"Как Цхинвал и Сухум со своими банками разделили черные деньги в Донбассе и в Сирии" - "როგორ გაინაწილეს ცხინვალმა და სოხუმმა თავიანთი ბანკების მეშვეობით რუსული შავი ფულის „გარეცხვა“ დონბასსა და სირიაში". Моё интервью. აფხაზმა სეპარატისტებმა „გამარჯვების“ ზეიმზე რუსი სტუმრებიც მოიპატიჟეს და რფ-ის სათათბიროს დელეგაცია, მას შემდეგ, რაც ზეიმით იჯერა გული, „პრ.“ ხაჯიმბასაც შეხვდა და დსთ-ს წევრმა კონსტანტინ ზატულინმა სიტყვა აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზეც ჩამოაგდო, ეს აფხაზეთში საცხოვრებლის პრობლემას შეამსუბუქებდაო (ბოლოს და ბოლოს, ლამაზი თვალების გამო ხომ არ მოუწყვეს სირიაში ხაჯიმბას ლამის მეფური დახვედრა, სხვათა შორის, განსხვავებით „პრ.“ ბიბილოვისგან?!). დე-ფაქტო პრეზიდენტიც თითქოს დაეთანხმა და ამ ეტაპზე საუბარია აღმოსავლეთ აფხაზეთში მიწის გასხვისებაზე.
კონსტანტინ ზატულინმა ის საკითხიც წამოჭრა, რომ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში არააფხაზი, უბრალოდ, ვერ გაერევა, ხოლო პრეზიდენტად საერთოდაც აკრძალულია (სეპარატისტული კანონით) არააფხაზის კანდიდატურის განხილვა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ, თუკი რუსეთის მოქალაქეები უკვე მიწასაც შეიძენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათი, სომხებისა და რუსების, რაოდენობა შესაძლოა, ისე გაიზარდოს, რომ აფხაზები, უბრალოდ, უმცირესობად იქცნენ ტერიტორიაზე, რომელსაც მხოლოდ სახელად ერქმევა „აფხაზეთი“.
თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ცხინვალის რეგიონი, ანუ „იუჟნაია ოსეტია“ დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას (ჯერჯერობით რუსეთია უარზე, ოღონდ, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ ეტაპზე და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ჩრდილოელი მომავალში), აფხაზებს რუსეთის ფედერაციის სუბიექტად ქცევის სურვილი არ აქვთ, შესაძლოა, მოსკოვი ამ მეთოდით ცდილობდეს აფხაზეთის გარუსულებას. ამ საკითხზე თავის მოსაზრებას ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი გაგვიზიარებს.
- აფხაზები ძალიან უფრთხილდებოდნენ თავიანთ მიწას და არავის აძლევდნენ უფლებას, დაეკანონებინა ის. არც რუსეთი აძალებდა. რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზე აფხაზური თანხმობა რას მიანიშნებს, რომ რუსეთი ირიბად იერთებს აფხაზეთს, რომლებიც ცხინვალელებისგან განსხვავებით, არ მოითხოვენ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას?
- „იუჟნაია ოსეტიას“ ჰყავს ჩრდილო ოსეთი, ამას გარდა, იქ აღარც დარჩა სამხრეთ ოსეთი და შეიძლება, ითქვას, რომ ის უკვე გახდა რუსეთის სამხედრო ბაზა და სამხრეთ ოსები არანაირ როლს არ ასრულებენ. ამიტომ ბუნებრივია, მათ აქვთ ჩრდილო ოსეთთან გაერთიანების სურვილი, რომ ერთი მთლიანი გახდნენ. ამასთან, იცით, რომ მოსკოვში არის მილიტარისტების ჯგუფი, რომელთა ოცნებაა საქართველოს შემდგომი დანაწევრება. იცით, რომ ლაპარაკობენ თრიალეთის ოსეთზე, მაგრამ ეს სხვა თემაა. ოსებს უნდათ გაერთიანება. აფხაზეთთან სხვა ისტორიაა: მათ ძალიან უნდათ, მართონ საკუთარი სიამოვნებისთვის და არ გაუყონ ძალაუფლება სომხებსაც კი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და შესაძლოა, მათ აჭარბებენ კიდეც რაოდენობით. მით უფრო, არ უნდათ, ძალაუფლების გაყოფა რუსებთან.
- თუმცა მათ უნდათ რუსული ფული და იღებენ.
- დიახ, ფულის აღება უნდათ და მეც რომ მომცენ რუსებმა მილიარდი დოლარი, ავიღებდი. მუქთა ფული ყველას უნდა. მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი. პირიქით, თუკი ადრე რუსული წრეები დაინტერესებული იყვნენ, რომ დაეძრათ უძრავი ქონების გაყიდვის საკითხი, დღეს ეს აღარ არის აქტუალური, იმიტომ რომ აფხაზეთი უსარგებლო ხვრელად იქცა მას შემდეგ, რაც ყირიმი გაჩნდა რუსეთის შემადგენლობაში; გაჩნდა სოჭი, როგორც კურორტი, თუკი ადრე არსებობდა მოგონებები საბჭოთა კურორტ აფხაზეთზე და აზრი, რომ, თუ შეიძენ მიწას აფხაზეთში, მომავალში მისი ფასი გაიზრდება, რადგან აფხაზეთი განვითარდება, როგორც კურორტი, ახლა ეს აღარავის სჭირდება. რუსი მილიარდერებიდან, მილიონერებიდან თუ ჩინოვნიკებიდან, აბა, ვინ ჩადებს ფულს დანგრეულ საბჭოთა სანატორიუმებსა და სახლებში?! პირიქით, რუსული მმართველი წრეები აღარ არიან დაინტერესებულნი უძრავი ქონების შეძენით აფხაზეთში, შესაძლოა, ინტერესი ჰქონდეთ არც თუ შეძლებულ რუსებს, თაღლითებს, მაგრამ კრემლს მათი ბედი საერთოდ არ ანაღვლებს. ეს რიტუალური სვლებია - როდესაც ამის მიღება უნდათ ჭირვეული აფხაზი ელიტისგან მიწის საკითხს იხსენებენ.
- რაკი მიწის საკითხი გაუხსენეს, ამჯერად რის მიღწევა უნდათ?
- მათ აფხაზეთში თითქმის ყველაფერი აქვთ, თავდაცვის საკითხში, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილია. აფხაზეთის არმია ქიშმარიამ გაანადგურა, როგორც ასეთი, ძირითადად, რუსი კონტრაქტორები არიან. სპეცსამსახურებსაც სრულად აკონტროლებს რუსეთი. აფხაზეთს არ აქვს ეკონომიკური პერსპექტივები, ის ინგრევა და იქ ფულს არავინ ჩადებს, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი იყო სირიის მიერ აფხაზეთის ცნობა.
- მეც ძალიან მენიშნა, რატომ მიიღეს ასე პომპეზურად ხაჯიმბა? თითქოს მართლაც პრეზიდენტი ყოფილიყო. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ სანაცვლოდ რაღაცის გაღება მოუწევდა.
- მე ვიტყოდი, რომ სირიაში აფხაზეთმა დაამარცხა „იუჟნაია ოსეტია“.
- რას გულისხმობთ?
- იცით, რომ დონბასში, დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკებში „იუჟანაია ოსეტიის“ ბანკები მოქმედებს. ეს ტერიტორია სანქციების ქვეშაა, რუსულ ბანკებს იქ აშკარად მუშაობა არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, იქ ტრიალებს კონტრაბანდული, შავი ბიზნესის ფული, „იუჟნაია ოსეტიის“ ბანკები მსოფლიო საბანკო სისტემის მიღმაა, ამიტომ იდეალური ადგილია ფულადი მაქინაციებისთვის. მსოფლიო საფინანსო სისტემა ისეა აგებული, რომ ნებისმიერი დოლარისთვისაა შესაძლებელი თვალის მიდევნება. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ ბანკები კი მხოლოდ ირიბად არიან დაკავშირებულები რუსეთის საბანკო სისტემასთან, არ არიან მათი ნაწილები და ამიტომ ასრულებენ შავი ხვრელის ფუნქციას. ჩადებთ ფულს სამხრეთ ოსურ ან აფხაზურ ბანკებში, „გარეცხავთ“ და ამ ფულის კვალს ვერავინ მიაგნებს. დონბასი კონტრაბანდული ზონაა, სადაც შავი ფულის დიდი მასა მოძრაობს და „იუჟნაია ოსეტიამ“ მოახერხა საკითხის ისე დაყენება, რომ შავი ფული სწორედ მისი საბანკო სისტემიდან „გაირეცხოს“.რუსეთის საბანკო სისტემით შეუძლებელია დონბასიდან შავი ფულის გამოტანა, ამიტომ გადააქვთ „იუჟნაია ოსეტიას“ საბანკო სისტემაში, რომლის ფილიალიც დონბასში მოქმედებს, იქიდან კი - ჩრდილო ოსეთის საბანკო სისტემაში, ანუ უკვე - რუსეთის საბანკო სისტემაში გადააქვთ. აფხაზეთი კი დონბასის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
- რატომ? იმიტომ რომ რუსეთში აფხაზებზე მეტად ოს სეპარატისტებს ენდობიან?
- იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს შორის იბრძვიან და ერთმა ბანდიტმა არ შეუშვა მეორე ბანდიტი. დონბასი „დაითრია“ ცხინვალმა. იცით, რომ დონბასში სამხრეთელი ოსები იბრძოდნენ, თუმცა იყვნენ აფხაზებიც, მაგრამ უფრო ცოტანი. დონბასში „იუჟნაია ოსეტიამ“ გაიმარჯვა აფხაზეთზე და შავი საბანკო სისტემა თავის თავზე აიღო. როგორც ჩანს, სირიაში პირიქით მოხდა: იქ ვითარება მეტ-ნაკლებად დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ტერიტორია ასადმა დაიბრუნა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სახალიფო ბოლომდე განადგურდა და ახლა უნდა დაიწყოს სირიის აღდგენის პროცესი. ამის შესახებ ილაპარაკეს რუსეთში: რომ საჭიროა პალმირას თავიდან აშენება, რომ უნდა აშენდეს ათასზე მეტი სირიული სკოლა, არადა უმჯობესია, ვორონეჟში შეიკეთონ სკოლები. ასეა თუ ისე, ყირიმის ხიდის მსგავსად, სირიაში უზარმაზარი ოდენობის ფული დაიხარჯება, შესაძლოა, დასავლური ფულიც მოიძიონ და ამ ფულის დიდ ნაწილს, ცხადია, მოიპარავენ. აფხაზეთი კი თავის თავზე აიღებს ამ შავი კაპიტალის მომსახურების ფუნქციას, ბუნებრივია, თავადაც ნახავენ ხეირს. ანუ სირიაში მათ აჯობეს სამხრეთელ ოსებს.
- სირიაში აჯობესო, ამბობთ, მაგრამ მათ გაუნაწილებიათ შავი ფულის ნაკადები: დონბასიდან ცხინვალი იხეირებს, სირიიდან - სოხუმი. ორივე კმაყოფილი დაიტოვა რუსეთმა. და ამ ფულის სანაცვლოდ აფხაზეთმა უნდა გაყიდოს მიწა?
- არ მგონია, ცივილიზებულად გაეყოთ. ბანდიტებს შორის მუდმივი დავაა ხოლმე, ვინ გაიმარჯვებს. ამ მხრივ, აქტუალობას იძენს უძრავი ქონების საკითხი: ვფიქრობ, შესაძლოა, აფხაზეთი მართლაც დათანხმდეს მიწის გაყიდვას, მათ თქვეს, რომ თანახმანი არიან, გაყიდონ მიწა აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს გალის რაიონია.
- არა მხოლოდ, სოხუმის აქეთ ტერიტორია, ჩვენკენ.
- ეს არის ტერიტორია, სადაც ქართველი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს და ძალიან კარგი იქნებოდა მათთვის, იქ შეუშვან რუსები, რომ გააზავონ ქართველების რაოდენობა რუსი მოსახლეობით და ისინი ნაწილობრივ თბილისისკენაც გამოაძევონ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მოსახლეობას არ აქვს არანაირი პოლიტიკური უფლებები, მაგრამ მაინც.
- მათ თავიანთი უძრავი ქონების დაკანონებაც კი არ შეუძლიათ აფხაზეთში და არც სხვა უძრავი ქონების შეძენა.
- თუ ეს ასეა, რატომ არიან ჩუმად ქართველი საზოგადოება და ქართული სახელმწიფო?! რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს მსგავსი რამ, დიდი ხმაური ატყდებოდა. გაუგებარია, რატომ არ სვამს ამ საკითხს საქართველოს მთავრობა გაეროში, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობთ. თუ რუსები შეიძენენ უძრავ ქონებას იმ რაიონებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ და მათ, როგორც თქვენ ამბობთ, არ შეუძლიათ საკუთრების შეძენა, აფხაზებისთვის ეს კარგია, ქართველების გამოსადევნად. მეორე მხრივ, სირიის კონტექსტშიც საინტერესოა აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის დაშვება - შესაძლებელი გახდება ფულის გარეცხვა. თუ სირია გამოიყენებს აფხაზეთს, მიეცემა საშუალება, შავი ფულის ლეგალიზება აფხაზური ბანკებით მოახდინონ. სირიიდან გამოტანილი ფული ჩამოიწერება, როგორც აფხაზეთში საკუთრების ყიდვისთვის განკუთვნილი.
- ფიქრობთ, რომ აფხაზ სეპარატისტებს აქვთ იმდენი ფინანსური გაქანება, რომ ეს ფულადი მაქინაციები ჩაატარონ?
- იქ არიან განათლებული კადრები, მაგრამ არ მგონია, რომ ძალიან ახლოს მიუშვან ამ ფულთან აფხაზები. მათ რაღაც ლუკმა ერგებათ ბატონების სუფრიდან. რუსეთი აფხაზურ ბანკებს გამოიყენებს, როგორც შირმას.
- მაგრამ ამით ხომ მაინც აფხაზებს აძლიერებენ? თუ, უბრალოდ, აფხაზურ ელიტას გამოკვებავენ?
- ელიტა მიიღებს ტორტიდან თავის ნაჭერს იმისთვის, რომ ისინი დასვამენ თავიანთ ხელმოწერას დოკუმენტებზე და ეს მათ უფრო მიაჯაჭვავს რუსეთს. აფხაზეთს გააძლიერებდა საკუთარი ეკონომიკა, რაც არ ხდება.
- მე ვიგულისხმე, რომ სეპარატისტულ განწყობას გააძლიერებდა.
- იქ 25 წლის განმავლობაში არაფერი შექმნილა, არც ტურისტული სექტორი, არც სოფლის მეურნეობა, მაგრამ ასეთია ზოგადად კრემლის პოლიტიკა კავკასიისადმი: ის არ ქმნის სამუშაო ადგილებს, არ აძლიერებს ეკონომიკას, წარმოებას. კრემლის მიზანია კავკასიელების განდევნა კავკასიიდან.
http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268454348&fbclid=IwAR1rmfvJ2jUHWqck8Ttj1J6lLou3ke4YOaNzT-rROEIFQxlTEeeOGnXJ1Ps