ჩემი აზრით, ცხადია, რომ თუ ქართულმა მხარემ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, აფხაზეთი და თავისით არ დაბრუნდება. საჭიროა დიალოგი ამ რეგიონში მცხროვრებ ხალხთან და მათში იმ შიშის გაქარწყლება, რომელიც ჩვენდამი გააჩნიათ და ეს დიალოგი უნდა შედგეს, როგორც სამოქალაქო, ისე სამთავრობო დონეზე, ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე. დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ ზურგი გვაქვს შექცეული აფხაზებისთვის და ყოველდღიურად ვშორდებით მათ.
პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით, უნდა მოისპოს საფრთხე საქართველოდან, რათა ჩვენ შევძლოთ მათი დარწმუნება, რომ საქართველო მათი მოკავშირეა და არა მტერი. უარი ითქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკადის განხორციელებაზე, რადგან ეს ბლოკადა მხოლოდ განამტკიცებს აფხაზების შეხედულებას რომ საქართველო მათი მტერია, რუსეთი კი - მეგობარი. ამას ისიც ემატება, რომ რეალურად ამ ბლოკადით საქართველო თავად უბიძგებს აფხაზეთს გარესამყაროსთან მხოლოდ რუსეთის მეშვეობით ჰქონდეთ ურთიერთობა და ამით ხელს უწყობს მის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრირებას რუსეთთან, ხოლო ჩვენგან განსხვავებით, სწორედ რუსეთისთვისაა მომგებიანი აფხაზების დისტანცირება საქართველოსგან.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დავარწმუნოთ აფხაზები და დავანახოთ, რომ უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა, რომელიც დღეს აფხაზეთში მოქმედებს, პირველ რიგში ისევ და ისევ მათ წინააღმდეგაა მიმართული და მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს. ქართულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში ღირსეულ დაბრუნებას, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ასევე დიალოგის გაღრმავებას სამოქალაქო საზოგადობას შორის.
აფხაზები იმდენად მცირერიცხოვანი ერია, რომ მათში თვითგადარჩენის ინსტინქტს სერიოზულად აქვს ფესვები გადგმული და შესაბამისად აუცილებლად წამოვლენ თანამშრომლობაზე, თუკი მათ შევთავაზებთ უსაფრთხოებისა და განვითარების მყარ გარანტიებს. გვყავს ძლიერი ჯარი? კარგია და რაც უფრო ძლიერი ჯარი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, თუ რისთვის გვჭირდება ჯარი. საქართველოს ტიპის სახელმწიფოები ჯარით ვერ წყვეტენ ამოცანებს, ჩვენისთანა ქვეყანას ჯარი სჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და მოსახლეობა და არა სხვას დავესხათ თავს.
არ შეიძლება აკრძალული და ტაბუ დადებული იყოს საუბარი თუნდაც აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, რადგან ვიდრე შენ აფხაზებს არ ელაპარაკები ამ თემაზე, ჰგონიათ, რომ შენ ამის გეშინია და ვერასდროს მიხვდებიან, რომ მათი დამოუკიდებლობა აბსურდია. რა სჯობს - გვეშინოდეს მათთან ამ თემებზე საუბრის და ჰქონდეთ ასეთი აზრი, თუ ვისაუბროთ, ვიდრე თავად არ მიხვდებიან ამ იდეის უპერსპექტივობას? მსჯელობა ამ თემაზე, ეს არის მცდელობა მუდმივმომქმედ დიალოგში და თანამშრომლობაში გადავიყვანოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სადაც ადგილი ექნება როგორც აფხაზების, ისე ქართველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.
აფხაზეთის ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას ეთნოკრატიაა, რადგან 4 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: ქართველები, აფხაზები, რუსები და სომხები. ქართველების, რუსებისა და სომხების ჯამი მინიმუმ ორჯერ აღემატება აფხაზების რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ 4 ეთნიკურ ჯგუფს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ: სომხები ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ დამოუკიდებელ აფხაზეთში და მათ რუსეთთან მაქსიმალურად ინტეგრირებული აფხაზეთი უფრო ხიბლავთ. რუსებსაც - რასაკვირველია, რუსეთის შემადგენლობაში არსებული აფხაზეთი ურჩევნიათ. ქართველებს ხომ სულაც არაფერში სჭირდებათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მათი პერსპექტივები გაერთიანებულ საქართველოსთანაა დაკავშირებული. გამოდის, რომ დამოუკიდებლობაზე ოცნებობს მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, რომელიც უმცირესობაშია თავისივე ტერიტორიაზე და რომელშიც, ამ საკითხზე, სამი განსხვავებული აზრი არსებობს, რადგან აფხაზებში არიან ჯგუფები, რომლებიც მოითხოვენ დამოუკიდებლობას, მოითხოვენ რუსეთთან შეერთებას და მოითხოვენ საქართველოსთან ინტეგრირებას. ამ უკანასკნელთა რაოდენობა მიზერულია.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მხრადაჭერას და საქართველოს კონფლიქტების შედარებას სხვადასხვა კონფლიქტებთან, უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: აფხაზეთის უკან არაფერი დგას !!! მსოფლიოს ყველა სეპარატისტული რეგიონის ზურგსუკან მოიაზრება გარკვეული რესურსები: ყარაბახის უკან არის ეთნო-კულტურული სახელმწიფო - სომხეთი. გარდა ამისა, დიასპორაში არსებული უდიდესი ფინანსური თუ პოლიტიკური ბერკეტები. სომხეთს არ დაესიზმრება ის ფული, რასაც დიასპორა აწვდის ყარაბახს სომხეთის გვერდის ავლით. მართალია სომხეთმა ნაწილობრივ იცის დიასპორის დახამრებები ყარაბახში, მაგრამ მას არ აქვს სრული ინფორმაცია ამ დახმარებების შესახებ, აგრეთვე, რაც მთავარია, არ შეუძლია ამ რესურსების კონტროლი.
ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთი ეხმარება თავისი მზარდი რესურსებით; კოსოვოს - ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდიას - ირლანდიის რესპუბლიკა და აშშ-ში მცხოვრები დიასპორა და ა.შ. ყველა სეპარატისტული კვაზისახელმწიფოს უკან დგას მონათესავე ეთნოკულტურული სახელმწიფო, აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ. აფხაზების უკან არავინ დგას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანაც კი ჩრდილოეთ ოსეთი დგას, რომელსაც მცირედი, მაგრამ გარკვეული რესურსები გააჩნია. აფხაზებს კი ვინ ჰყავთ? სხვაგან არსად არანაირი აფხაზეთი არ არსებობს, გარდა თურქეთის აფხაზური დიასპორისა, რომელსაც გარკვეული ფინანსური რესურსი გაჩნია, მაგრამ არც თუ ისეთი ძლიერი, უხეშად რომ ვთქვათ, აფხაზეთში პოლიტიკური ამინდის შეცვლა შეეძლოს. ერთადერთი რაც აფხაზეთის უკან დგას, ესაა ნეოიმპერიალისტური რუსეთი, რომელსაც საკუთარი გეგმები და მიზნები აქვს აფხაზეთში და საერთოდ არ ანაღვლებს აფხაზების პერსპექტივები.
ყველა დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონში - ყარაბახშიც, ჩრდილოეთ კვიპროსზეც და კოსოვოშიც აბსოლუტური უმრავლესობა სეპარატიზმის მატარებელი ეთნიკური ჯგუფები არიან: სომხები - ყარაბახში, თურქები - ჩრდილოეთ კვიპროსზე, ალბანელები - კოსოვოში. კოსოვოში ორი მილიონი ალბანელია. ორი მილიონი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო შექმნას. აფხაზი 80 ათასიც რომ იყოს, სახელმწიფოს ვერ შექმნის. ანუ, ეს რესურსი მათ არ გააჩნიათ. ეკონიმიკა სრულიად გაჩანაგებულია. დანგრეულია მთელი აფხაზეთი. საკურორტო მხარეა, მაგრამ ფული არ შედის. რაც შედის, ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, რადგან კორუფცია ყვავის. აფხაზეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭიროა, სულ მცირე, მოსახლეობის 600 000-მდე გაზრდა, რათა 2 მილიონი ტურისტი მაინც მიიღოს და ეკონომიკა ფეხზე დადგეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ აფხაზების და ოსების დიდ უმრავლესობას არანაირად არ აქვს რუსეთის იმედი. მათ ეშინიათ რუსეთის, მაგრამ ჩვენი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ, რადგან ისინი გრძნობენ აგრესიას ჩვენგან. როგორც კი მოვსპობთ აგრესიას და ხელს შევუწყობთ აფხაზების და ოსების განვითარებას და ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში, მაშინვე მცირდება რუსეთის ფუნქცია, მაგრამ რეალობაა, ის რომ დღესდღეობით მათ მინიმალურ, მაგრამ მაინც, გარკვეულ გარანტიებს სთავაზობს რუსეთი და არა ჩვენ.
კონფლიქტის განმავლობაში აფხაზური მხარის დანაკარგი, ასე შეიძლება წარმოჩინდეს: გაღრმავდა აფხაზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: საკუთარი იდენტობის შენარჩუნება, რადგან „გარუსების" საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. დაკარგეს რა დამოუკიდებლობის რეალურად მიღების პერსპექტივა, აფხაზები მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და დღევანდელ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთში მშვიდობისმყოფელების ნაცვლად საოკუპაციო ჯარი დგას (რომლებიც აფხაზებისთვისაც საოკუპაციო ჯარებად რჩებიან), მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, „მიწების შეგროვებისკენ", ერთ დროს თურქეთში გადასახლებული „მუჰაჯირების" დაბრუნებისკენ - მარცხს განიცდის.
აფხაზეთში რუსების სამხედრო გავლენის ზრდასთან ერთად გაიზრდება რუსეთის სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებულებები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული სურათის ცვლილებას. დღევანდელი სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში, როდესაც აფხაზური მხარე მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე, ის, სავარაუდოდ, გამოეთხოვება საკუთარი სამხედრო რესურსების ფლობის ოცნებასაც კი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ამ მიზეზებისდა გამო, ქართული მხარის მხრიდან აუცილებელია ყოველდღიური მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელი მუშაობა აფხაზების დასაბრუნებლად, რადგან რუსეთი ძალიან დიდი ხანი არ გახდება დემოკრატიული სახელმწიფო, რაც ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად წარმოადგენს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზასაც. საქართველოს აქვს შანსი დაახლოებით ათ-თხუთმეტ წელიწადში გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ რუსეთის კონკურენტები აფხაზეთისთვის და რამდენიმე წლის შემდეგ მათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ: ნეოიმპერიალისტური რუსეთი თუ დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფის, ხოლო აფხაზების ინტერესები ევროპისკენ არის მიმართული, რაც ქართველებს და აფახზებს კიდევ უფრო აახლოვებს ერთმანეთს.
საბოლოოდ, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა არახელსაყრელი გარემოებების გამოისობით შექმნილი დღევანდელი სინამდვილე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი, ასეთია: ქვეყნის გაერთიანების ერთადერთ გზად რჩება თავად აფხაზების მონდომება, თუ აფხაზებმა არ მოინდომეს საქართველოში დაბრუნება, მათ ძალით ვერ დავაბრუნებთ! ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობის და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ომის პროპაგანდა და სამხედრო რიტორიკა, რადგან ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.