Присоединение Абхазии вместо Юго-Эапада Украины - единственный путь для Путина предотвратить русскую революцию - моё интервью на грузинском журналу "Тбилиселеби"
რატომ არის პუტნისთვის რუსული რევოლუციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა აფხაზეთის შეერთება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაცვლოდ 2014-06-09
ნინო ხაჩიძე
მოვლენები ისე განვითარდა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი საპრეზიდენტო სავარძელს ნაადრევად გამოემშვიდობა. თავად აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც თანაუგრძნობენ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლას, დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათი თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მომავალი პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, რაულ ხაჯიმბა იქნება, რთული სათქმელია: ეს თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია თუ კიდევ ერთი ნაბიჯია უკან - რუსეთისკენ?! აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებს ებრაელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩთან ერთად მიმოვიხილავთ.
- პროგნოზირებდით, რომ მსგავსი რამ შეიძლება, მომხდარიყო და ანქვაბს დროზე ადრე დაეტოვებინა პრეზიდენტის სავარძელი?
- ეს ხომ პირველად არ ხდება?! ამ ტიპის, საკმაოდ ძლიერი მღელვარებები დაახლოებით ერთი წლის წინათაც იყო. ამ პერიოდში, იცით, რომ რუსეთს რამდენიმე მილიარდი რუბლი უნდა გადაეცა, მაგრამ მხოლოდ 2 მილიარდი გადასცა აფხაზეთს, ამიტომ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო მსგავისი მღელვარება. ამასთან, აფხაზეთის მოვლენებზე გავლენა მოახდინა უკრაინულმა პროცესებმა, რადგან ის პრობლემები, რაც აფხაზეთშია ძალიან ჰგავს იანუკოვიჩის მმართველობისას უკრაინაში არსებულ პრობლემებს: კორუფცია, კლანური მმართველობა, როდესაც რუსული დახმარების დიდი ნაწილი მცირე რაოდენობის ადამიანების ხელში ხვდება. ამდენად, ამის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, როგორია რუსეთის როლი ამ მოვლენებში. ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთს არ უყვარდა ანქვაბი და მას საკმაოდ დიდი ხანია, უთხრიან ძირს.
- რატომ არ უყვარდათ?! ყველა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არის ან იძულებულია, იყოს პრორუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ აიღებს ძალაუფლებას. ან ვთქვათ ხაჯიმბა რატომ არ იქნება კორუმპირებული, რა შეუშლის ხელს?
- საქმე მხოლოდ პრორუსულობა-არაპრორუსულობაში არ არის. გახსოვთ, რომ თავის დროზე რუსეთი მხარს უჭერდა ხაჯიმბას.
- ჯერ კიდევ ბაღაფშის პირველი არჩევნებისას.
- ამასთან, მხარს უჭერდა საკმაოდ უხეშად, მაგრამ მაშინ ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემი მოვიდა ხელისუფლებაში. რუსეთი ძალიან ხშირად თავის პოლიტიკაში არ ხელმძღვანელობს რაღაც სტრატეგიით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ანქვაბი რუსეთში არ უყვარდათ, თუმცა იტანდნენ. საინტერესოა, რა მოხდება, როდესაც ანქვაბი საბოლოოდ წავა და ხაჯიმბა გახდება პრეზიდენტი.
- თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ?
- ეს, ვფიქრობ, ნათელია და მაშინვე ის ფული, რაც არ იყო გადარიცხული ანქვაბის დროს, გადაირიცხება აფხაზეთში.
- იმას ამბობთ, რომ რუსეთმა გადარიცხვის შეჩერებით ხელოვნურად გააღვივა საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც ისედაც უკმაყოფილო იყო ანქვაბით?
- რუსეთში არის ფინანსური კრიზისი, არ არის ფული, ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია და ეგრეთ წოდებულ „გაზპრომის“ ჩინოვნიკებსაც კი დაუგვიანდათ ხელფასები. შესაძლოა, ფული მართლაც არ იყო და იმიტომ ვერ გადაურიცხეს, მაგრამ იქნებ ეს ხელოვნური გაჭიანურება იყო?! ამას უახლოეს ორ თვეში ვნახავთ, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ფულის არარსებობამ თავისი როლი შეასრულა აფხაზი საზოგადოების უკმაყოფილებაში. საქმე ისაა, ვინ ისარგებლებს ამ უკმაყოფილებით. ვხედავთ, რომ რუსეთმა ისწავლა აფხაზეთში კოლონიალური პოლიტიკა, იმიტომ რომ ის შეცდომები, რაც დაუშვა ბაღაფშის პირველი არჩევნებისას, აღარ გაუმეორებია. რუსეთი დღეს აფხაზეთში ძალიან ნატიფად იქცევა. საერთოდ, არ ჩანს რუსეთის საელჩო, თუმცა ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ არ ჩანს. ძალიან ინგლისურად მოქმედებს. რა მიზანი აქვს რუსეთს? ეს არის ყველაზე საინტერესო საკითხი, რადგან ყველაფერ ამის უკან რეალურად დგას რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ ანქვაბი თავისი წარმოშობით უცხოა რუსეთისთვის, ის იყო ქართული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ეს არ იყო სუფთა მოსკოვური სტრუქტურა, ხაჯიმბა იყო „კაგებეშნიკი“.
- და როგორც ამბობენ, „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ.
- „კაგებე“ მკაცრად კონტროლდებოდა მოსკოვის მიერ, ანუ, თუ ანქვაბი დაკავშირებულია თბილისთან, ხაჯიმბა იყო მოსკოვის კაცი. დადის ხმები, რომ მას აქვს „კაგებეს“ გენერლის რანგი. ანქვაბი არ იყო კრემლის ბოლომდე მარიონეტი და საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ფიგურასაც წარმოადგენდა.
- არც ისე ძლიერს, რომ ერთი ვადა მაინც მიეყვანა ბოლომდე.
- შეუძლებელია ძალაუფლების შენარჩუნება იმ სიტუაციაში, რომელიც აფხაზეთშია, როდესაც ბიუჯეტი მთლიანად მოსკოვის დოტაციაზეა, მიუხედავად ამისა, ის ბოლომდე მართვადი ადამიანი არ იყო. ის ეწინააღმდეგებოდა რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით; ნება არ დართო აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის რუსეთის მოქალაქეებს…
- რამდენად რეალურია, ამ მოვლენების რუსეთთან შეერთების თხოვნით დასრულება? და აქვს ამას რამე კავშირი 27 ივნისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან?
- უკრაინის მოვლენებმა ძალიან საინტერესო რამ აჩვენა: მგონია, პუტინი არ ტყუოდა, როდესაც თქვა, რომ ყირიმში ჯარის შეყვანისა და შეერთების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, რადგან რუსეთი უკრაინის დაშლაზე დიდი ხანია, მუშაობდა. უბრალოდ მათთვის მოულოდნელი იყო მაიდანთან და იანუკოვიჩთან დაკავშირებული მოვლენები და რუსეთი იძულებული გახდა იმპროვიზაციისთვის მიემართა. ეს რუსეთში არსებული მმართველობის ხარისხზე მიუთითებს, რადგან, წესით, ნორმალურ ქვეყანას, მით უმეტეს, ისეთ მძლავრ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, უნდა ჰქონდეს სხვა ვარიანტისთვის მოქმედების გეგმები. რუსებს ასეთი გეგმა არ ჰქონდათ, ეს ნიშნავს, რომ მათი მართვის სისტემა არასტაბილურ ფაზაში გადავიდა. უკრაინის მოვლენებს შეიძლება, ჰქონდეს შემდეგი შედეგები: ჯერ ერთი, პუტინი იძულებული გახდა, დაყრდნობოდა რუსეთის საზოგადოების ნაციონალისტურ ნაწილს, რასაც ის ყოველთვის გაურბოდა და რომელიც ყოველთვის ანტიპუტინური იყო; მეორე - პუტინის ავანტიურამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა რუსულ საზოგადოებაში, რაც ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია უკან დახევა. მან უკვე გამოაცხადა ნოვოროსიის - სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დაბრუნება. თუ რუსეთი არ შეიჭრა, ადრე თუ გვიან, ეს სეპარატისტული მოძრაობა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩაქრება და რუსეთის საზოგადოება პუტინს ანგარიშს წარუდგენს და ბრალს დასდებს, რომ მან ჩაახშო რუსული რევოლუცია ლუგანსკსა და დონეცკში. რადგან რუსული მედია ამას ასაღებს, როგორც სახალხო ამბოხს უკრაინული ხუნტის წინააღმდეგ. პუტინს უკრაინაში ჯარის შეყვანა არ შეუძლია, მაგრამ ამით უკრაინელებს მისცემს საშუალებას, ჩაახშონ სეპარატიზმი, რაც ნიშნავს, რომ სანაცვლოდ რუსულ საზოგადოებას რაღაც უნდა შესთავაზოს.
- და ეს არის აფხაზეთის მიერთება?
- დიახ. რუსები და უკრაინელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებით, რუსების უმეტესობას უბრალოდ არ ესმის, რა ხდება მაიდანზე. მაიდანი ეს არის თვითორგანიზებული ბარდაკი, ეს შეუძლიათ უკრაინელებს, მაგრამ რუსებს - არა და ამიტომ არ ესმით, რა მოხდა. შესაბამისად, ამის გამეორება მათ არ შეუძლიათ, ეს უცხოა რუსებისთვის, მაგრამ ის, რაც ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტიპური რუსული ბუნტია, რაც შეიძლება მოხდეს რუსეთშიც. კიევში შეიკრიბნენ უკრაინელები, გააგდეს პრეზიდენტი და აირჩიეს ახალი; ლუგანსკში შეიკრიბნენ რუსები, ჩამოაგდეს კიევის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი და დანიშნეს თავიანთი. თუ ეს შესაძლებელია დონეცკში, რატომ არ არის შესაძლებელი როსტოვში, ვოლგოგრადსა და მოსკოვში?! ახლა კი გამოვიდა, რომ აფხაზებმაც კი, რომლებიც, უკრაინელებისგან განსხვავებით, კარგები არიან, გააგდეს პრეზიდენტი. ის პრეტენზიები, რაც აფხაზებმა თავიანთ პრეზიდენტს წაუყენეს, შეიძლება, წაუყენო პუტინსაც და, თუ უკრაინელებს ეს შეუძლიათ კიევში, რუსებს - დონეცკსა და ლუგანსკში, აფხაზებს - სოხუმში, რუსებს რატომ არ შეუძლიათ მოსკოვში?! ნებიმიერი ტიპის ევოლუცია ლეგიტიმურია და ამაზე ლაპარაკობენ თვითონ რუსული მედიასაშუალებები. ვფიქრობ, რუსები ამის გაცნობიერებას იწყებენ: მათთვის ძალიან საშიშია, თუ აფხაზეთში მოხდება ასეთი რევოლუცია: ხალხი შეიკრიბება და აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ეს იქნება ძალიან საშიში რუსეთისთვის, პუტინისთვის.
- ეს ხომ უკვე მოხდა აფხაზეთში?
- ჯერჯერობით არა, ფინალური წერტილი არ დასმულა.
- ანქვაბი წავიდა.
- ეს მაინც დაუსრულებელი ისტორიაა, როდესაც დასრულდება, მაშინ ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით პროცესია და მოსკოვში ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ, რომ ამ მოვლენების უარყოფითი შედეგი აიცილონ თავიდან. ანქვაბის დაბრუნება შეუძლებელია; ამიტომ მეორე ლოგიკური გზაა - ჩართონ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში. თუ გამოვა, რომ აფხაზების გამოსვლის მიზანი იყო პრეზიდენტის ჩამოგდება, იმიტომ რომ უნდოდათ რუსეთთან, მაშინ პუტინისთვის აფხაზეთის მოვლენებს არანაირი უარყოფითი ეფექტი არ ექნება.
- მაგრამ აფხაზები წინააღმდეგნი არიან რუსეთთან მიერთების?!
- აფხაზებს თავი დავანებოთ, ერთადერთი ვარიანტი, რომ ამ უარყოფითი შედეგის ნეიტრალიზება მოხდეს, არის აფხაზეთის ჩართვა რუსეთის შემადგენლობაში, რომ რაღაცნაირად მოინელოს რუსმა საზოგადოებამ ლუგანსკის და დონეცკის მოვლენები.
- ეჭვი მაქვს, ეს ცხინვალის რეგიონის მიერთებით დასრულდება.
- მაგრამ ის ნაკლებად ცნობილია და ნაკლები წონაც აქვს.
- არ გამოდგება ამ თამაშისთვის?
- „იუჟნაია ოსეტია“ არ განიხილება მნიშვნელოვან მოთამაშედ. მთავარია, აფხაზურმა რევოლუციამ არ შეუშალოს პუტინს ხელი. აფხაზეთის მიერთებით გამოვა, რომ შავი ზღვის საკურორტო ზონა, სოჭი, ყირიმი, სოხუმი, ისევ რუსეთთანაა. მინი საბჭოთა კავშირის აღდგენა გამოდის.
- აქვს ამას კავშირი ჩვენ მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან?
- ხელმოწერა მოხდება, როცა მოხდება, მაგრამ მერკელმა თქვა, რომ მაფს საქართველო ვერ მიიღებს.
- დიახ და მან უკვე მეორედ აუნთო „მწვანე“ რუსეთს ჩვენს დასარბევად.
- თუ მაინც მოხდება, ეს დარტყმა იქნება პუტინისთვის და ის მზად უნდა იყოს. ამას გარდა, „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის მიერთება გაართულებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში. დასავლეთში კიდევ ერთხელ დაფიქრდება, ჰქონდეს თუ არა საქმე რუსეთთან. რატომ არ აკეთებდა ამას რუსეთი ადრე? იმიტომ რომ მოსკოვს ეშინოდა დასავლეთის სანქციების, მაგრამ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მიხვდა, რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. რუსები უკვე ღიად ლაპარაკობენ ორივეს მიერთებაზე, რაც ადრე არ ყოფილა, ახლა პროცესი მიდის.
- მაგრამ აფხაზებს არ უნდათ?
- ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.
- როგორ?
- რუსეთის იმპერიამ ძალიან კარგად გადაჭრა ეს პრობლემა, ისინი თითქმის არასდროს უწევდნენ ანგარიშს თავიანთ მოსახლეობას. თუ ისინი მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, მათთვის აფხაზების ფაქტორი უკანასკნელ როლს შეასრულებს.
- ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი ეს?
- რუსეთის მმართველი ელიტის წევრისთვის ხალხები უბრალოდ არ არსებობს. 100 000 აფხაზისთვის გამოდგება რუსული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაცადი მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა. ისინი ამ ინსტრუმენტს ყოველთვის წარმატებით იყენებდნენ. ჩეჩნებსაც არ უდოდათ რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ...
- ამას ნახევარი ჩეჩნეთი შეაწყდა.
- აფხაზების გაწყვეტაც შეიძლება, უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ ვიმეორებ, თუ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთისთვის აუცილებელია თავის შემადგენლობაში აფხაზეთის ჩართვა და აფხაზეთში ეს საკითხი, როგორც მინიმუმ, განიხილება, „ეფესბე“ და რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ დავალებას, გადაწყვიტონ ეს პრობლემა: ან თაფლაკვერის მეთოდს გამოიყენებენ, აფხაზურ არა მხოლოდ ელიტას დაჰპირდებიან ბევრ რამეს და არაფერს გაუკეთებენ, მათხარისთვის კი არის „ეფესბე“, რომელსაც არ დავიწყებია მუშაობა სხვანიარად მოაზროვნეებთან. ერთი სიტყვით, რუსეთს საკმარისი ბერკეტები აქვს აფხაზების გასანეიტრალებლად.
- ცნობილია, რომ ანქვაბთან ოპოზიციის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზი გალელი ქართველების თემაა. მათ რა როლი აქვთ ამ თამაშში: გამოყრიან, დატოვებენ, უფლებებს აჰყრიან?
- შეიძლება გამოყარონ, შეიძლება - დახვრიტონ ან მთვარეზე გაუშვან, როგორც გითხარით, ადამიანები არ არის ფაქტორი რუსეთისთვის. ჩემი აზრით, თუ რუსეთმა გადაწყვიტა „იუჟნაია ოსეტიას“ და აფხაზეთის მიერთება, ეს საკითხი გადაწყდება ერთ თვეში. თვალშისაცემია, რომ ძალიან სწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსული მხრიდან აფხაზეთ-საქართველოს მიმართულებით მუშაობან: ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერის გამო ზედმეტი ხმაურის ატეხვა არ იყო მომგებიანი რუსეთისთვის. ამაზე პასუხი არის აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ ანექსია, ამისთვის საქართველო უნდა დასჯილიყო!
http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=268441572&year=2014&rubr_id=1&jurn_id=23