაც კი ვკარგავთ.
ამიტომაცაა საჭირო, რომ უბედურობის ჟამს გაქცეული ქართველობა შინ დაბრუნდეს, რომ შეამატოს თავისი ხელი და გონება ქვეყნის მშენებლობასა და საკუთარი ცხოვრება და შემოქმედება თავის ერს მოახმაროს.
რადგანაც ძლიერია ერი, რომლის შვილები მის კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავენ, და ძლიერია ის ერისკაცი, რომელსაც ძლიერი და წარმატებული ერი უდგას უკან.
ეს არის სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული და პატრიოტიზმი, როდესაც ადამიანი არა მხოლოდ ომიანობის დროს იარაღით ხელში იცავს თავის ქვეყანას, არამედ ყოველდღიურად ზრუნავს მასზე, მის გამზირთა და ველების სისუფთავეზე, კანონების უზენაესობაზე, ობოლთა და უსახლკაროთა დახმარებაზე და მრავალ სხვა რამეზე, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას შეადგენს, რათა საკუთარ შვილს დაუტოვოს მეტი და უკეთესი, ვიდრე მან წინაპრისგან მიიღო.

Сакартвело, Эрети

Previous post Next post
Up